ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მაყურებელი ამერიკელი მხატვრის – ჟან მიშელ ბასკიას შესახებ ბიოგრაფიულ მხატვრულ ფილმს იხილავს. Samo Lives – ასე ჰქვია დაანონსებულ კინოსურათს, რომელშიც მთავარ როლს კელვინ ჰარისონი შეასრულებს.
ბასკიას შემოქმედებითი და პირადი ცხოვრება საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, ამიტომაც კინომიმომხილველები დინამიური განვითარების სიუჟეტს ელიან. მიუხედავად იმისა, რომ ბასკია 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, მან მაინც მოახერხა მსოფლიო ხელოვნების უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერსონად ჩაწერილიყო. წლების შემდეგაც ბასკია სახელოვნებო წრეების, მოდის ინდუსტრიისა, თუ მედიისათვის არც მნიშვნელობას კარგავს და არც აქტუალობას. ის გასული საუკუნის ხელოვანების იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნება, რომელთაც აღიარება ჯერ კიდევ სიცოცხლეში მოიპოვეს. ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეძლო აფროამერიკული წარმოშობის ბრუკლინელმა ბიჭმა გავლენიან სახელოვნებო სივრცეებში შეღწევა და საკუთარი პიროვნებისა და შემოქმედებისაგან ძვირადღირებული ბრენდის შექმნა.
ბასკიას დიდების ისტორია მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება. 1978 წელს, მანჰეტენის ქუჩებში გრაფიტით შესრულებული სიმბოლური მესიჯები გამოჩნდა. ორაზროვანი, პროტესტის შემცველი წარწერები შესრულებული იყო ფსევდონიმით SAMO. ამ სახელს მიღმა ორი არტისტის კოლაბორაციული შემოქმედება იდგა, სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო ჟან-მიშელ ბასკია. მიუხედავად იმისა, რომ ბასკიამ სახელი სწორედ გრაფიტით გაითქვა, დღეს მიიჩნევა, რომ არტისტის წარწერები ქუჩების კედლებზე, მხოლოდ ბავშვური გართობა იყო. მისი ფასეული შემოქმედება 80-იანი წლებით თარიღდება, სწორედ ამ პერიოდიდან აღმოაჩინა მსოფლიომ ქარიზმატული ხელოვანი.
ჟან-მიშელ ბასკია 1960 წელს, ბრუკლინში დაიბადა. მამა, ჰაიტიდან იყო, დედა კი წარმოშობით პუერტო-რიკოდან. მულტიკულტურულ ოჯახში გაზრდამ ბასკიას პიროვნებაზე, ხასიათსა და გემოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ჟან-მიშელი ადრეული ასაკიდანვე საუბრობდა ესპანურად, ფრანგულად და ინგლისურად. ხატვა ბავშვობიდან დაიწყო, ეს მეტწილად დედამისის დამსახურება იყო, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი მეტროპოლიტენსა და სხვა მუზეუმებში დაჰყავდა. ბასკიამ სახლი თინეიჯერობის პერიოდში დატოვა, ის უკრავდა ბენდებში და თავი სხვადასხვა დროებითი სამსახურით გაჰქონდა.
1981 წლიდან ეს რეალობა იცვლება და ჟან-მიშელი, ანონიმური გრაფიტ არტისტი, თანამედროვე სახელოვნებო სამყაროს ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იწყებს ჩამოყალიბებას.
1982 წელს, გალერისტმა ანინა ნოსეიმ ბასკიას შესთავაზა, რომ მის გალერეაში დასახლებულიყო და ემუშავა. ნოსეის გალერეაში ბასკიამ ბევრი დიდებული ნახატი შექმნა. ნიუ იორკის გამოფენებს ექსპოზიციები მოჰყვა ამერიკის და ევროპის სხვადასხვა ცნობილ გალერეაში. როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, ბასკიას სიცოცხლეში აღიარება არტისტის მხრიდან კარიერის დასაწყისში თავისსავე ეგოს დათრგუნვამ და ხელოვნებაში შრომის ჩადებამ გამოიწვია.
მისი შემოქმედება მნახველს შთააგონებდა – ეს იყო ავტობიოგრაფიული ნამუშევრები, რომლებიც საოცარი გულწრფელობით ხასიათდებოდა. მხატვრის თითქმის ყველა პერსონაჟს ავტორთან გარეგნული მსგავსება და სიმბოლური კავშირი აქვს.
ბასკია ცნობისმოყვარე ადამიანი იყო, სწორედ ეს ცნობისმოყვარეობა აღმოჩნდა მისი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი. მას მრავალმხრივი ინტერესები ამოძრავებდა, ჰქონდა სხვადასხვა ჰობი – იტაცებდა კრივი და უყვარდა ჯაზი. ეს ინტერესები არტისტს შთაგონებას აძლევდა და მის ხელოვნებაში საინტერესოდ ტრანსფორმირდებოდა. ცნობილია ჟან-მიშელ ბასკიას და პოპ არტის ფუძემდებლის ენდი უორჰოლის მეგობრობა, რომელიც 1981 წლიდან დაიწყო. ორი იმპულსური ხელოვანი მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრში იყო. ისინი ერთად ჩდებოდნენ წვეულებებზე, ფოტოსესიებში, სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეებში. ბასკიას და ენდი უორჰოლს ბევრი რამ აკავშირდებდათ – მათ იდეალურად შეძლეს ხელოვნების კომერციალიზაცია, თუმცა, ისე, რომ შემოქმედებას მხატვრული ღირებულება შეუნარჩუნეს.
საყოველთაო წარმატების შემდეგ, ბასკია უამრავ ფულს ხარჯავდა ძვირადღირებულ ნივთებზე, ტანსაცმელზე და გართობაზე, – “ჟან-მიშელი იქცა იმად, რასაც აკრიტიკებდა“, — თქვა მისმა დიდი ხნის მეგობარმა, კით ჰარინგმა. ბასკიას გამორჩეულმა იმიჯმა მოდის ინდუსტრია და ვიზუალური ხელოვნების სხვადასხა დარგიც შთააგონა.
ჟან-მიშელ ბასკია 1988 წლის 12 აგვისტოს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირება იყო. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში, მხატვარი დეპრესიას ებრძოდა, რომელიც მისი უახლოესი მეგობრის, ენდი ორჰოლის სიკვდილის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმწვავდა. გარდაცვალების შემდეგ, ბასკიას გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა გავლენიანი საგამოფენო დარბაზის სივრცეებში გაიმართა.
აუქციონებზე, მისი ნახატები დღემდე რეკორდულ ფასად იყიდება. მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე ცობილი ნამუშვარი – 1982 წელს შესრულებული უსათაურო ნახატი, 2017 წელს სოთბის აუქციონზე, 110.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.