“მაშინ როდესაც უკრაინელი ხალხის ტანჯვას ბოლო არ უჩანს, დუმილი უადგილოა. დუმილი უმოქმედობას ნიშნავს; მთელი მოდის ინდუსტრია ახლა უნდა გაერთიანდეს და უკრაინის სუვერენული სახელმწიფოსადმი მხარდაჭერა გამოხატოს,” – ვკითხულობთ Materiel-ის განცხადებაში, რომელიც ერთ-ერთია იმ ქართულ ბრენდებს შორის, რომელიც რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესიის მიმდინარეობისას, უკრაინას გვერდში უდგას.
საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ისეთმა კონგლომერატებმა, როგორებიცაა: Kering და LVMH და ასევე არაერთმა მოდის სახლმა (Prada, Balenciaga, Chanel, Louis Vuitton და ა.შ.) ომის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად სხვადასხვა ორგანიზაციებში სოლიდური დონაციების განხორციელების გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის მსოფლიოს სასურსათო პროგრამაში (WFP), გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში (UNHCR) და გაეროს ბავშვთა ფონდში (UNICEF). ისინი უკრაინას მხარდაჭერას ღიად უცხადებენ, თუმცა რუსეთის ბაზარზე კვლავ რჩებიან.
ქართველი დიზაინერების ნაწილი უკრაინის მიმართ სოლიდარობას უპრეცედენტო ფორმით ავლენს. ისინი გმობენ რუსეთის მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს და ამის საჩვენებლად ქმედით ნაბიჯებს დგამენ.
ლადო ბოკუჩავა ყოველგვარ პარტნიორობას წყვეტს რუსულ კომპანიებთან, საცალო მოვაჭრეებთან და ინდივიდუალურ მომხმარებლებთან. “ჩვენ თბილისში, საქართველოში დაფუძნებული ბრენდი ვართ და კარგად გვესმის რა არის აგრესიული რუსული პოლიტიკით გამოწვეული ომის მტკივნეული გამოცდილება,” – აღნიშნულია ბოკუჩავას ბრენდის განცხადებაში.
ალექსანდრე ახალკაციშვილი გაყიდვებს აჩერებს რუსეთში. როგორც გუნდის წევრები აღნიშნავენ, გადაწყვეტლება ეფუძნება თავიანთ მორალურ ღირებულებებს და ამით ისინი პატივისცემას გამოხატავენ უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებში ჩართული ადამიანების მიმართ.
მატერიელი თიკო პაქსაშვილის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით რუსეთთან ყოველგვარ ბიზნეს პარტნიორობას წყვეტს. არსებულ ვითარებაში მოდის სახლი რუსეთში თავისი პროდუქციის ექსპორტს აღარ განახორციელებს. გარდა ამისა, მატერიელი უკრაინის საელჩოსთან და წითელ ჯვართან თანამშრომლობით უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.
გიორგი ქებურია რუსეთიდან შეკვეთების მიღებას აჩერებს. გარდა ამისა, უკრაინის მხარდასაჭერად ბრენდი 3000 ევროს გაიღებს და გააგრძელებს დამატებითი ფულადი სახსრების მოძიებას. ამისთვის ის, პირველ რიგში, დიდი ზომის უნიკალური ქუდების გაყიდვას იწყებს, რომელთა შეძენაც ქებურიას ვებ-საიტზე 3000 ევროდ არის შესაძლებელი. ორი კვირის განმავლობაში გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებას.
ლადო ბოკუჩავა
ალექსანდრე ახალკაციშვილი
Materiel
გიორგი ქებურია