როგორც ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, დაარსებიდან 27 წლის შემდეგ, რაფ სიმონსის ბრენდი არსებობას წყვეტს.
გასული სამი დეკადის განმავლობაში, ბელგიელმა დიზაინერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე მოდის ჩამოყალიბებაში. გამომდინარე იქიდან, რომ რაფ სიმონსმა მაღალი მოდის ინდუსტრიაში კაცის ხაზით შეაბიჯა, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი მამაკაცის სამოსის განვითარებაში. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც კაცის კოლექციები ახალგაზრდებისთვის საინტერესო და მიმზიდველი გახადა. ექპერიმენტული, განსხვავებული და ინდივიდუალური, სიმონსის ადრეული ჩვენებები ამ სიტყვებით შეგვიძლია დავახასიათოთ. ძალიან გამხდარი სილუეტებითა და მოდელებით რაფი 1990-იანი წლების ბოლოს გაბატონებულ ამერიკულ სტილსა და სტერეოტიპებს დაუპირისპირდა. რამაც ის ბუნებრივად, ე.წ. ანტი-დიზაინერების წრეში მოაქცია.
5 გამორჩეული კოლექცია რაფ სიმონსის ადრეული ჩვენებებიდან:





2005 წელს ბელგიელი დიზაინერი Jil Sander-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. სწორედ ასე დაიწყო რაფის, როგორც ქალის სამოსის დიზაინერის მოღვაწეობა. ჯილ სანდერს მიჰყვა დიორის, კელვინ კლეინის და ახლა უკვე პრადას მოდის სახლებიც. მაღალი მოდის ბრენდებისთვის სიმონსი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სახე გახდა, რამაც მისი როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი, ე.წ. ანტი-მოდის დიზაინერის სტატუსი შეცვალა. ანონიმურობიდან ბელგიელიდან რაფი ვარსკვლავად იქცა, რაც აისახა მის შემოქმედებაზეც. დროსთან ერთად, სიმონსის კოლექციები უფრო მრავალფეროვანი გახდა. თანამედროვე ტრენდების, ახალგაზრდული სულისა და ბიზნეს სტილის საინტერესო სინთეზმა ბელგიელ დიზაინერს პოპულარობა შეუნარჩუნა.

5 გამორჩეული კოლექცია რაფ სიმონსის 2010-იანი წლების ჩვენებებიდან:





“სიტყვები არ მყოფნის, რათა გაგიზიაროთ თუ რამდენად ამაყი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ. მადლიერი ვარ ჩემი გუნდის წევრების, პარტნიორების, პრესის, ბაიერების, ჩემი მეგობრების, ოჯახის წევრების და ფანების მხრიდან გამოხატული წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის. ყველას მადლობას გიხდით, რომ ჩვენი ხედვის და ჩემი გჯეროდათ,” – ამ სიტყვებით რაფ სიმონსმა საკუთარი ბრენდის 27 წლიანი ისტორია ოფიციალურად დაასრულა. აქვე შეგახსენებთ, რომ ბელგიელი დიზაინერი მოღვაწეობას პრადას მოდის სახლში განაგრძობს, სადაც ის შემოქმედებითი თანადირექტორის თანამდებობას იკავებს.