ტომ ფორდმა ავტობიოგრაფიული წიგნი Tom Ford 002 გამოუშვა, რომელშიც სახელგანთქმული დიზაინერი და რეჟისორი თავისი ცხოვრების გასულ 15 წელზე წერს – როგორი იყო მისი ცხოვრება და კარიერა გუჩის მოდის სახლიდან წამოსვლის შემდეგ. ამ ფაქტთან დაკავშირებით ფორდმა თიმ ბლენქსს ახალი ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავისი წიგნის გარდა სხვა არაერთ საინტერესო თემას შეეხო.
Cancel კულტურა
“სანამ რამეს გააკეთებ, ჯერ კარგად უნდა აწონ-დაწონო. უნდა დაფიქრდე, ხომ არ იქნება ვინმესთვის შეურაცხმყოფელი ან არასწორად გაგებული. რა თქმა უნდა, დიზაინერები სხვადასხვა კულტურებისგან ყოველთვის ვსესხულობდით რაღაცებს, მაგრამ ეს მაშინ იმ კონკრეტული კულტურის აღიარებად და პატივისცემად მიიჩნეოდა. როცა რამეზე ვფიქრობდი რომ ლამაზი იყო, მინდოდა ის ყველასთვის მეჩვენებინა. ახლა კი ორჯერ უნდა დაფიქრდე, რადგან ის შესაძლოა კულტურულ მისაკუთრებად ჩათვალონ. თუ რაღაც შენს საკუთარ კულტურას არ წარმოადგენს, მას ვერ შეეხები. ივ სენ ლორანი ვეღარ შეძლებდა ჩინურ თუ გლეხების თემატიკაზე კოლექციების შექმნას. დღევანდელ მსოფლიოში ვინ მისცემდა საშუალებას ‘peasant’ კოლექცია გაეკეთებინა? ძალიან ბევრი რამ არის, რაც ვეღარ შეიქმნებოდა, მაგრამ, ამავდროულად, ეს ცვლილება საჭირო იყო.”
Tom Ford Fall 2019 © WWD
რას ნიშნავს ასაკის მატება 60 წლის ფორდისთვის
”როცა ორმოცი წლის გავხდი, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ტრავმული პერიოდი დაიწყო. სწორედ მაშინ ჩავვარდი დეპრესიაში, რაც რვა თუ ცხრა წელი გაგრძელდა. ორმოცი წლის ასაკში უკვე ძალიან წარმატებული ვიყავი, ბევრი ფული და არაერთი სახლი მქონდა. რასაც მინდოდა ყველაფერს მივაღწიე, მერე კი დავიწყე ფიქრი: “კარგი, სულ ეს არის?” ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები დამეწყო, რასაც თავი ჩემი 40-იანების მიწურულს დავაღწიე. 40 წლის ასაკი ძალიან რთული აღმოჩნდა, 50 კი – საერთოდ არა. ბუნებრივია, ამ თავების გავლის შემდეგ იწყებ ფიქრს, რომ მესამე მოქმედებაში გადადიხარ. შემდეგ უკან იყურები და სხვამ კითხვებს: “ახლა რისი გაკეთება მინდა? რისი კეთების გაგრძელება აღარ მსურს? ჩემი ცხოვრების რა ეტაპზე ვარ? აქამდე რა გამიკეთებია?” წიგნმა საშუალება მომცა ამ ყველაფერისთვის სუპერყდა მიმემაგრებინა, პატარა ლამაზ ყუთში მომეთავსებინა და შემდეგ თავზე გადავსულიყავი.”
ახალ თაობაში განსხვავებების შემჩნევა
“ყველა თაობის შემთხვევაში ასე მოხდა. მე-18 საუკუნიდან რამეს თუ წაიკითხავ, აღმოაჩენ, რომ 60 წელს გადაცილებული ადამიანები ამბობენ, რომ არ ესმით ახალგაზრდობის. ან შეგიძლია ნახო, რომ The Beatles-თან დაკავშირებით, უფროსი ასაკის თაობას სხვა რეაქცია აქვს. ეს ნორმალურია. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ტრანსფორმაცია სრულიად განსხვავებულია, რადგან გონების გარდაქმნას გულისხმობს. ჯეკი (ტომის 9 წლის შვილი) თავის ასაკში, რა თქმა უნდა, არ იყენებს სოციალურ ქსელებს – და მეშინია იმ დღის, როცა დაიწყებს – მაგრამ ვირტუალურ რეალობაში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს. შემდეგ ვაძალებ, რომ მას თავი დაანებოს და საცურაოდ ან ჩოგბურთის სათამაშოდ, სარბენად წავიდეს და როგორც ჩვენ ვეძახით – “რეალურ” სამყაროში იცხოვროს. მაგრამ იქნებ ეს არ იქნება მისი რეალური სამყარო? ვაფერხებ მას თუ საშუალებას ვაძლევ თავისი დროის ნაწილი იყოს? მის დროში, რაც არ უნდა შექმნას, რა წვლილიც არ უნდა შეიტანოს მისმა თაობამ ისტორიაში ან ადამიანური რასის განვითარებაში, საფუძველი სწორედ აქედან, მათი ბავშვობიდან იწყება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი დრო არ არის. მიმაჩნია, რომ ტექნოლოგიასთან ჩვენს კავშირზე ხაზი გაივლება. ეს განსხვავებული მუსიკის მოსმენას ან სხვანაირი ტანისამოსის ტარებას არ ჰგავს. ეს ადამიანის გონების განვითარების აბსოლუტური ცვლილება და ვირტუალური რეალობის მიმღებლობაა, რომელიც შესაძლოა რ ე ა ლ ო ბ ა გახდეს. რეალობა, რომელიც მისსა და იმ ბავშვების გონებაში წარმოიშვა, რომლებიც Minecraft-ს თამაშობენ. მართალია ჩვენ, ვინც 40 ან 45 წელს ვართ გადაცილებულები, გვაქვს შესაძლებლობა გამოვიყენოთ სოციალური მედია, ტექნიკურ საკითხებში გავერკვეთ, მაგრამ ჩემი გონება ჯეკისაზე ბევრად განსხვავებულად არის მოწყობილი.”
მოდა, როგორც უკვდავების ილუზია
“ჩემი აზრით, მთელი ჩვენი კულტურა ემსახურება მცდელობას, ვგრძნობდეთ, რომ არ მოვკვდებით. სიკვდილი ჩვენს კულტურაში თითქმის სამარცხვინოა. გვინდა, მას სწრაფად გავერიდოთ და სვლა განვაგრძოთ. ვფიქრობ, ის ყველას აშინებს. ახალი რამეების ყიდვა კი საკუთარი თავის მუდმივი აღდგენის საშუალებაა. როცა ასაკი მოგემატება, შეგიძლია ახალი ლამაზი წყვილი ფეხსაცმელი ჩაიცვა. ქალს შეუძლია ფრჩხილის ლაქი წაისვას, თავი მშვენიერი სამკაულით შეიმკოს და როცა თავის ხელს დახედავს, საამო გრძნობა დაეუფლება. როცა დაბლა დაიხედავ, შეამჩნევ, რომ ფეხსაცმელები იდეალურ მდგომარეობაშია, გაპრიალებული და ახალია. ეს განცდის საშუალებაა… ‘უკვდავი’ არ არის სწორი სიტყვა… ეს არის საშუალება უარყო მოკვდავობა იმით, რომ მუდმივად ანახლებდე საკუთარ თავს. თუმცა ჩვენს კულტურას უნდა წარმოიდგონოს, რომ სიკვდილი არ არსებობს.”
Tom Ford © CFDA
რა ბედი ელის ტომ ფორდის ბრენდს ტომ ფორდის გარეშე
“ამის წარმოდგენა შეუძლებელია. ჩემთვის ის, რაც სხეულის აქცენტირებას ახდენს, მგრძნობელობა და სამოსია. ჩემზე ყველა ამბობს, რომ სექსუალური დიზაინერი ვარ. მაგრამ მე არ ვცდილობ, ვიყო “სექსუალური დიზაინერი.” მომწონს ადამიანის სხეული, როცა რაღაცის კეთებას ვიწყებ მხედველობაში მაქვს, რომ ყველას მოსწონს, როცა “თავისი წელი ასე გამოიყურება, მხრები კი ისე.” ჩემი დიზაინ პროცესი ინტუიციურია, საბოლოო შედეგს კი სექსუალურს ეძახიან. მაგრამ არასდროს გეცოდინება რა შეიძლება მოხდეს შენს კომპანიაში, როცა მოკვდები. როგორ გგონიათ, იუბერ დე ჟივანში წინასწარ განსჭვრეტდა ‘Givenchy’-ის მომავალს? შენ მასზე კონტროლი აღარ გაქვს, მკვდარი ხარ. გამოჩნდება Tom Ford-ის მარკით ძაღლის საჭმელი სუპერმარკეტში? წარმოდგენა არ მაქვს რას უზამენ ჩემს სახელს.”
მოდის რწმენის შენარჩუნება პანდემიის დაწყების შემდეგ
“მოდის მიმართ ჩემი რწმენა არასოდეს შერყეულა. შესაძლოა თავს არც ისე შემოქმედებითად ვგრძნობდი. როდესაც სახლში გიწევს ყოფნა, არსად გადიხარ, ვერაფერს ნახულობ, გარე სამყარო ვერ შთაგაგონებს და ეს მისია მხოლოდ ტელევიზიას ეკისრება, ამოცანაც რთულდება. მაგრამ მოდის მწამს, აბსოლუტურად.”