„თავიდანვე გვინოდა, რომ გლობალურად გვეფიქრა. არასდროს გვდომებია ისეთი რამის წარმოება, რაც მხოლოდ საქართველოსთვის იქნებოდა კარგი. ჩვენი მთავარი განაცხადი ის არის, რომ ხალხს მისი ჩაცმა ყველგან შეუძლია. როგორც შემოქმედს, არ მჯერა საზღვრების არსებობის, ამიტომ მინდა შევქნა ტანსაცმელი, რომელიც ყველასთვის იქნება განკუთვნილი.“

ეს ირაკლი რუსაძის სიტყვებია, რომელიც Dazed – ს ჯერ კიდევ 2017 წელს უთხრა. 2020 წელს რუსაძის ნამუშევრები Net-A-Porter – ზე, Browns – სა და Dover Street Market – ში იყიდება, ბელა ჰადიდით დაწყებული და კიმ კარდაშიანით დამთავრებული არაერთი გავლენიანი სელებრითი მისი ბრენდის სამოსით თავს იწონებს და პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალური განრიგის პრესტიჟულ სახელებს შორის სიტუაციონისტსაც ვხვდებით.

Situationist SS21 “Unseen Heritage” © Davit Giorgadze

სიტუაციონისტი ირაკლი რუსაძემ დავით გიორგაძესთან ერთად 2015 წელს დააფუძნა. ბრენდის განვითარება ქართული მოდის ინდუსტრიის აღმავლობის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს ემთხვევა. დროს, როცა დემნა გვასალიას ფაქტორი საქართველოს მოდის საერთაშორისო რუკაზე გამოჩენას უწყობს ხელს და მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დამსახურებით ადგილობრივ დიზაინერებს უკვე საერთაშორისო მასშტაბით ეცნობიან.

გარდა იმისა, რომ სიტუაციონისტი მოკლე დროში საერთაშორისო ბრენდად იქცა, ის მაინც ქართულ მემკვიდრეობას ეფუძნება და არ აქვს მნიშნელობა ჩვენება მილანში გაიმართება თუ პარიზში, ის მსოფლიოს ქართულ ენაზეც ესაუბრება.

მიმდინარე, 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან ათი ახალი სახელია წარმოდგენილი. სწორედ მათ შორის არის სიტუაციონისტიც. კვირეული 28 სექტემბერს დაიწყო და მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე ციფრულ ღონისძიებებს.

ციფრული იყო სიტუაციონისტის შეთავაზება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან მოდურ ღონისძიებაზე. კოლექციის პრეზენტაცია პარიზის მოდის კვირეულზე საქართველოში გადაღებული ფილმის სახით შედგა. სალომე ფოცხვერაშვილის ნამუშევარში ვხედავთ, გოგონებს, რომლებიც სიტუაციონისტის სამოსში გამოწყობილები ბოსტნეულს არჩევენ, ადგილობრივ ქალს, რომელსაც უკვირს კაბაში ჩაცმული ბიჭი, ბრენდის დიზაინს ხატების ფონზე და გაჩერებაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინში. ამ შემთხვევაში მთავარ როლში ის ხალხი გვევლინება, რომელსაც სიტუაციონისტი არ აცვია.

„ფილმი მზიან საქართველოში მცხოვრები ხალხის ნამდვილ ემოციებს და შთაბეჭდილებებს ასახავს მაშინ, როცა 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას აწყდებიან. ისინი განსხვავებულად აღიქვამენ სიახლეს და ორიგინალურ იდეებს, ზოგჯერ ნეგატიურად, მაგრამ მაინც გულწრფელად. არაფერი არ არის დადგმული. ყოველი ინტერაქცია ნამდვილი და სპონტანურია.“

Situationist გაზაფხული/ზაფხული 2021