ქეითი ჰორინთან ახალ ინტერვიუში რეი კავაკუბომ პანდემიაზე, მოცემულ რეალობაში მუშაობასა და მოდის ინდუსტრიაზე ისაუბრა.

რეი ახლა 77 წლისაა, ტოკიოში ცხოვრობს და მისი მეუღლე, ადრიან ჯოფი მისი  ბრენდის Comme des Garçons-ის და Dover Street Market-ის აღმასრულებელი დირექტორია და ამასთან რეის თარჯიმანობასაც ითავსებს.

ბევრი დიზაინერისგან განსხვავებით, რეის მუშაობა არ შეუჩერებია. როგორც 2017 წელს ვოგმა აღნიშნა, რეი დილას პირველი ჩნდება ოფისში, ხოლო საღამოს კი ბოლო მიდის. პანდემიის დროსაც არაფერი შეცვლილა.

the fashion archive

„დარწმუნებული ვარ, რომ ერთი დღითაც რომ შევაჩერო ჩემი სამუშაო პროცესი, ვეღარ შევძლებ ჩვეულ რიტმში დაბრუნებას. წინ ვეღარ წავალ. კრეატიულობა ნიშნავს ყოველთვის ეძებდე რაღაც ახალს, იმის მიუხედავად თუ სად ხარ ან რა სიტუაციაში. შესაბამისად ჩვენი თანამშრომლების 30 % ყოველდღიურად დადიოდა ოფისში, ჯანმრთელობის უსაფრთხოების ყველა პირობის დაცვით, მათ შორის მეც.“

კითხვაზე, თუ როგორ აისახა თვითიზოლაცია და ევროპისგან დროებითი განცალკევება, რეიმ ასეთი პასუხი გასცა „მე ყოველთვის მოძრაობაში ვარ, პერუს პატარა სოფლებიდან და კენიაში მასაის ტომებიდან, ევროპისა და ამერიკის დიდ ქალაქებამდე. ახლაც არ მიგრძვნია, რომ ვინმესგან რამენაირად ვარ იზოლირებული. მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი. ყველაზე ნაკლებად მოველოდი რომ ამ კითხვას დამისვამდი.“

პანდემიის პირობებში ცხოვრება რთულია, თუმცა რეი ხშირად ირჩევდა შიშს და სულიერ დანაკლისს კოლექციის თემებად. რეის პასუხი ქეითის კითხვაზე, თუ რა მოკლე და გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება მოცემულ სიტუაციას, ასეთია:

„არასდროს წარმომედგინა რომ მსგავსი რეალობის წინაშე დავდგებოდით. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ რასაც აქამდე ვქმნიდი, სრულად წაიშალა. თითქოს სულ ახლიდან უნდა დავიწყო ყველაფერი, მაგრამ ამის დრო აღარ მაქვს. თუმცა მაქვს წინსვლის იმედი  და მჯერა რომ ამას დაუღალავი მუშაობით შევძლებ. ასეთი ცუდი გამოცდილების შემდეგ, ადამიანები ალბათ შეეჩვევიან რაღაც ჩარჩოებში ცხოვრებას, რაც ნაკლებ შანსს დაგვიტოვებს განვითარებისთვის. ამაზე ნამდვილად ვწუცვარ. მოდის და ხელოვნების შექმნისთვის წარმოუდგენელ რაღაცებზე უნდა ვიოცნებოთ, განხვავებული და თავისუფლები უნდა ვიყოთ.

medium.com

ქეითმა და რეიმ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოდის სისტემის გაუმართაობაზე და ამის გამო ბევრი დიზაინერის უკმაყოფილებაზეც ისაუბრეს – ჭარბ მიწოდებაზე და იმაზე თუ რა ძნელია ზოგი დიზაინერისთვის წელიწადში რამდენიმე ჩვენების გამართვა. რეისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მას დღემდე აქვს შენარჩუნებული დამოუკიდებლობა და შემოქმედებითი თავისუფლება. მაშინ, როდესაც გუჩის ალესანდრო მიკელეს განცხადებით გუჩი ახლა გადადის წელიწადში 2 ჩვენების სისტემაზე, რეის გუნდი ასე წლებია მუშაობს. „სხვაგვარად რომ ავხსნათ, ჩვენ სტაბილური და დაბალანსებული ბინესი გვაქვს.“ ამბობს დიზაინერი.

„მოდამ თავის საწყის კურსს იმიტომ გადაუხვია რომ ის ფულსა და ძალაუფლებას აღმერთებს, ასევე მას მედიის კონტროლის გამოც. ამან გამოიწვია ის, რომ ყველამ დაივიწყა თუ როგორი მნიშვნელოვანია დროის დათმობა შემოქმედებისთვის და ინოვაციური ხედვისთვის. ჩვენ ამას უნდა დავუბრუნდეთ.“

„ახლა მრავალფეროვნება ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ უნდა დავაფასოთ განსხვავებული სტილები და გემოვნება: მსუბუქი სამოსი, ისეთი, რომელიც ფიქრს არ მოითხოვს, დაბალფასიანი სამოსი, ხასიათის ასამაღლებელი და მხიარული სამოსი, უნიფორმები, ასევე უფრო ძლიერი, საინტერესო სამოსიც. ძალიან მინდა მედია მოეშვას ფულის გაღმერთებას და მრავალფეროვან იდეებს და ფასეულობებს დაუჭირონ მხარი.“

თუმცა მის გეგმებში მარტივი სამოსის შექმნა არ შედის „მსურს ადამიანები ჩემს სამოსზე დავაფიქრო, მსურს რომ ჩემს სამოსთან ასოცირება შეძლონ“

highxtar.com

მისი მამაკაცის სამოსის ხაზი ძალიან პროგრესული და მრავალფეროვანია. ერთ-ერთ ინტერვიუში 2017 წელს რეიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ მამაკაცები გახდნენ უფრო ექსპრესიულები, მაშინ როდესაც ქალები გახდნენ კონსერვატიულები. ამასთან დაკავშირებით რეიმ აღნიშნა:

„ახალგაზრდა მამაკაცები ახლა ენერგიით აღსავსეები არიან. მათ სურთ შინაგანი სამყაროს გამოხატვა სამოსის მეშვეობით. მათთვის არ წარმოადგენს პრობლემას რამდენიმე საათით ზედმეტი იმუშაონ, რომ სასურველი სამოსი იყიდონ. ქალებზე კი არ ვარ დარწმუნებული. ვერ ვხვდები, მათ უბრალოდ არ იციან რა უნდათ თუ უბრალოდ არ სურთ ძლიერად გამოიყურებოდნენ. ცოტა იმედგაცრუებული ვარ. მათ ჰგონიათ რომ ჩუმად შეძლებენ ბრძოლას? ეს ტრენდი ჩემს ბიზნესსაც ვნებს. მინდა, რომ მათ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება სამოსის მეშვეობით და ასე იბრძოლონ მსოფლიოს წინააღმდეგ. მსოფლიო სავსეა უსამართლობითა და აბსურდულობით. მე ვბრაზდები და ამ ენერგიას კრეატიულობაში ვდებ. დღე და ღამე ვმუშაობ. ახლა ეს მინიმუმია, რისი გაკეთებაც შემიძლია.“