14 მაისს, ინტერნეტ ტელევიზიის უმსხვილესი ქსელის, Netflix -ის ახალი პროექტის, HALSTON-ის პრემიერა შედგა. სერიალი ამერიკული მოდის ლეგენდის, როი ჰალსტონ ფროუიქის სანახაობრივი ცხოვრების გარშემო ვითარდება.

როი ჰალსტონ ფროუიქი დაიბადა ამერიკაში, აიოვას შტატში, 1932 წლის 23 აპრილს. როი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც დიზაინისადმი ინტერესი გამოავლინა. მას განსაკუთრებით მოსწონდა ქუდებზე მუშაობა, რომელთა ესკიზებს სკოლის ასაკიდან ქმნიდა. დედის და დის სტილზე ზრუნვა მალე გადაიზარდა პროფესიულ არჩევანშიც, ოჯახისთვის ცხადი გახდა, რომ როის გზები ხელოვნებასთან, კერძოდ, ძვირფას ქსოვილებთან და ტანისამოსთან გადაიკვეთებოდა. 1952 წელს, ჰალსტონმა სწავლა დაიწყო ჩიკაგოს ხელოვნების უნივერსიტეტში. სწორედ ჩიკაგოში, ადგილობრივმა მედია საშუალებამ, ახალგაზრდა დიზაინერის ქუდების და აქსესუარების უნიკალურ ესკიზებს ცალკე სვეტი დაუთმო, რაც როისთვის ერთგვარი სიგნალი გახდა – ის შეამჩნიეს.
1953 წელს, დამწყებმა დიზაინერმა ქალის ქუდების და აქსესუარების საკუთარი ბრენდი შექმნა, რომელსაც თავისი სახელის შემოკლებული ვერსია დაარქვა. ამგვარად, აიოველი როი ჰალსტონ ფროუიქი გახდა Halston.
მისმა ინდივიდუალურმა ხედვამ მალე დაიმსახურა ყურადღება, შედეგად, ჰალსტონის კლიენტების რიცხვს შეუერთდნენ მე-20 საუკუნის ამერიკული კულტურის ისეთი პატივსაცემი ქალბატონები, როგორებიც იყვნენ: გლორია სვენსონი და დებორა კერი. დამაგვირგვინებელი მომენტი კი, 1961 წელს დადგა, როდესაც ჯონ ფიცჯერალდ კენედის ინაუგურაციაზე, პირველმა ლედიმ, ჯეკი კენედიმ ჰალსტონის ქუდი მოირგო. იმ დღიდან, Halston- ის სახელი ამერიკული მაღალი მოდის და საზოგადოების სინონიმად იქცა.
Jackie Kennedy & John F. Kennedy Jackie Kennedy
ჰალსტონის ხიბლს, იმ ეპოქისთვის სენსაციურ კოლექციებთან ერთად, მისი ცხოვრების სტილი წარმოადგენდა. გლამურულ წვეულებებზე შეყვარებული, მუდამ ვარსკვლავი მეგობრებით და ტოპ მოდელების არმიით გარემოცული ჰალსტონი, ზუსტად წარმოადგენდა 1970-იანი წლების ამერიკული კულტურის სახეს, რომელიც ხშირად ასოცირდება Studio 54 -თან, კლუბთან, რომელიც მისი გახსნის დღიდან 54 წლის შემდეგაც, ამერიკული გლამურის, სტილის და დისკოს ეპიტომად ითვლება. ეს იყო ადგილი, სადაც ჰალსტონს ყველაზე ხშირად იხილავდით, ადგილი, სადაც დიზაინერის წვეულებებზე დადიოდნენ: ენდი უორჰოლი, მიკ ჯაგერი, ბიანკა ჯაგერი, დაიანა როსი, ელტონ ჯონი, მოკლედ, ყველა, ვინც იმ ეპოქაში, რაღაცას წარმოადგენდა.
Bianca Jagger & Halston Elizabeth Taylor & Halston Halston & Liza Minnelli Margaux Hemingway & Halston
დღესდღეობით, კლუბურ კულტურაში ისეთი დეტალების არსებობას, როგორიცაა „ფეისკონტროლი“, ხშირად უკავშირებენ Studio 54 -ის პრესტიჟულ წვეულებებს, რომელთა ერთ-ერთი უცვლელი სახე როი ჰალსტონი იყო.
მას შემდეგ, რაც Halston ნიუ-იორკის ზემო ისტ-საიდის საყვარელი ბრენდი გახდა, დიზაინერმა ბიზნესის გაზრდა გადაწყვიტა და ქუდებთან ერთად, სხვადასხვა ხაზების წარმოებაც დაიწყო. 1980-იანი წლებისთვის, ჰალსტონის სახელს შეხვდებოდით, როგორც ქალის, აგრეთვე მამაკაცის ტანისამოსზე, საცვლებზე, აქსესუარებზე, პარფიუმერიაზე და კოსმეტიკაზეც. მეტიც, 1977 წელს, ამერიკული ავიახაზების, Braniff Airways -ის ეკიპაჟის წევრების და ოლიმპიური გუნდის მოთამაშეების ჩაცმულობაზეც ჰალსტონი ზრუნავდა.
გამომდინარე აქედან, ძალიან მალე, მოდის ინდუსტრიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ როი ჰალსტონი იყო „ამერიკის პასუხი ივ სენ ლორანზე“, რომელიც იმ პერიოდის ფრანგული და ზოგადად, ევროპული მოდის უპირობო ლიდერი გახლდათ.

როი ჰალსტონი 1990 წლის 26 მარტს, შიდსის დიაგნოზით, კალიფორნიაში გარდაიცვალა. Netflix -ის ახალ სერიალში, ამერიკული მაღალი მოდის საზოგადოების სიმბოლოს როლს მსახიობი ევან მაკგრეგორი განასახიერებს.