ხშირად ხდება, როდესაც მოდის ინდუსტრია მოდელისთვის ახალი იმიჯის მორგებით თავად ქმნის თავისი შემოთავაზებული პროდუქტის სახეს. როდესაც ამ საქმეში ერთვები, გიმართლებს, ერთ-ერთი წამყვანი ხდები და რომელიმე ბრენდი შენ გირჩევს თავისი პროდუქტისთვის რეკლამის გასაწევად, შესაძლოა მოისურვოს ამისთვის უფრო სახასიათო გაგხადოს თუ ეს მანამდე იმან არ გადაწყვიტა, ვინც შენს თავს ბრენდს სთავაზობს. მცირე ცვლილებით, ჩვეულებრივი გოგონა შესაძლოა ინდუსტრიის ხატად იქცეს. თუმცა, რა თქმა უნდა, მცირე ცვლილება საკმარისი ვერ იქნება თუ მას საფუძველი არ გააჩნია. იშვიათად, მაგრამ არიან ისეთებიც, კარიერის საწყის ეტაპზევე რომ ფლობენ რაღაც ისეთს, რასაც ისინი ყოველგვარი კორექციის გარეშე აჰყავს მწვერვალზე. მაგრამ თუ გაქვს პოტენციალი, იყო ტოპი, უმეტეს შემთხვევაში, ჯერ საჭიროა შენი თავი გახადო უკეთესი, რათა შემდეგ უფრო სასურველი მოდელი გახდე.

© Peter Lindbergh/2b Management

საკუთარ თავზე მუშაობა აუცილებელია. ტოპ მოდელს უნდა ესმოდეს, რომ ინდუსტრიამ შანსი მისცა, რადგან მასში აღმოაჩინა შესაძლებლობა, სხვები შთააგონოს, საზოგადოებაზე გავლენა მოახდინოს, გაყიდოს სხვებზე უკეთ. ეს მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დანიშნულებაა. აუცილებელია საზოგადოების სიმპატიის მოპოვება, რადგან ის იმას არ შეიძენს, რისი სახეც მისთვის მიუღებელი პიროვნებაა, ინდუსტრიისთვის კი უმეტეს შემთხვევაში ხალხის აზრი გადამწყვეტია.

იმ კონკურენციის გათვალისწინებით, რაც სამოდელო სფეროში არსებობს, მოწინავე პოზიციაზე მყარად რომ დადგე, სასურველია არ ჰგავდე სხვას, იყო განუმეორებელი და ასპარეზზე გამოხვიდე, როგორც სხვებისგან განსხვავებული პერსონაჟი. შესაძლოა ადამიანი თავად ვერ ხვდებოდეს რა გააუმჯობესებს მის გარეგნობას. თუ თავად ვერ განსაზღვრა ან არ გარისკა, საშუალება უნდა მისცეს ინდუსტრიაში მოღვაწე პირებს ან სხვა სანდო მრჩეველებს, დააკვირდნენ და სცადონ მისგან რა გამოუვათ, რადგან ახალმა იმიჯმა შესაძლოა გარკვეული წარმატების მიღწევაში შეუწყოს ხელი.


1988 წელს, თმის სტილისტმა, Julien d’Ys-მა ლინდა ევანჯელისტას მისთვის თმის შეჭრით იმიჯი შეუცვალა. ჯულიენმა, როგორც თავად ამბობს, ზუსტად არ იცოდა რას აკეთებდა, მაგრამ ხვდებოდა, ცვლილება საჭირო იყო. ლინდამ გარისკა, ნება დართო საკუთარ თავზე ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ. არ იცოდა ამას რა შედეგი მოჰყვებოდა, შეშინებული ტიროდა. ჯულიენის ამ ნაბიჯმა გაამართლა, ლინდაც მიხვდა, რომ სტილისტის ნდობა ღირდა.

“ის ტიროდა, მე კი ძალიან ვნერვიულობდი,” – იხსენებს ჯულიენი ვოგისთვის მიცემულ ინტერვიუში. “მხარზე შევეხე და ვუთხარი: “შედეგი ან კატასტროფული იქნება, ან შესანიშნავი.” სანამ არ დავიწყე, არ ვიცოდი რის გაკეთებას ვაპირებდი.”

© Peter Lindbergh/2b Management

ლინდას ახალი იმიჯი მრავალი ადამიანისთვის მისაღები აღმოჩნდა. მოდელი, რომელიც როგორც თავად ამბობს, თავისუფალ დროს საკუთარ თავზე მუშაობისთვის იყენებდა, მალევე გახდა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. წლების განმავლობაში „ქამელეონადაც“ იქცა. მისი საუცხოო გარეგნობის, საქმისადმი გამოჩენილი დამოკიდებულების და პიროვნების წყალობით სუპერმოდელის სტატუსიც მოიპოვა. ცვლილება სარისკოა, თუმცა ხშირ შემთხვევაში წარმატების მიღწევის გარანტიც.

ლინდას ვარცხნილობის შეცვლა ფოტოგრაფმა პიტერ ლინდბერგმა ურჩია. სწორედ მან აღბეჭდა 1988 წელს მომენტი, რომელმაც ევანჯელისტას კარიერა შექმნა.