ჰუსეინ ჩალაიანი ინტელექტუალ დიზაინერთა რიგებს მიეკუთვნება. მას შემდეგ, რაც 1993 წელს Central Saint Martins-ში თავისი დამამთავრებელი კოლექცია წარადგინა, რომლის შესაქმნელადაც მიწაში დამარხული ქსოვილი გამოიყენა, ბრიტანეთში მოღვაწე დიზაინერი თავისი შთამბეჭდავი შემოქმედებითა და უკომპრომისო იდეებით მუდმივად აოცებდა ხალხს. ჰუსეინის სადებიუტო ჩვენებიდან სულ რამდენიმე წელი იყო გასული, როდესაც დამსწრე აუდიტორიისთვის მოდელებზე ჩადრების ჩვენებით პოდიუმზე ხმაურიანი განაცხადი გააკეთა.
როგორც “ნიუ-იორკ თაიმსი” წერდა, მისი მხრიდან ეს იყო “საზოგადოებაში ისლამის მიმდევარი ქალების ადგილის პროვოკაციული გამოვკლევა ჩადრის საყრდენ წერტილად გამოყენებით.” ჩადრი თავისა და სხეულის დასაფარი სამოსი, ამავდროულად, რელიგიური კულტურის ნაწილია. მას ტრადიციულად მუსლიმი ქალი იცვამს.

1998 წლის გაზაფხული/ზაფხულის პრეზენტაცია – “Between,” ერთ-ერთია “ვოგის” დასახელებულ 90-იანი წლების 25 ყველაზე მნიშნელოვან ჩვენებას შორის. ჰუსეინზე და მის ამ კოლექციაზე ყველაზე გავლენიანი მოდური გამოცემის რეცენზიაში ვკითხულობთ:
“კონცეპტუალური, ექსპერიმენტული, ინოვაციური – ამ სიტყვებს მოდაში ხშირად ისვრიან, მაგრამ ჰუსეინ ჩალაიანთან მიმართებაში ისინი გაზვიადებული არ არის. მის ჩვენებებზე ხის ავეჯი სამოსად გარდაიქმნება, კაბები კი ცოტაოდენი ტექნოლოგიური ჯადოქრობის წყალობით ჩვენ თვალწინ იცვლება. მაგრამ თავისი არაორთოდოქსულობა საუკეთესოდ 1998 წლის გაზაფხულის ჩვენებაზე გამოავლინა, როდესაც Between კოლექციით საზოგადოებაში მუსლიმი ქალის სტატუსი გაბედულად აჩვენა და წარმოაჩინა თუ როგორ შეიძლება ისეთმა მარტივმა რაღაცამ, როგორიც სამოსის სიგრძეა ასეთი დიდი აზრი იქონიოს. მოდელების ჯგუფი ჩადრების განსხვავებული სიგრძით გამოჩნდა – პირველი მოდელის ჩადრი მიწაზე ეშვებოდა, ხოლო ბოლო მოდელის სახესაც კი ძლივს ფარავდა. ის სრულიად შიშველი იყო. ეს მოდაში ამ დეკადაში შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე იმიჯია.”
ჰუსეინი 1970 წლის 12 აგვისტოს ნიქოზიაში დაიბადა. ჩადრების შემცველი კოლექციის პრეზენტაციის გამართვის ინსპირაცია სწორედ მის მშობლიურ მხარეს უკავშირდება, რომელიც ბერძენი ქრისტიანების და თურქი მუსლიმების კონფლიქტს მოეცვა. ჩვენების შემდეგ დიზაინერმა “ნიუ-იორკ თაიმსს” განუცხადა, რომ იდეით, რომელზეც მან თავისი შოუ დააფუძნა, გატაცებული იყო და ის საკუთარი სივრცის სტრუქტურულად და გრაფიკულად განსაზღვრაში მდგომარეობდა. “შეურაცხმყოფელი ნამდვილად არ ყოფილა,”- აღნიშნა ჩალაიანმა. “მას გარკვეული სახის პოზიციის ილუსტრირება უნდა მოეხდინა. ის საკუთარი პიროვნების კულტურულ დაკარგვას შეეხებოდა.”