პროენზა სქულერის ლაზარო ჰერნანდეზმა და ჯეკ მაკქალამ WWD-სთვის მიცემულ ინტერვიუში არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის თავიათი ბიზნესის განვითარების გეგმაზეც. ინტერვიუდან ვიგებთ, რომ ახალი გეგმის თანახმად, კოლექციების მიწოდებას სეზონების შესაბამისად გეგმავენ, რაც, პირველ რიგში, იმას გულისხმობს, რომ კოლექციების „სეზონური სიცოცხლე“ გახანგრძლივდება. პროენზა სქულერის Pre-Fall კოლექციის მიწოდება ივნისიდან ივლისის ჩათვლით მოხდება, 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კი სექტემბერსა და ოქტომბერში. გარდა ამისა, 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის შექმნას და წარმოებასაც გეგმავენ, რომლის ჩვენებაც შესაძლოა სექტემბრის ნაცვლად აგვისტოში გამართონ.
ლაზარო: „დიზაინერებისგან გვესმის ისტორიები როგორ მუშაობენ ქსოვილზე გარეთ ან როგორ ხატავენ ესკიზებს სანთლის შუქზე და ამით შთაგონებას იღებენ. ძალიან კარგი მათთვის, მაგრამ ეს ჩვენი რეალობა არ არის. ბედნიერი ვიქნებოდი ახლა ეს ღრმა შემოქმედებითი მომენტი რომ მქონდეს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ კომპანია განვსაზღვროთ, მისი რესტუქტურიზაცია მოვახდინოთ და სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ.
გასული კვირების განმავლობაში ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლებთან ხშირი კავშირი გვქონდა და მომავლის გეგმებს ვსახავდით. დაგეგმვის ეტაპი უკვე გავიარეთ, ახლა „გეგმის შესრულების ეტაპზე“ ვართ.“
ჯეკი და ლაზარო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენებების სისტემასაც, თუმცა მისი არსებობის აუცილებლობასაც უსვამენ ხაზს.
ლაზარო: „გვჯერა ამ ძველ სკოლას მიკუთვნებული სისტემის, მისი მშვენიერების და არტისტულობის. ამავდროულად, ვფიქრობდით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენსავით დამოუკიდებელი და შედარებით პატარა ბრენდისთვის ჩვენების ჩატარება, მიუხედავად ხარჯების და სტრესისა. შესაძლოა ეს შესაძნიშნავია, მაგრამ არ არის აუცილბელი სეზონური ხასიათი ჰქონდეს. შეიძლება შოუ მაშინ მოაწყო, როდესაც რაღაც მართლა განსაკუთრებული გექნება სათქმელი. პასუხები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენების იდეის გარშემო შეკითხვები უკვე დიდი ხანია, რაც გვაქვს.“
მათთვის საინტერესოა ჩვენების ჩატარების განსხვავებული, კიდევ უფრო ძველი ფორმატი, რომელიც თანამედროვეობაში ფაქტობრივად აღარ გვხდება. ლაზაროს მაგალითად მარტინ მარჯიელას შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილი მარტინის ერმესისთვის შექმნილი პირველი კოლექციის ჩვენება მოჰყავს, რომელიც ბრენდის მაღაზიაში გაიმართა. ჩვენებას ბაიერებისგან და პრესის მნიშვნელოვანი წარმომადგენლებისგან შემდგარი პატარა აუდიტორია ესწრებოდა.
ჯეკი: „შეიძლება დავიწყოთ ჩვენებების ჩატარება, რომლებსაც მხოლოდ 50 ადამიანი დაესწრება. ისინი პატარა და ინტიმური იქნება მოდელების და ლუქების განახევრებული რაოდენობით. რაღაც ჩვენს [საპოდიუმო] შოუებს და პრე-კოლექციების [შოურუმის] პრეზენტაციებს შორის. ყოველ შემთხვევაში, ახლა ეს აზრი ყველაზე მართებული ჩანს.“
დიზაინერები მდგრადობის და მასალის ხელახლა გამოყენების იდეასაც ემხრობიან. მეტიც, ჩვენ შეიძლება პროენზა სქულერის შთამბეჭდავი კოლექციებიდან ბევრი დეტალი კიდევ ერთხელ ვიხილოთ.
ლაზარო: „მდგრად ქსოვილებს და აღდგენილ ძაფებს ვიკვლევთ. ჩვენი დიდი არქივიდან ვიღებთ რაღაც ქსოვილებს. რა საჭიროა სულ ახალი ქსოვილები ვიყიდოთ? ქსოვილებით სავსე საწყობი გვაქვს. რატომ არ უნდა დავჯერდეთ მათ, ნაცვლად ამდენი ახლის ყიდვისა. მათი ტვიდად გარდაქმნაც შეიძლება.
რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის, რაც გვაქვს და გამოვიყენოთ ეს უფრო მშვიდი, მდგრადი მიდგომა, რომელიც არ მოითხოვს ადამიანების იტალიაში ხუთჯერ ჩაფრენას იმისთვის, რომ უბრალოდ სათანადო ფერის ქსოვილი იშოვონ? ძალიან ბევრი ფული და დრო იხარჯება, ამდენი მოგზაურობა.. ნუთუ არ არსეობს გამოსავალი ვაკეთოთ რაღაცები, რაც მსოფლიოსთვის, გარემოსთვის უფრო მზრუნველობითი, უფრო ინტიმური, ლოკალური და კუსტარულია?
შეიძლება ძველ პატერნებსაც დავუბრუნდეთ, იმ ლამაზ რაღაცებს, რაც წარსულში გაგვიკეთებია. ხელახლა შევქმნათ ისინი და ახალი სიცოცხლე მივანიჭოთ იმის მაგივრად, რომ ყოველ სეზონზე ვივიწყებდეთ მათ და თავიდან ვიწყებდეთ. ეს მენტალობა ძალიან მოძველებული მეჩვენება.“
მაგრამ მოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიბლი მისი მიდრეკილებაა მუდმივად რაღაც სიახლეს ნერგავდეს, მაშინაც კი, როდესაც ძველს უბრუნდება. ჩვენ ნამდვილ შემოქმედებს ვავალდებულებთ, თავიანთი ხედვა მუდმივად განავითარონ და ვთხოვთ, ყოველ სეზონზე რაღაც განსხვავებული წარმოგვიდგინონ. და მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ამ ინდუსტრიის მასშტაბები წარმოუდგენლად გაიზარდა და ყველაფერმა ახალი დანიშნულება და აზრი შეიძინა, გარკვეულ ხალხში სურვილი, შოუებს კრეატივი ასაზრდოებდეს და არა მარკეტინგი, ნახულობდნენ რაღაც ახალს, რაც გააოცებთ, ყოველთვის იარსებებს. ეს პროენზას ბიჭებმაც იციან.
ლაზარო: „მიუხედავად ამ აზრის მართებულობისა, როდესაც პროფესიონალებისგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე შენს ნამუშევარს წარმოადგენ, ისინი უნდა გააკვირვო. ეს არის ჩვენების მთავარი აზრი. [ამ აუდიტორიას] ყველაფერი უნახავს, რაც პოდიუმზე მომხდარა, ამიტომ რაღაც ახალი უნდა გააკეთო, რომ პრესაზე შთაბეჭდილება მოახდინო.
ამისთვის ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო. შეიძლება ახლა ეს მიდგომა შეიცვლა, რომ ყოველ სეზონზე, სეზონიდან სეზონამდე, რადიკალურად იწყებდე ხელახლა ფიქრს და ზაზუნას ბორბალს ქმნიდე. შეიძლება ახლა უფრო მნიშვნელოვანი შენელებაა. სწორედ ეს გვესმის ჩვენი მომხმარებლებისგან — უფრო ნელი მოდა. ასეთ პრეზენტაციებზე ვფიქრობთ.“