ერთგვარი პარადოქსი იქმნება, როდესაც რეალობაში პრაქტიკული ხდება ის, რაც მისგან თავის დაღწევაში გეხმერება, მიმდინარე ყოფას გავიწყებს და ხშირად ალტერტანიტიული სინამდვილეც კი ხდება. ხელოვნება უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის შეხედულებების ჩამოყალიბებაზე და საზოგადოების განვითარებაზე. ის ყველაზე მშვენიერი ილუზიაა ილუზიათა შორის. როგორც ყველა ნახატი არ გამოდგება ხელოვნების ნიმუშად, ყველა კომპოზიცია ვერ იქნება შედევრი და ყველა ფილმი განსაკუთრებული ღირებულების მქონე, ასევე ვერ იქცევა ყველა დიზაინერის თუ ფსევდო-დიზაინერის ნამუშევარი სამუზეუმო ექსპონანტად. მოდა თავისი არსით არ არის ხელოვნების დარგი, მაგრამ ნამდვილ მოდას ხელოვანები ქმნიან, რომელთა შემოქმედებაც ადამიანის სხეულის შემდეგ თავის ადგილს მუზეუმში ჰპოვებს და მუდმივად აოცებს მნახველს. იმ არტისტების საშუალებით, რომლებიც ათწლეულებია დიზაინერებად გვევლინებიან, მოდა ხელოვნებად აღიქმება, რომლის ტარებითაც მისი ნაწილი ხდები, რადგან საკუთარი თავით წარმოაჩენ და მასში ცხოვრება გიწევს. ხაზი იმასაც უნდა გაესვას, რომ მატერიალური შემოქმედებით აღფროვანების აუცილებელი პირობა მის ფლობაში არ მდგომარეობს.

მოდა ცალკე არასდროს დგას. მას ყველაფერთან აქვს კავშირი, რაც ხალხის ცხოვრებაში გარკვეულ როლს ასრულებს. რეფერენსები ყოველთვის აშკარა არ არის, ზოგჯერ კი ნათლად იკვეთება. მხატვრების შემოქმედება არაერთხელ გამხდარა მოდის დიზაინერების სამიზნე. ვის არ უნახავს ივ სან ლორანის და პიტ მონდრიანის ხედვათა შერწყმა და ვინ არ გაუოცებია შედეგს. როგორ შეიძლება ვივიენ ვესტვუდის შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო დეტალად არ ჩაითვალოს 1990 წელს კორსეტზე გამოსახული ფრანსუა ბუშეს ნამუშევარი. მოთხოვნა, რომელიც ჯეფ კუნსის და ლუი ვიტონის თანამშრომლობით შექმნილ ჩანთებზე იყო ცხადყოფს ფაქტს, რომ ხალხისთვის მისასალმებელია ასეთი გადაწყვეტილებები. რაფ სიმონსის კელვინ კლაინს ენდი უორჰოლის მემკვიდრეობამ განსაკუთრებული ხიბლი შესძინა. საერთო ფონი კი უამრავ მაგალითს მოიცავს ამ თემაზე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისევ ის არის, რომელიც პირველი იყო და ეს მაშინ მოხდა, როდესაც მოდაში სიურეალიზმი შემოიჭრა.

სალვადორ დალის და ელზა სკიაპარელის თანამშრომლობას მიუჩია პრადამ ამ კუთხით ერთადერთი რელევანტური ექსპერიმენტი უწოდა, რომელსაც გარკვეული მნიშვნელობა, აზრი ჰქონდა. თავად სალვადორი, რომელიც თვლიდა, რომ ხელოვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა შეჭრილიყო, მოდის მნიშვნელობას ასე ხსნიდა:

„ცხოვრების მუდმივი ტრაგედია მოდაა, სწორედ ამიტომ მომწონდა მადამ სკიაპარელთან თანამშრომლობა. უბრალოდ მინდოდა დამემტკიცებინა, რომ თავად შემოსვის იდეა, თვითონ შენიღბვის აზრი მხოლოდ დაბადების ტრავმატული გამოცდილების შედეგი იყო, ის კი ყველა ტრამვაზე უფრო ძლიერია მათ შორის, რომელსაც ადამიანი გამოცდის, რადგან პირველია.“

ელზა არ იყო პირველი და უკანასკნელი პიროვნება, რომელიც დალის მოდასთან აკავშირებდა. მანამდე მან კოკო შანელი გაიცნო, რომელმაც სამოსის დიზაინის მიმართ ინტერესი გაუჩინა, რაც საბალეტო წარმოდგენის Bacchanale-სთვის და საოპერო დადგმის Tristan Fou-სთვის კოსტუმების შექმნაში გამოიხატა. კრისტიან დიორთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. ქმნიდა სამკაულებს, სუნამოების ბოთლებს. აკეთებდა ესკიზებს, რომელთა მიხედვითაც 1965 წელს ჯეკ ეი. უინთერმა საცურაო კოსტუმების და სპორტული სამოსის კოლექციაც შექმნა, რომელიც მასობრივ წარმოებაში არ ჩაშვებულა.

SALVADOR DALI FASHION DRAWINGS, CERTIFIED BY ROBERT DESCHARNES

დალი ჰარპერს ბაზარისთვისაც მუშაობდა და მისი ნამუშევრები 30-40-იან წლებში მოდის ბიბლიად წოდებულ ვოგის ყდებს ამშვენებდა. აფორმებდა მაღაზიის ვიტრინებსაც. 1936 წელს ნიუ-იორკში Bonwit Teller-ში შეხედვისას შესაძლებელი იყო დალის შავ კაბაში გამოწყობილი მანეკენის დანახვა, რომლის თავიც წითელი ვარდებით იყო გაკეთებული და გვერდით კიბორჩხალას ტელეფონი ედო.

Vogue April 1944 Cover by Salvador Dali

მაგრამ დალი თავის ინტერესს ამ სფეროს მიმართ ყველაზე მეტად საკუთარი თავით გამოხატავდა, თავისი იმიჯით და სტილით. მას სწორედ იმ მიმდინარეობის თვისებები ახასიათებს, რომლის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელიცაა. ის უჩვეულო და წინააღმდეგობრივი იყო. მისი სახე საკულტო გახდა და ისეთი ადამიანებიც დაასახელებენ მის ვინაობას, რომლებიც დალის შემოქმედებას არ იცნობენ. უკან გადაწეული შავი თმა, გრძელი აწეული ულვაშები და ფართოდ გახელილი თვალები – ეს სალვადორ დალია! მისი ეპატაჟური, ექსცენტრიული და პროვოკაციული, ამასთანავე გენიალურად მიჩნეული პერსონა ყოველთვის სალაპარაკოს აძლევდა საზოგადოებას. ის ფაქტი, რომ მისთვის სამოსი მხოლოდ სხეულის დასაფარი საშუალება არ იყო ნათელი მაშინ გახდა, როდესაც ლექციის ჩასატარებლად წყლის ქვეშ ჩასაყვინთად განკუთვნილი კოსტუმით და ჩაფხუტით (რომლის მოხსნაც ჰაერის უკმარისობის გამო მოუწია) გამოცხადდა. ბილიარდის კია და ორი რუსული მწევარი თან რომ ახლდა შეიძლებოდა აქსესუარებადაც აღქმულიყო. რას ნიშნავდა მისი ასე გამოცხადება? როგორც მხატვარმა აღნიშნა, ასეთ ფორმაში გამოხატავდა თავის სურვილს, რაც იმას გულისხმობდა, რომ უნდოდა ადამიანის გონებაში ღრმად ჩაეყვინთა.

Salvador Dali 

ყოფილა შემთხვევა, როდესაც თავისი ჩაცმულობის გამო ბოდიშის მოხდაც დასჭირვებია. იმ პერიოდში, როდესაც სასამართლო ლინდბერგის ბავშვის საქმეს განიხილავდა, ნიუ-იორკში დალის და თავისი ცოლის, გალას, საპატივცემულოდ მასკარადი მოეწყო. საღამოზე ცოლ-ქმარი როგორც ლინდბერგის ბავშვი და მისი გამტაცებელი, ისე გამოეწყვნენ, რამაც, ბუნებრივია, ყველა აღაშფოთა.

„მე თავად ვარ სიურეალიზმი.“

სალვადორ დალი

ელზა სკიაპარელის სახელი დღეს ისეთი ცნობილი არ არის, როგორც მისი მთავარი მეტოქის, კოკო შანელის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს მისი მოღვაწეობა ნაკლებად მნიშვნელოვანია. „ის იტალიელი არტისტი, რომელიც კაბებს კერავს,“ როგორც სკიაპარელი შანელმა ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია, არის პირველი, რომელმაც მაღალ მოდაში ელვა შესაკრავები წარადგინა, შექმნა კომბინიზონი, ქსოვილზე გაზეთის პრინტი წარმოადგინა, მუსიკის თანხლებით შოუ გამართა, კოლექციები კონცეპტუალური თემებით აჩვენა, მოდა მისი მხიარული მხარის გამოვლენით უფრო გაახალისა, ამ სფეროში შემოსასვლელად სიურეალიზმს კარი გაუღო და ეს ყველაფერი მაინც არ არის. მისთვის დიზაინერობა პროფესია არ იყო, არამედ ხელოვნება. „მას ყველაზე რთულ და არადამაკმაყოფილებელ ხელოვნებად ვთვლი, რადგან მაშინვე, როდესაც კაბა დაიბადება უკვე წარსულის კუთვნილება ხდება,“ – ამბობს სკიაპარელი. „კაბას დამოუკიდებლად ცხოვრება არ აქვს, სანამ არ ჩაიცვამენ და სანამ ეს მოხდება სხვა პიროვნება წაიღებს შენგან, გააცოცხლებს ან შეეცდება მაინც, განადიდებს ან გაანადგურებს, ან სილამაზეზე ნამღერად გარდაქმნის. უფრო ხშირად ის ინდიფერენტული ობიექტი ხდება, იმის საცოდავი კარიკატურაც კი, რად ყოფნაც გინდოდა–ოცნების, გამოხატულების.“

ოცდაათიან წლებში პარიზი შემოქმედებით ცხელ წერტილს წარმოადგენდა, რომლის ეპიცენტრშიც მაღალ საზოგადოებაში გარეული სალვადორ დალი და ელზა სკიაპარელი იმყოფებოდნენ. „იმ მოსაწყენი რეალობის მიღმა, რომელიც უბრალოდ გასაყიდად გამიზნული კაბის შექმნაში მდგომარეობდა, გაგებას და მხარდაჭერას გრძნობდა,“ – წერს კოკო შანელი თავის ავტობიოგრაფიაში ელზას სტატუსზე. სალვადორისთვის ოცდაათიანი წლების პარიზი სიმბოლურად გამოხატული იყო „არა Place Blanche-ზე მდებარე კაფეში გამართული პოლემიკებით სიურეალიზმზე ან ჩემი შესანიშნავი მეგობრის, რენე კრეველის სუიციდით, არამედ ტანსაცმლის კერვის დაწესებულებით, რომელიც ელზა სკიაპარელს Place Vendôme-ზე უნდა გაეხსნა,“ – ამონარიდი „სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრებიდან.“

სალვადორი და ელზა თავიანთ მოედანზე უკვე წარმატებული მოთამაშეები იყვნენ როცა ერთმანეთს შეხვდნენ. დალიმ სკიაპარელი ისეთი არტისტების საშუალებით გაიცნო, როგორებიც არიან: კოქტო, მაგრიტი და მან რეი. ცნობილი არ არის სად შეხვდნენ პირველად ერთმანეთს. „მათი შეხვედრა წვეულებაზე წარმომიდგენია, რომელიც პარიზის გარეთ მდებარე ერთ-ერთ ცნობილ სასახლეში გაიმართა,” – ასე წარმოიდგენს მათ შეხვედრას დალის მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორი ჰენკ ჰაინი. ორივე დაინტერესებული იყო ირონიის და შოკის ეფექტით და რაღაც ახლის შექმნისკენ მიისწრაფოდნენ. ამ ორი გენიალური არტისტის ძალების გაერთიანება იყო დასაბამი მოვლენისა, როდესაც ხელოვნება მოდას ხვდება, რისი რეზულტატიც მის მნიშვნელობაზე არსებულ წარმოდგენას ეწინააღმდეგება, რადგან მოსახმარი ფუნქცია ენიჭება.

1936 წელს ელზამ და სალვადორმა სიურეალიზმით შთაგონებული პიჯაკების და ქურთუკების ხაზი შექმნეს. დალის ნამუშევრის The Anthropomorphic Cabinet-ის გავლენით, რომელზეც ქალის სხეული უჯრებად გარდაიქმნება, შეიქმნა სამოსი, რომლებზეც უჯრების მსგავსი ჯიბეებია წარმოდგენილი, ღილები კი უჯრის სახელურის იმიტაციაა.

Schiaparelli bureau-drawer suit
By Cecil Beaton
© Cecil Beaton Studio Archive at Sotheby’s

მათი  თანამშრომლობით 1937 წელს შეიქმნა თეთრი აბრეშუმის კაბა დიდი წითელი კიბორჩხალას გამოსახულებით. დალის კაბაზე ნამდვილი მაიონეზის გამოყენებაც უნდოდა, რაზეც ელზამ უარი უთხრა. კიბორჩხალა დალის შემოქმედებაში სექსუალურობასთან დაკავშირებულ თემებს გამოხატავს და ფართოდ არის გამოყენებული.

The Schiaparelli “lobster” dress 
© Philadelphia Museum of Art

ამ კაბამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა, როდესაც ვოგის ფოტოსესიისთვის ის ვოლის სიმპსონმა ჩაიცვა. იმ პერიოდში ამერიკელი სიმპსონი თავის მეორე ქმართან განქორწინებისთვის ემზადებოდა. მის ცოლად შერთვას ინგლისის მეფე ედვარდ VIII აპირებდა, რომელსაც სიყვარულის გამო გვირგვინის დათმობაც მოუწია, რადგან ბრიტანეთისთვის მისი სიმპსონთან ქორწინება დაუშვებელი იყო. ამერიკული ვოგის გვერდებზე გამოქვეყნებული სესილ ბიტონის გადაღებული ფოტოები, რომლებზეც უინძორის ჰერცოგობას დასჯერებული ყოფილი მეფის მეუღლეს, ვოლის სიმპსონს, კიბორჩახალას პრინტიანი კაბა ეცვა, მსოფლიოს გარკვეულ მესიჯს უგზავნიდა.

The Duchess of Windsor wearing the “lobster” dress (1937)
Cecil Beaton
© Cecil Beaton Studio Archive at Sotheby’s

1937 წლის ზამთრის სეზონიდან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ფორმის ქუდის შთაგონების წყარო დალის ფოტოა, რომელიც მას თავისმა ცოლმა გალამ გადაუღო 1933 წელს. მასზე მას ერთი ფეხსაცმელი თავზე უდევს, მეორე კი – მხარზე. ეს ქუდი ორი შემოქმედის განხორციელებული აბსურდული იდეა იყო, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა.

Schiaparelli shoe hat (1937)
Man Ray
© MAN RAY TRUST / Adagp, Paris 2016

1938 წელს Tears Dress შეიქმნა. კაბის ინსპირაცია დალის ნახატი „Three Young Surrealist Women Holding In Their Arms The Skins Of An Orchestra“  იყო. პატერნი ქსოვილის ჩამოხეულ ნაწილებს ჰგავს. ის სამგლოვიარო კაბაა, რომელსაც თან გრძელი ვუალი ახლავს და იმ პერიოდის ქაოსში გახვეულ და გარდაუვალი კომფლიქტური სიტუაციების მომლოდინე ევროპას ეხმიანება.

The Schiaparelli “tear” dress
© Philadelphia Museum of Art

დალის ნახატს ეფუძნება ასევე 1938 წელს შექმნილი ჩონჩხის შავი კაბაც, რომელზეც ადამიანის ნეკნების, ხერხემლის და მენჯის ძვლების იმიტაცია იქმნება.

„ჩემთვის ის მოდის მნიშვნელობას განასახიარებს და წარმოაჩენს თუ რატომ არის ჩვენთვის ასეთი საინტერესო და სერიოზული,“ – ამბობს ჰაინი. „რასაც ვიცვამთ გარკვეულწილად ყოველთვის გამოხატავს იმას, რასაც შინაგანად ვგრძნობთ— ეს ინტერიერის გარეგანი გამოვლინებაა.“

Schiaparelli “skeleton” dress 
© Philadelphia Museum of Art

სამოსის დიზაინის გარდა დალის და სკიაპარელის თანამშრმლობით პარფიუმერიის ბოთლებიც შეიქმნა, მათ შორის არის 1946 წელს სუნამო Le Roy Soleil-სთვის ბაკარას კრისტალური შეფუთვა.


“Le Roy Soleil” perfume bottle by Schiaparelli
Design by Salvador Dalí
© Schiaparelli archives

სიურეალიზმით გამოვლენილი ადამიანური ობსესიები შემდგომში არაერთი დიზაინერის ინტერესის სფეროში მოექცა. ამ მიმდინარეობამ გავლენა იქონია ივ სან ლორანის და კარლ ლაგერფელდის მსგავს დიზაინერებზეც.

დღეს, როდესაც ქუჩის სტილი მაღალ მოდაში ასე დომინირებს კიდევ უფრო განმაცვიფრებელია უკან გახედვა და იმის დანახვა, რაც თავის დანიშნულებას გაცილებით აღემატება და უბრალოდ სხეულს არ ფარავს. სხვადასხვა სფეროთა შერწყმით მიღებული ნამდვილად ღირებული ნამუშევარი არ გიქმნის განცდას, რომ მისი შექმნის მთავარი აზრი გაყიდვა იყო და სხვისი შემოქმედება უბრალოდ ამ მიზნის შესასრულებელ იარაღად გამოიყენეს. ის გაცილებით მეტია, ვიდრე პროდუქტი, რომელიც ერთ სეზონზე აქტუალური იქნება და მერე ყველას დაავიწყდება. ის მთელი კაცობრიობის დიდებული შემოქმედების შემადგენელი მშვენიერი დეტალი ხდება.