რიკარდო ტიში იმ ერთეულების რიგებს მიეკუთვნება, რომლებმაც საკუთარი იდენტობის, ესთეტიკის და ხელწერის შექმნა შეძლეს. იტალიელი დიზაინერის ნამუშევრებში შესაძლებელია მათი შემოქმედის ამოცნობა. ჟივანშიში მოღვაწეობის პერიოდში თავისი შემოქმედებით საკუთარ განწყობას, მისწრაფებებს, სურვილებს და ინტერესებს ავლენდა. სამი სეზონის შემდეგ ბარბერიშიც ასე იქცევა.

View this post on Instagram

Today @burberry ??

A post shared by Riccardo Tisci (@riccardotisci17) on

საწყის ეტაპზე მან საკულტო ბრიტანული ბრენდისთვის და მისი დამაარსებლის, ტომას ბარბერისთვის პატივის მიგებით დაიწყო. პერსონალური ისტორიის რეტროსპექტივის ნაცლად, ჩვენებებზე ბრენდის მემკვიდრეობას ბრიტანულ კულტურასთან აერთიანებდა. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე რიკარდო ტიშის ბარბერიმ ევოლუცია განიცადა.

„წინა სეზონთან შედარებით ახლა ჩემთვის უფრო იოლია ჩემს ადგილზე ყოფნა, ლონდონში ცხოვრება და ამ ქალაქის გაგება. ეს დიდი სამუშაოა. თავიდან მინდოდა ნელი ტემპით წავსულიყავი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ბრიტანული სტილის შეცნობა. ეს არის სტილი, რომელზეც ისტორია დიდ ყურადღებას ამახვილებს, მისი ახლებურად გადმოცემისას კი ძალიან დაკვირვებული უნდა იყო. სამი სეზონის შემდეგ აზრი ბაზრის პასუხმა შეიძინა. თრენჩი და ჩეკი ყოველთვის იქნება ამ მოდის სახლის საკულტო ნაწილები, მაგრამ მსოფლიო იცვლება, ხალხი კი იმას იცვამს, რაც სურს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნიდან წამოვიდა. სტილის ასეთი გლობალიზაცია დღესდღეობით მოდის მიმართ განსხვავებულ მიდგომაზე მეტყველებს.“

რიკარდო ტიში

„სამეფოს“ და „ქარიშხალის“ შემდეგ „ევოლუცია“ ვიხილეთ. შოუზე კვლავ იყო თრენჩების განსხვავებული ვარიაციები, აბრეშუმის შარფებით სტილიზირებული ლუქები, ფოჩებიანი დეტალები. მკერვალობას ტიში ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს, რადგან ხვდება, რომ მისი დრო ისევ დადგა და მის მიმართ გულგრილი არავინაა. ის კლასიკისთვის დამახასიათებელ მუდმივ თანამედროვეობას არ სჯერდება და მის განახლებას ცდილობს, თანაც ისე, რომ შედეგი შესაძლოა თავისებური და ორიგინალურია, მაგრამ არა უცნაური და მიუღებელი.

Burberry Spring 2020. © Vogue


ფერებით ნაკლებად დატვირთული და ქსოვილების მრავალფეროვნებით გამორჩეული ეს დახელოვნებული კოლექცია სიმსუბუქის შეგრძნებას ბადებს და ამით თვალსაც სიამოვნებას ანიჭებს. და მიუხედავად ბრიტანეთში ბრექსითის ერისა, მასში დამამწუხრებელი არაფერი არ არის.

„ჩემი სამუშაოს დანიშნულება ოცნების, ჩემი საკუთარი სამყაროს შექმნაა. თუ იმის წარმოჩენას ვეცდებით რაც არამარტო ინგლისში, არამედ მსოფლიოში ხდება, ეს ჩვენზე კარგად არ იმოქმედებს და მელანქოლიურები გავხდებით. მოდას შეუძლია ისეთი ენერგია გასცეს, რომელიც პოზიუტიურია და ხალხს გააბედნიერებს.“

რიკარდო ტიში
Burberry Spring 2020. © Vogue

სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ტიშის ვიქტორიანული ეპოქა იზიდავს. ამაში დასარწმუნებლად უბრალოდ საკმარისია თეთრ მაქმანებიან კაბებს შევხედოთ.

„შეპყრობილი ვარ ვიქტორიანული ეპოქით. ეს მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში აშკარა იყო. ამ ქვეყანაში ეს მრავალმხრივ ევოლუციის მომენტი იყო, ესთეტიკა კი შესანიშნავი. დამთხვევაა, რომ ტომას ბარბერიმ თავისი კომპანია სწორედ ვიქტორიანულ პერიოდში დააარსა, ამიტომ მუშაობისას მეც ამ დროზე ვკონცენტრირდი: კომპანიის დასაწყისზე. მინდოდა ვიქტრიანული სტილის თანამედროვე ინტერპრეტაცია შემექნა, ამიტომ მასთან დაკავშირებული ყველაზე დრამატული ფორმები მოვიშველიე და ჯერსიში გამოვავლინე, ეს კი ის არის, რაც დღეს ქალებს და მამაკაცებს სურთ.“

რიკარდო ტიში

შოუს შემდეგ ტიშიზე კიდევ ერთი რამის თქმა შეგვიძლია დანამდვილებით – ის მუსიკითაც არის შეპყრობილი. ამაზე ჩვენების სივრცეში განთავსებული დინამიკები მოწმობდა.

„მუსიკა ჩემთვის მოდასავით მნიშვნელოვანია, რადგან ჩემს და სხვა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში პოზიტივი და ბედნიერება მოაქვს.“

რიკარდო ტიში

კოლექციაში იყო ტომას ბარბერის ობსესიების ტიშისეული გამოვლინებაც. ტომას ცხოველები უყვარდა, რაზეც ბარბერის ცხენზე მჯდომი მხედარის ლოგოც მოწმობს, რიკარდომ კი მისი ეს ინტერესი პრინტებსა და წარწერებში წარმოაჩინა. ბრენდის დამაარსებლის ცხენი ახალმა დიზაინერმა უნიქორნად გარდაქმნა, რომელიც ამჯერად წარწერებში „მე უნიქორნი ვარ,“ „უნიქორნები არსებობენ“ გვაჩვენა.

გარდა წარსულის რეფერენსებისა, იტალიელი ახლებურ, გლობალურ ხედვასაც გვთავაზობს თუ როგორ შეიძლება საკუთარი სტილის განვითარება. ბარბერიში მან თავიდანვე გაამჟღავნა ყველას შემოსვის სურვილი. თავისი კოლექციებით ის არ აერთიანებს სხვადასხვა ასაკის და სქესის წარმომადგენელთა ინტერესებს, არამედ ყოფს და ქმნის ინოვაციურ მიდგომას, რომლის მიხედვითაც პოდიუმზე მოდელებს ოთხი კატეგორიისთვის შექმნილი სამოსი გამოაქვთ: ქალისთვის, კაცისთვის, გოგოსთვის, ბიჭისთვის. შესაბამისად, ახალი თაობის მოთხოვნილებების გათვალისწინებით ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო სპორტული სამოსიც, მათ შორის ჰუდები და რაგბის ოვერსაიზ მაისურები. ის ერთი რამ, რაც ყველა კატეგორიას აერთიანებდა არის ბრწყინვალება, პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით.

Burberry Spring 2020. © WWD

„ეს კოლექცია ჩვენი წარსულით არის შთაგონებული და ჩვენს მომავალს ეძღვნება. ის ბარბერის სამეფოს ევოლუციაა.“

რიკარდო ტიში