AnOther-ის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ნომრიდანრეი კავაკუბოს ინტერვიუ სიუზანა ფრანკელთან.

მოდელი: Rianne Van Rompaey, ფოტოგრაფი: Willy Vanderperre, სტილისტი: Olivier Rizzo, სამოსი: Comme des Garçons
© AnOther Magazine

როგორც გავიგე, კარანტინის პერიოდში შეუჩერებლად მუშაობდი. ეს მართალია?

მეშინია, რომ იმ მომენტში, როცა გავჩერდები, ჩემი საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შევძლებ. ეს შიში მოსვენებას არ მაძლევს და წინსვლისკენ მიბიძგებს.

მაშინ როცა ბევრი კოლექციების ჩვენებებს ციფრულად მართავს, შენ ცოცხალ პრეზენტაციას იღებ, რომელიც პატარა აუდიტორიის წინაშე იმართება. რა აზრი იმალება ამ იდეის მიღმა?

მინდა, რომ ხალხი უყურებდეს ტანსაცმელს, რომელიც ნამდვილ ადამიანებს ეცმევათ. ტანსაცმელი ჩვენს მესიჯებს მაშინ უკეთ წარმოაჩენს, როცა ის აცვიათ. ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია, მაგრამ მაშინ, როცა სამოსს ადამიანები ირგებენ, ყოველი ელემენტი ერთმანეთთან ჰარმონიაში მოდის და თავის ძალას ავლენს. ასე, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს და ტანსაცმელს ერთმანეთი აკავშირებთ.

შეიძლება ითქვას, რომ არის რაღაცები, რისი გადმოცემაც ციფრულ მედიას არ შეუძლია?

ციფრული მედია იმის ნახევარსაც კი ვერ გადმოსცემს, რისი გამოხატვაც მსურს. ცოცხალი ჩვენება ბევრ რამეს გაგრძნობინებს – ტანსაცმლის ძალას, იმ ძალისხმევას, რომელიც კოლექციის შექმნაში ჩაიდო, ატმოსფეროს და იმ ადამიანების ენერგეტიკას, რომლებსაც სამოსი შენ წინაშე აცვიათ. ვიღაცები შეიძლება სხვანაირად ფიქრობდნენ, მაგრამ ჩემთვის რაღაცის ციფრულად გამოხატვა სულ სხვა რამ იქნებოდა – დევიაცია.

ᲛᲯᲔᲠᲐ, ᲠᲝᲛ ᲓᲘᲡᲝᲜᲐᲡᲡ ᲙᲐᲠᲒᲘ ᲠᲐᲦᲐᲪᲔᲑᲘ ᲛᲝᲰᲧᲕᲔᲑᲐ.ᲗᲣ ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ ᲛᲣᲓᲛᲘᲕᲐᲓ ᲒᲐᲠᲙᲕᲔᲣᲚᲘ ᲙᲐᲜᲝᲜᲖᲝᲛᲘᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘ ᲒᲐᲜᲗᲐᲕᲡᲓᲔᲑᲐ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲘᲡ ᲒᲕᲔᲠᲓᲘᲗ, ᲛᲐᲨᲘᲜ ᲞᲠᲝᲒᲠᲔᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲣᲓᲒᲔᲜᲔᲚᲘᲐ.

ათწლეულების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა Comme des Garçons-ის ძირითადი ხაზის ჩვენება ტოკიოში გამართე. რას იტყვი ამასთან დაკავშირებით? რამდენად განსხვავებული იყო ეს არჩევანი და იყო თუ არა ამაში რამე დადებითი?

ახლა პარიზში ჩასვლა ფიზიკურად ძალიან რთულია. ასე თუ ისე, ჩვენება აუცილებლად უნდა გავმართოთ და მე ძლიერად ვგრძნობ, რომ მუდმივად უნდა ვცადო ახალი რამეები. როგორღაც უნდა მოვერგოთ ამ სიტუაციას. პარიზში ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის ჩვენი ჩვენების სანახავად და ისინი ყოველთვის კარგ რამეებს არ ამბობენ. ზოგჯერ უარყოფით კომენტარებსაც აკეთებენ. ამასთანავე, პარიზში დიზაინერებს შორის შეუმჩნეველი კონკურენციაც არის. ტოკიო ასეთი ადგილი ნამდვილად არ არის, თუმცა მთელი ჩვენი პერსონალი დიდი დატვირთვით მუშაობს და ტანსაცმლის შექმნის პროცესი ზუსტად იგივეა, როგორიც მაშინ, როცა შოუს პარიზში ვაწყობთ. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ პარიზისთვის კოლექცია თვითმფრინავში აგვაქვს, ტოკიოში კი მისი ატანა შვიდი სართულით მაღლა გიწევს.

© Pinterest

შენ დიდი კომპანია გაქვს. როგორ მოქმედებს შენზე ეს პასუხისმგებლობა?

გასულ წელს მაღაზიების დაახლოებით ერთი თვით დაკეტვამ ჩვენს ბიზნესს დიდი ზიანი მიაყენა. რამდენიც არ უნდა მეფიქრა, მე არაფრის გაკეთება შემეძლო. მოხმარებლები არც საზღვარგარეთ გვყავდა. 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს შემეძლო რაღაც მეღონა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი დაკეტილი იყო, მათ შორის საწარმოებიც. ახლა საკითხავია, როგორ უნდა აღვიდგინოთ ძალები.

რა კონკრეტული სირთულეების წინაშე დაგაყენა პანდემიამ პირადად შენ და იმოქმედა თუ არა ამან შენს კრეატიულობაზე?

როგორც უკვე ვთქვი, ამ კრიზისს სხვებისგან ის განასხვავებდა, რომ მე არაფრის გაკეთება შემეძლო. ჩვენი საქმე ტანსაცმლის შექმნაა, მომდევნო კოლექციებზე უნდა ვიზრუნოთ, გამოფენები დაიგეგმოს, პროცესს ვერ შევაჩერებთ. ტელეკომუნიკაციები საქმიანობის ალტერნატიული საშუალებაა, მაგრამ არის რაღაცები, რაც მისი საშუალებით ვერ გაკეთდება. მაგალითად, ვერ მოხერხდება წარმოება. ყველაფერი კომპიუტერებით ვერ მიიღწევა. არის რაღაცები, რისი გაკეთებაც მხოლოდ შეხებით, შეგრძნებით და ხუთივე გრძნობის გამოყენებით არის შესაძლებელი. ადამიანები მგრძნობელობის მქონე არსებები არიან. ჩემთვის უფრო ღირებულია ის, რასაც ადამიანები გულით აკეთებენ, ვიდრე ციფრულად ფალსიფიცირებული რამეები. არსებულ გარემოებებში დაბრკოლობებს და გაურკვევლობებს ვაწყდებით, მაგრამ სანამ გვაქვს უნარი რაღაც შევქმნათ, მომავალიც ყოველთვის გვექნება.

შენი ახალი კოლექცია პლასტმასის მოსასხამს, Mickey Mouse-ს და Bearbrick-ს მოიცავს, ამასთანავე კარგად ნაცნობ ოვერსაიზ და სკულპტულურ შავ ნამუშევრებს. შეგიძლია ცოტა რამ გვითხრა ამ კოლექციასთან დაკავშირებით?

ის დისონასს შეეხება, ისეთ რამეებს, რაც ერთმანეთს არც ისე შეეფერება, მაგრამ კარგ განცდას ტოვებს. დისონანსი მაინტერესებს, რადგან მჯერა, რომ მას კარგი რაღაცები მოჰყვება, რაღაც საკვირველი, მოულოდნელი, რაღაც, რაც სიახლის შეგრძნებას ბადებს და წინ მიგვიძღვის მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად. ანალოგიურად იყო კლასიკურ მუსიკაშიც, როცა დისონანსით შექმნილი ადრეული კომპოზიები ხშირად გამხდარა კრიტიკის საგანი, მაგრამ ისინი დღესაც ინარჩუნებენ თავიანთ მნიშვნელობას. ზოგმა შეიძლება გულისამრევად ჩათვალოს ორი კონტრასტული ბუნების მქონე რამის ერთმანეთთან შეჯახება, მაგრამ ასეთ დროს რაღაც განსხვავებულის შემჩნევაც შეგვიძლია. თუ ყველაფერი მუდმივად გარკვეული კანონზომიერების ფარგლებში განთავსდება ერთმანეთის გვერდით, მაშინ პროგრესი წარმოუდგენელია.

და ამით ახლა რატომ დაინტერესდი?

იმის გამო, რომ პანდემია ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა, წინსვლის წყურვილიც ქრება. მეშინია, რომ მისი საშუალებით ჩვენ შესაძლოა თავის გასამართლებელი მიზეზი ვიპოვოთ თუ რატომ აღარ ვიწვეთ საკუთარ თავებს, უფრო დიდი მიზნებისკენ აღარ მივილტვით, ახალს არაფერს ვქმნით და განვითარებისთვის აღარ ვრისკავთ. ეკონომიკა ცუდ დღეშია და ცხოვრება რთულია, მაგრამ ეს სირთულე უნდა ავიტანოთ და იმედი ვიქონიოთ. მარტივი გამოსავალი არ არსებობს. მჯერა, რომ არასდროს უნდა გავჩერდეთ.

Rei Kawakubo © Vogue

თვლი, რომ ახლა ადამიანები ადრინდელთან შედარებით ნაკლებად იჩენენ ვნებას თავიანთი საქმიანობის მიმართ? და თუ ასეა, როგორ იმოქმედა ამან მოდაზე?

შეიძლება უფრო მარტივია, არაფერს გრძნობდე და არაფერზე ფიქრობდე. ადამიანები შესაძლოა ვერ ხვდებიან თუ რა შეუძლიათ მიიღონ თუ ბრძოლას არ შეწყვეტენ. მათ უფრო და უფრო ნაკლებად სურთ საკუთარ თავად ყოფნა. ურჩევნიათ კომფორტულად იყვნენ და გაუფერულდნენ, ფრთხილი სამოსი ჩაიცვან.

შენ არც იცვამ და არც ქმნი ფრთხილ სამოსს. როცა ახალ დიზაინზე მუშაობ, რა არის შენი მიზანი, მსოფლიო უკეთეს ადგილად აქციო – ან იქნებ უფრო საინტერესოდ?

მგონია, რომ ამ ძალას მალე დავკარგავ და ეს მაღელვებს. ჩემთვის ცხოვრება მუშაობასთან, რაღაცის შექმნასთან იგივდება. მხოლოდ იმის გაკეთება შემიძლია, რაც გამომდის. ჩემს ბრაზს ქმნილებისკენ მივმართავ. ბედნიერი ვარ თუ შემიძლია შევქნა რაღაც, რაც ზოგ ადამიანს შთააგონებს. თუ გინდა რაღაც შექმნა, ამისთვის ძალისხმევა უნდა გაიღო და არასდროს გაჩერდე. ვფიქრობ, რომ ეს სხვა სახის საქმიანობებსაც ეხება. Comme des Garçons აქამდე იმ ადამიანების დამსახურებით მოვიდა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება წარმოებას მიუძღვნეს, ზოგჯერ თავიანთი პირადი ცხოვრების ფასადაც კი. ეს მათი საქმეა, რომელზეც ეს კომპანია ავაგეთ. საქმიანობა უნდა გავაგრძელოთ თუ უფრო შორს წასვლა გვინდა. მეშინია, რომ თუ ეს სიტუაცია გაგრძელდება, ხალხი დანებებას დაიწყებს, თვითგამოხატვას და თავისი არსების წარმოჩენას შეწყვეტს. ამ შემთხვევაში გაბატონდება განწყობა, იყო ისეთი, როგორიც ყველა დანარჩენია და მსოფლიო უნაყოფო გახდება.

Tags :