რა გვახსენდება პირველი, როდესაც სპორტ დარბაზზე ვფიქრობთ – თანამედროვე სავარჯიშო მოწყობილობები, ენერგიული მუსიკა, მეგობრული გარემო, პროფესიონალი ტრენერები და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ადამიანები. ნებისმიერი ფუნქციური სივრცის სწორად წარმოჩენისას, უდიდეს როლს თამაშობს ინტერიერის დიზაინი – ეს ასეა სავარჯიშო დარბაზების შემთხვევაშიც. იმისათვის, რომ მისულ სტუმრებს შესაბამისი განწყობა შეექმნათ, ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. ინდუსტრიული განათება, თემატურად განაწილებული ზონები, კედლებზე დატანილი მამოტივირებელი წარწერები – ეს ის დეტალებია, რომელსაც თითქმის ყველა სპორტ დარბაზში შეხვდებით. თუმცა, ფიტნეს აღჭურვილობის მწარმოებელმა პოლონურმა კომპანია PENT.-მა გადაწყვიტა, ყველა არსებული სტანდარტი დაემსხვრია და თანამედროვე სპორტ დარბაზებისათვის ვინტაჟური ესთეტიკის ორიგინალური დეტალები შეეთავაზებინა.

თავისი ხედვით და მიდგომით, PENT. ძვირადღირებული სასტუმროების და პრემიუმ სპა სალონების ერთ-ერთ რჩეულ პარტნიორად იქცა. გარდა ამისა, კომპანია კერძო სახლებისათვის ფიტნეს ზონების მომწყობი დიზაინერების ფავორიტი ბრენდიც გახდა, რამდენადაც შემოთავაზებულ პროდუქციას არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ ესთეტიკური და დეკორატიული დატვირთვაც აქვს.