თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ახალი სეზონი ახლოვდება. ქვეყნის მთავარი მოდური ღონისძიება 2 – 6 მაისს გაიმართება. კვირეულის ოფიციალურ გვერდზე 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის განრიგი გამოქვეყნდა. თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული 5 დღეში 40-ზე მეტ ღონისძიებას გააერთიანებს. კვირეულს 100 – ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება.

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ოფიციალური განრიგი

MBFW Tbilisi

როგორც ვკითხულობთ, მთავარი ლოკაცია კვლავ სახვითი ხელოვნების მუზეუმია, თუმცა დიზაინერების ნაწილი ჩვენებებს განსხვავებულ ადგილებშიც წარადგენს. განსხვავებული ლოკაციები მრავალმხრივ მისასალმებელია. სივრცე დიდ როლს თამაშობს დიზაინერის სათქმელის უკეთ გადმოცემაში, საერთაშორისო სტუმრებიც უკეთ ეცნობიან ქალაქის სხვადასხვა ნაწილს და უფრო მრავალფეროვანი წარმოდგენა ექმნებათ ჩვენი ქვეყნის შესახებ. გარე ლოკაციების მთავარი პრობლემა ორგანიზებაა. ტრადიციულად, კვირეულის ძირითადი მდებარეობა შერჩეულია იმგვარად, რომ სივრცე იტევს პრესასაც, მიწვეულ სტუმრებსაც, ბლოგერებსაც, ფოტოგრაფებსაც და არ ქმნის უხერხულობას. ჩემი გამოცდილებიდან, რომელიც გასულ სეზონებზე თბილისში მოდის კვირეულებისგან მივიღე, გარე ლოკაციები ამ მხრივ პრობლემებს ქმნის. გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო წინა დღეებში ჩვენების ლოკაციის შეცვლა, პატარა სივრცე ბევრი ხალხით და რთულად აღქმადი გარემო თბილისში გარე ლოკაციების თანხმლები პრობლემებია. გასულ სეზონზე რამდენიმე ქართველმა დიზაინერმა შეძლო განსხვავებულ ლოკაციაში ჩვენება შეფერხების გარეშე გაეკეთებია. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ სეზონზე უფრო მეტი შეძლებს იგივეს.

რაც შეეხება დიზაინერების შემადგენლობას და განაწილებას დღეების მიხედვით, პირველი რაც კითხვას აჩენს, სად არის ავთანდილი?

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის წინა სეზონი, როგორც წინის წინა და იმის წინა სეზონები ავთანდილ ცქვიტინიძის ჩვენებით გაიხსნა. 2015 წლიდან ცქვიტინიძე კვირეულის უცვლელი წევრი იყო. ახალი განრიგი გვეუბნება, რომ კვირეულს გახსნის ირმა შარიქაძე და დახურავს ბესარიონი, ხოლო ავთანდილი ახალ კოლექციას MBFW Tbilisi – ს ფარგლებში არ წარადგენს.

განრიგში ვხედავთ კვირეულის ყველაზე გაშუქებადდ და ცნობილ ბრენდებს, მათ შორის არიან: სიტუაციონისტი, გიორგი ქებურია, თამუნა ინგოროყვა, ანუკი. მოულოდნელი და სასიამოვნო სიახლე მარიამ გვასალიას ხილვაა. მარიამის 2017 წლის გაზაფხული კვლავ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შეკრული კოლექციაა, რომელიც გასულ წლებში ქართულ მოდის კვირეულებზე მინახავს. ამ კოლექციის შემდეგ, გვასალია 2 წელი კვირეულებს გამოეთიშა, მას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. 4 მაისს, 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში მარიამი ახალ კოლექციას წარადგენს.

კვირეულზე დასწრება მოსაწვევებით და აკრედიტაციით არის შესაძლებელი. გაითვალისწინეთ, ზოგიერთ დიზაინერს დაშვება მხოლოდ მოსაწვევებით აქვს, მაგალითად ჯაბა დიასამიძეს. გამონაკლისი იქნება ირაკლი რუსაძის სიტუაციონისტის შოუ. ბრენდის ინსტაგრამის გვერდიდან ანონსდება, რომ ამ სეზონზე სიტუაციონისტის ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია. ჩვენება 3 მაისს, პირველ საათზე, ძეგლ საქართველოს მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi F/W 2019-20 
Jam_agency / Grigor.devejiev / Merab_chumburidze

თბილისში მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დაარსებამდე ადგილობრივი დიზაინერებისთვის Tbilisi Fashion Week / თბილისის მოდის კვირეული იყო  ყველაზე დიდი პროექტი ახალი კოლექციების წარსადგენად. რაც 2015 წლიდან საქართველოში MBFW Tbilisi გამოჩნდა, 2 მოდის კვირეულის არსებობას სკეპტიკურად ბევრი უყურებდა, მათ შორის ვიყავი მეც. ამ სეზონზე კითხვებს აჩენს თბილისის მოდის კვირეულის არარსებობა. 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე თბილისში ტარდება 1 მოდის კვირეული- Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi და იწყება 2 მაისს.