რაფ სიმონსი 1968 წლის 12 იანვარს ნეერპელტში, ბელგიაში დაიბადა. მან განათლება გენკში, ბელგიაში მიიღო, ინდუსტრიული ავეჯის დიზაინისა და წარმოების ფაკულტეტზე, თუმცა სწავლის პროცესშივე დაიწყო მუშაობა ინტერნად ვოლტერ ვან ბეირნდოკის სტუდიაში. სწორედ იქ გაეცნო ანტვერპენის ექვსეულსა და მათ შემოქმედებას. ნანახით შთაგონებულმა რაფმა გადაწყვიტა სამოსის შექმნა. ამაში ანტვერპენის ხელოვნების აკადემიის მოდის განყოფილების უფროსი, ლინდა ლოპა დაეხმარა და 1995 წელს, მან მამაკაცის პირველი კოლექცია შექმნა, რამაც საფუძველი ჩაუყარა რაფ სიმონსის ბრენდს. ბიზნეს სტილის შერწყმა ახალგაზრდულ სულთან ძალიან საინტერესო გამოდგა ევროპული საზოგადოებისთვის და რაფ სიმონსმა მომენტალურად მოიპოვა პოპულარობა.


2000 წელს სიმონსმა კომპანია დროებით დახურა და მიიღო შემოთავაზება ვენის ხელოვნების უნივერსიტეტიდან მოდის დიზაინის ფაკულტეტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. მოგვიანებით, 2001 წელს, რაფ სიმონსის ბრენდი დაბრუნდა, 2005 წელს კი, Raf by Raf Simons ხაზიც შექმნა და ვენის ხელოვნების უნივერსიტეტიდან წამოვიდა. ამავე წელს ის, თავის კარიერაში პირველად, ცნობილ მოდის სახლში დაინიშნა კრეატიულ დირექტორად. სწორედ Jil Sander-ში, შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციის დაკავების შემდეგ, დაიწყო რაფის, როგორც ქალის სამოსის დიზაინერის მოღვაწეობა. პირველივე კოლექციიდან ნათელი იყო, რომ რაფის ესთეტიკა იდეალურად ერწყმოდა ჯილ სანდერის მინიმალისტურ დიზაინს, შესაბამისად, რაფის ჯილ სანდერში მოღვაწეობა პირველივე დღეებიდან ბოლომდე წარმატებულად ითვლება.


2012 წლის თებერვალში, ცნობილი გახდა, რომ რაფ სიმონსი ჯილ სანდერს ტოვებდა. მოდის მოყვარულებმა სიახლის კარგად გააზრება ვერც მოასწრეს, როდესაც ინდუსტრია ახალმა ხმებმა მოიცვა – სულ რაღაც 2 თვეში, ბელგიელი დიორის შემოქმედებით ხელმძღვანელად დანიშნეს. მან დიორში ჯონ გალიანო შეცვალა, რომელმაც ფრანგული ბრენდი 2011 წელს გაკეთებული ანტისემიტური განცხადებების სკანდალის გამო დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ რაფ სიმონსის სენსუალური და რომანტიკული ესთეტიკა საკმაოდ კონტრასტული იყო ჯონ გალიანოს თეატრალურ და პომპეზურ დიზაინებთან შედარებით, მისი კოლექციები შერეულ შეფასებებს იღებდა. მან დიორში სულ რაღაც 3 წელი დაჰყო. Dior – ში რაფის მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტური ფილმიც კი გამოვიდა, სახელად – Dior and I, რომელიც იდეალურად აღწერს, თუ რამხელა წნეხის ქვეშ იყო რაფი სამი წლის განმავლობაში. სწორედ სტრესი და ძალიან მოდის სწრაფი რითმი გახდა რაფის დიორიდან წამოსვლის მთავარი მიზეზი.


2016 წელს რაფი ამერიკული საკულტო ბრენდის კელვინ კლეინის შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ ტანდემზე ყველა უდიდეს იმედებს ამყარებდა, თუმცა პირველივე კოლექციაში შეიმჩნეოდა, თუ რამდენად ცუდად შეეწყო რაფი ამერიკულ კულტურასა და დიზაინს. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ, კელვინ კლაინის საცვლების კამპანიაში კარდაშიან/ჯენერებიც კი ვიხილეთ, რაც კელვინ კლაინის მოდის სახლში რაფისთვის, შესაძლოა ითქვას, გარდამტეხი მომენტიც კი აღმოჩნდა. კოლექციიდან კოლექციამდე გაყიდვები სულ უფრო და უფრო ეცემოდა და გამომდინარე აქედან, არავის გაკვირვებია სიახლე, რომელიც 2018 წელს გავრცელდა – სიმონსმა კელვინ კლაინი დატოვა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ რაფის წასვლის შემდეგ, ბრენდის გაყიდვები გაუმჯობესდა, თუმცა მოგვიანებით, მათ Pret-a-porter ჩვენებები მთლიანად გააუქმეს.


კელვინ კლაინის სკანდალის შემდეგ, რაფმა პაუზა აიღო, თუმცა არც ისე დიდი ხნით. 2020 წელს პრადამ მოულოდნელი სიახლე დააანონსა: რაფ სიმონსი პრადას შემოქმედებით თანადირექტორად დაინიშნა. ორი კრეატიული ხელმძღვანელის მიერ შექმნილი პირველი კოლექცია კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის მოლოდინში, 2020 წლის 24 სექტემბერს ვიხილეთ. მიუხედავად დიდი მოლოდინებისა, კოლექციას შერეული გამოხმაურება მოჰყვა. ვერ ვიტყვით, რომ მოდის სამყარომ ის პოზიტიურად მიიღო.

მიუხედავად შეუთავსებლობისა და კრახებისა, რაფ სიმონსი მოდაში მაინც უყვართ და მას პატივს სცემენ. კელვინ კლაინში უდიდესი ფიასკოს პარალელურად, მან 2017 და 2018 წლებში, CFDA-ს ჯილდო მიიღო American Womenswear Designer-ის ნომინაციაში. 2017 წელს მან ამავე დაჯილდოვებაზე გაიმარჯვა ორ ნომინაციებში, წლის მამაკაცისა და ქალის სამოსის დიზაინერის კატეგორიებში. ეს მანამდე მხოლოდ ერთხელ, თავად კელვინ კლეინმა შეძლო, 1993 წელს. გარდა ამისა, ყველაფრის პარალელურად, რაფ სიმონსი მამაკაცის სამოსის საკუთარ ხაზს საკმაოდ წარმატებულად მართავდა და მართავს დღემდე, ის აცვიათ მსოფლიოს წამყვან სელებრითებს, ეისაფ როქიდან რიანამდე.



2005 წელს რაფმა წიგნი გამოუშვა სახელად Raf Simons: Redux, კარიერის პირველი 10 წლის შესახებ.
2008 წელს კანიე უესტმა რაფ სიმონსთან ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალისთვის Interview, რომელშიც ამერიკელმა რეპერმა აღნიშნა, რომ რაფ სიმონსმა დიდი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე, განსაკუთრებით კი ალბომზე 808s & Heartbreak, რომელიც კანიეს კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალბომადაა აღიარებული.