მოდა თავისი მშვენიერებით და პრაქტიკული მნიშვნელობით, ჩვენს ყოველდღიურობაში ადგილს ნებისმიერ რეალობაში დაიმკვიდრებდა. თუმცა, ვერასდროს გახდებოდა ასეთი საინტერესო, რომ არა მისი შესაძლებლობა – იყოს კომუნიკაციის და თვითგამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება. ადამიანები მოდას საზოგადოებაში საკუთარი თავის წარსადგენად ვიყენებთ. ჩვენ მიერ გაკეთებული არჩევანი, ძალიან პატარა დეტალთან დაკავშირებითაც კი, შესაძლოა გახდეს სოციალური სიგნალი იმაზე, თუ ვინ ვართ, რას ვუსმენთ, რა მოგვწონს, რისი გვწამს და ასე შემდეგ.
თავის მხრივ, აღიარებული და გავრცელებული მოსაზრებით, რელიგია კულტურაზე და პიროვნების ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. როგორ წარმოგიდგენიათ ცხოვრობდე სოციუმში, სადაც რელიგია დიდ როლს ასრულებს ადამიანების შეხედულებების განსაზღვრაში, თუმცა მისი დამოკიდებულება ვიზუალურ იერსახეზე უმნიშვნელო იყოს. ისტორიულად მსგავსი პრეცედენტები არ არსებობს. მოდის და რელიგიის კავშირის საწყისებზე საუბრისას, ბევრი ისტორიკოსი, თეოლოგი, თუ ხელოვნებათმცოდნე აღნიშნავს, რომ ადამიანების ჩაცმულობაზე რელიგია იმდროიდან ახდენს გავლენას, როდესაც ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი ხდება სოციუმში – ამას კი უძველეს ცივილიზაციებამდე მივყავართ.
2018 წელს, „მოდა და რელიგია“ იყო კოსტიუმების ყველაზე ძვირადღირებული საღამოს – Met Gala – ს თემა, რომელმაც მეტროპოლიტენის მუზეუმში დამთვალიერებლების რეკორდული რაოდენობა განაპირობა. სასულიერო პირების ჩაცმულობით შთაგონებული თანამედროვე სამოსის სანახავად, გამოფენას მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია. მუზეუმში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ეპოქის წამყვანი დიზაინერების შემოქმედება, რომელიც ეკლესიის მსახურთა ჩაცმულობისთვის დამახასიათებელი ელემენტებით შექმნეს.
Dior შემოდგომა/ზამთარი 2000
Dolce & Gabbana შემოდგომა/ზამთარი 2013
Guo Pei გაზაფხული/ზაფხული 2017
რელიგიით არის შთაგონებული Balenciaga – ს 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაც, რომელიც ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ეკლესიები ჩაცმის კულტურის უდიდეს მემკვიდრეობას ინახავს. ამ მემკვიდრეობის უნიკალურობას კარგად გამოხატავს ხელოვნების სასახლის ენციკლოპედიური გამოცემა “ქსოვილი საქართველოდან”. გამოცემა ქართული ქსოვილის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და მისი ევოლუციის შესახებ გვიამბობს. პროექტზე მუშაობის ფარგლებში, მხატვრებისა და მკვლევარების ჯგუფმა ეკლესიები მოიარა და 200-მდე ფრესკაზე გამოსახულ სამოსში გამოყენებული ქსოვილი მაქსიმალური სიზუსტით გადმოხატა. გარდა ამისა, წიგნში თავად ამ ფრესკების ნიმუშებიც არის წარმოდგენილი.
თვალი გადავავლოთ ქართულ ბრენდებს, რომლებმაც კოლექციები ეკლესიებში შემონახული ფრესკების შთაგონებით შექმნეს:
ჯოვანი მორასთვის პროექტ „ქართულ ქსოვილში“ მონაწილეობა განსაკუთრებით ბუნებრივია, რადგან ბრენდის ესთეტიკა ქართულ კულტურასთან და ისტორიასთან ძლიერ კავშირშია, რაც მათ კოლექციებში ხშირად ჩანს. პროექტის ფარგლებში ბრენდმა შარფების, ჰალსტუხების, პასპორტის ჩასადებების მრავალფეროვანი კოლექცია შემოგვთავაზა, რომელიც შთაგონებულია მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ფრესკაზე გამოსახული მეგრელი დედოფლის სამოსის ნაქარგებით.
ლაკო ბუკიას ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. დიზაინერი კოლექციებს წარადგენს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მოდის ყველაზე ცნობილ დედაქალაქებში,ლონდონში და პარიზში. მის შესახებ წერენ ისეთი გამოცემები, როგორებიც არიან: Vogue, WWD, Glamour, Cosmopolitan, BOF. ლაკომ საცურაო კოსტიუმების ახალი კოლექცია მარტვილის ფრესკაზე გამოსახული კაცია ჩიქვანის ოჯახის წევრთა სამოსის ორმანენტის მოტივებით გააკეთა.
ბრენდი მაისურების, კეპების და საყურეების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. წითელი და ლურჯი ფერის ანგელოზის ფორმის საყურეები ქტიტორ მიქელ ტვილდიანის სამოსითაა ინსპირირებული, რომელიც XIV საუკუნის ფრესკიდან მომდინარეობს. ანგელოზებია ამოქარგული თეთრ მაისურებზე და კეპებზეც. რაც შეეხება ყვავილის ფორმის შავ საყურეს, რომელიც მაშინვე იქცევს ჩვენს ყურადღებას, ის შექმნილია წალენჯიხის ტაძარში დოლბანდიანი მამაკაცის სამოსის მოტივებზე.
გალერეა Why Not Gallery ხელოვან გვანცა ჯიშკარიანის და კურატორ ელენე კაპანაძის საერთო პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს გამოფინოს საინტერესო ქართული და ინტერნაციონალური თანამედროვე ხელოვნება. „ქართულ ქსოვილთან“ კოლაბორაციით, შეიქმნა სარკე, მარაო, ბალიში და აბრეშუმის სუფრა. აღსანიშნავია, რომ სარკეზე გამოსახულნი არიან მეფეები: გიორგი XII და ერეკლე II.
2019 წლიდან „ლივლივი“ მომხმარებლებს ფერადი პრინტებისგან შექმნილ თავსაბურავებს სთავაზობს, რომლებიც აბრეშუმისგან არის დამზადებული. „ქართული ქსოვილის“ პროექტის ფარგლებში, მსუბუქი, ყველა სეზონს მორგებული თავსაბურავები ქტიტორთა სამოსის მოტივებზე დაყრდნობით შეიქმნა. ფრესკები თარიღდება XIV საუკუნით.
დასვკნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რელიგია განაგრძობს მოდის შთაგონებას მანამ სანამ მას ექნება საზოგადოების ფორმირებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი. საქართველოში საუკუნეების მანძილზე შემონახული ქრისტიანული მემკვიდრეობა, რომელიც ერის იდენტობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მომავალშიც დაიკავებს ღირსეულ ადგილს ქართულ კულტურაში ისეთი პროექტების დამსახურებით, როგორიც არის „ქართული ქსოვილი“.