ჟან პოლ გოტიეს შემოქმედებითი ტალანტი მკაცრი შეზღუდვების ფარგლებში მოქცეული არ არის. მისი მემკვიდრეობა ეპატაჟური და, ამავდროულად, შეუდარებელია. გოტიეს ნამუშევრები ერთ წრეში ჩაკეტილი არ არის – თავისუფალია. თანამედროვეობა სხვა დიზაინერებს იმ საზღვრის გადალახვის საშუალებას აღარ აძლევს, რომლის შესაძლო არსებობაც თავის დროზე ჟან პოლმა განსაცვიფრებლად დაივიწყა.

Jean Paul Gaultier Spring 1994 © Condé Nast Archive

როცა გოტიემ ჩვენებების გამართვა დაიწყო მოდის ინდუსტრია ბევრად პატარა და ელიტური იყო, ვიდრე დღეს არის. ოთხმოცდაათიანი წლებიდან დრამატულად იწყება მისი ზრდა, 21-ე საუკუნიდან კი, განსაუთრებით 2010-იანი წლებიდან, მისი პრიორიტეტები და მოთხოვნები თვალსაჩინოდ იცვლება. განსაკუთრებული პრობლემა და დაუსრულებელი კამათის საგანი გახდა კულტურული მისაკუთრება.

2016 წელს მარკ ჯეიკობსი სკანდალში გაეხვა, როდესაც თავის ჩვენებაზე თეთრკანიან მოდელებს აფრიკული ნაწნავები, დრედები ჰქონდათ. საზოგადოება აღაშფოთა ჩინური ჰარპერ ბაზარის ნომერმა რიანას გამოსახულებით, რომელზეც ბარბადოსელ მომღერალს ჩინური ეროვნული კაბის მოდერნიზებული ვარიანტი ეცვა. კარლი კლოსი ვოგის გეიშათი შთაგონებული ფოტოსესიის გამო გააკრიტიკეს და ბოდიშიც მოახდევინეს. საბოდიშო გახდა თორი ბარჩის არჩევანიც, როდესაც 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სარეკლამო კლიპში ხალხმა მოდელების კანის ფერსა და გამოყენებულ მუსიკას შორის შეუსაბამობა დაინახა. სარეკლამო კამპანია გახდა დოლჩე & გაბანას და ჩინეთს შორის დაძაბულობის წარმოშობის მიზეზი. სარეკლამო რგოლში ჩინელი გოგონა ჩინური ჩხირებით იტალიურ სპაგეტს ჭამდა, თუმცა ეს თემა მაშინ სტეფანო გაბანამ თავისი „ღირსეული“ პასუხებით გადაფარა. 2019 წელს, როცა გუჩის შოუზე ინდური ჩალმის მსგავსი თავსაბურავი იყო წარმოდგენილი და ონლაინ საიტზე მთლიანად გაიყიდა, ინდოელებმა დაიწყეს მტკიცება, რომ მათთვის ჩალმა წმინა რელიგიური რწმენის გამოხატულებაა და არა მოდური აქსესუარი. ეს მაგალითები სრულ სურათს მაინც არ ხატავს თუ რამდენად დაგმო მოდის ინდუსტრიამ კულტურული მისაკუთრება და რამდენად ფრთხილად უწევთ ამ სფეროში დასაქმებულებს თითოეული ნაბიჯის გადადგმა, რომ ნებით თუ უნებლიეთ მას არ შეეჯახონ. მაგრამ 1993 წელს დიზაინერებს თავიანთი შემოქმედებითობის გამოხატვის მეტი თავისუფლება ჰქონდათ.

1994 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ჟან პოლ გოტიე სუპერვარსკვლავია. ის ახალგაზრდების კერპია და უკვე შექმნილი აქვს საკულტო კორსეტი მადონას Blond Ambition ტურისთვის. ამ სეზონზე ფრანგმა დიზაინერმა პარიზის გალერეა ვივიენში გამართა ჩვენება, რომელიც ერთ-ერთია ამერიკული ვოგის მიერ დასახელებულ 25 საუკეთესო შოუს შორის ოთხმოცდაათიანი წლებიდან.

Jean Paul Gaultier Spring 1994 © Condé Nast Archive

კოლექციას „ტატუები“ ერქვა. გაგიკვირდებათ და, სწორედ ტატუ იყო ჩვენების მთავარი ვიზუალური მოტივი. იმ პერიოდში ჟან პოლი ძალიან დაინტერესებული და მოხიბლული იყო ტატუს კულტურით. გამოყენებული მოტივები ასევე ეხმიანებოდა თავისი ყოფილი ასისტენტის, მარტინ მარჯიელას 1989 წლის სადებიუტო ჩვენებასაც, რომელზეც ბელგიელმა დიზაინერმა ტატუს პრინტი წარმოადგინა.

Maison Martin Margiela Spring 1989
Jean Paul Gaultier Spring 1994 © Condé Nast Archive

შოუ კულტურათა დაახლოების, გლობალიზაციის, სხვადასხვა დროისა და სივრცის შერწყმის გამოხატულება იყო. ქასთი მოიცავდა როგორც სუპერმოდელებს, ისე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, გოტიეს მეგობრებს თუ სხვა „ნამდვილ ადამიანებს.“

კოლექციაში ვხვდებით ტანსაცმელზე წარმოდგენილ გრაფიტის პრინტის პირველ ნიმუშებს, ჟანა დარკის რეფერენსებს, ჯინსის საშუალებით შემოთავაზებულ მეთვრამეტე საუკუნის ფორმებს, გოტიეს ხელწერად ქცეულ წვრილზოლებიან სამოსს და კორსეტებს.

ჩვენებაზე ოტ კუტიური და ქუჩის სტილი ერთმანეთს შეხვდა. პანკური სულისკვეთება და აღმოსავლური შეხედულებები გაერთიანდა. მოდელებმა პიდიუმზე ინდური სამკაულები – ყურებზე ჯაჭვებით დამაგრებული ცხვირის პირსინგები – და აფრიკული ტომებისთვის დამახასიათებელი აქსესუარები და პრინტებიც წარმოადგინეს.

რა მოხდებოდა იგივე ჩვენება ჟან პოლ გოტიეს დღეს რომ გაემართა? შესაძლოა მისი კარიერა დასრულებულიყო. მაგრამ როდესაც წარსულიდან ყველაზე დასამახსოვრებელ შოუებს ვიხსენებთ, მათ შორის აუცილებლად იქნება მისი 1994 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია, როცა მოდა გაცილებით პატარა სფერო იყო, კრეატიულობის გამოვლენისთვის მისი საზღვრები კი – ბევრად ფართო.