ივ სან ლორანის ლეგენდარული მეორე ნახევრის და ბიზნეს პარტნიორის, პიერ ბერჟეს ინტერვიუ The Talks – თან, ქართულად ნათარგმნი:

მისტერ ბერჟე, მართალია რომ პირველად ივ სან ლორანს Christian Dior-ის დაკრძალვაზე შეხვდით 1957 წელს ?

ფოტოში გვნახავთ ერთად მგლოვიარე სტუმრებთან ერთად, თუმცა რეალურად მას 1958 წლის 3 თებერვალს შევხვდი მარი-ლუი ბოსკეტის მიერ ორგანიზებულ სადილზე. Dior-ში მისი პირველი კოლექციის ჩვენებიდან 3 დღის შემდეგ მისალოცად მივედი. 6 თვის შემდეგ ერთად ვცხოვრობდით.

ამ შეხვედრაში რა იყო ისეთი, რამაც შენი ყურადღება მიიპყრო ?

მაშინ მოდაზე ბევრი არაფერი ვიცოდი. კრისტიანის ძალიან ახლო მეგობარი ვიყავი და ასევე სხვა ისეთი ოტ კოტიურის მასტერების, როგორიცაა Balenciaga, თუმცა ჩემთვის მოდა ხელოვნება არ იყო. ჩემს თვალში ის უბრალოდ იყო რაღაც, რისგანაც ფულს აკეთებდნენ. მაგრამ Dior-ში მისი პირველი შოუს დილას მივხვდი, რომ რაღაც დამემართა. გავაანალიზე რომ სულელი ვიყავი. მიყვარდა რასაც ვუყურებდი და ვიცოდი Yves Saint Laurent-ი მოდის დიდებული დიზაინერი იქნებოდა.

მას შემდეგ რაც სან ლორანი დიორიდან მოხსნეს ჯარში წასვლაზე თავის არიდების გამო, მასთან ერთად დააარსეთ მისივე სახელობის ბრენდი და 40 წელზე მეტი CEO იყავით, ძალიან გრძელი და წარმატებული თანამშრომლობა იყო.

ჩვენს შორის ბერლინის კედელი იყო. არასდროს ჩავრეულვარ მის შემოქმედებით დიზაინში კომერციული მიზეზების გამო და თვითონაც არასდროს მოსულა ჩემთან ფულზე სალაპარაკოდ. არასდროს.

Yves Saint Laurent-ისთვის ფული მნიშვნელოვანი არ იყო ?

არა. რადგან მენდობოდა და ასევე, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ფული ჰქონდა. თუმცა არასდროს იცოდა რამდენი ჰქონდა. არასდროს. ფული მისთვის რაღაც უცხო იყო.

ალბათ, ეს არის მიზეზი, რომ ასეთი საოცარი კოლექცია შექმენით. შეგეძლოთ ყველაფერი დაუფიქრებლად გეყიდათ, რაც მოგეწონებოდათ ?

თავიდან ასე ადვილი არ იყო. როცა ჩვენი ბიზნესი დავიწყეთ ფული არ გვქონდა, თუმცა, მოგვიანებით ფული საკმარისად მნიშვნელოვანი არ იყო, რომ ხელოვნებაზე არ დაგვეხარჯა. ძალიან ვამაყობდით იმ კოლექციით, რომელიც შევქმენით.

მისი სიკვდილის შემდეგ ყველაზე დიდ დახურულ აუქციონზე 373,500,000 ევროდ გაყიდეთ. რატომ გაყიდეთ თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო ორივე თქვენგანისთვის ?

როდესაც ივის სიკვდილის შემდეგ კოლექციის გაყიდვა გადავწყვიტე, ეს არამარტო ნოსტალგიური გადაწყვეტილება იყო, არამედ ასევე ფულის გამო მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა ფული ჩემთვის არ იყო. როგორც იცით, ფონდი გვაქვს, რომელიც ფულს საჭიროებს და ამ ფულის დიდი ნაწილი სწორედ ამ ფონდში წავიდა. ბევრი, ბევრი მისწრაფება მაქვს, როგორიცაა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლა, თეატრებისთვის მხარის დაჭერა და ბევრი სხვა. კოლექციის გაყიდვა ძირითადად ამ მიზეზით გადავწყვიტე – ფული მქონოდა ამ მიზნებისთვის.

სიკვდილის მომენტში მასთან იყავით ?

რა თქმა უნდა, მონრეალში მქონდა გადაწყვეტილი წასვლა უიქენდზე გამოფენაზე დასასწრებად როდესაც ექიმისგან ზარი მივიღე. მითხრა, რომ ერთი ან ორი კვირის საკითხი იყო. მანამდეც და ამის შემდეგაც მის გვერდით ვიჯექი.

ტვინის სიმსივნე ჰქონდა. Yves Saint Laurent-მა იცოდა, რომ მისი სიკვდილი ახლოვდებოდა?

არა, არასდროს იცოდა. ექიმა მითხრა, რომ არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა და ერთად გადავწყვიტეთ, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა არ ცოდნოდა. იცით, მჯერა, რომ ივი საკმაოდ ძლიერი არ იყო, რომ ეს მიეღო.

პიერ ბერჟე

თავი როგორ იგრძენით, როცა ის აღარ იყო ?

ალიან რთული და თითქმის შეუძლებელია აღწერა. თუმცა, ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ ეს ცხოვრებაში: ძალიან განსხვავდება, როდესაც ვინმე მოულდონელად გარდაიცვლება ავარიით, ან ინსულტით, ან ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. თითქოს, ველოდი და ეს დამეხმარა, რომ ამ დიდი დანაკლისისთვის მომზადებული ვყოფილიყავი.

გული გწყდებათ, რომ მოდის სამყაროში აღარ მუშაობთ ? გენატრებათ ბიზნესის ასპექტები მას შემდეგ რაც Yves Saint Laurent-თან ერთად დაანებეთ თავი ამ სფეროს ?

არა. ალბათ, იმიტომ, რომ მოდის ინდუსტრია ასეთი არ იყო წარსულში. ნოსტალგიური არ ვარ – მძულს ნოსტალგია – თუმცა ბედნიერი ვარ, რომ დღეს მოდის ბიზნესში არ ვმუშაობ. ვწუხვარ ამას რომ გეუბნებით, მაგრამ ახლა ადვილი არ არის მოდურ ჟურნალებთან მუშაობა.

რატომ ?

სან ლორანთან ფულზე არასდროს ვსაუბრობდით, ჩვენ არასდროს გაგვიცვლია წინა ყდა რეკლამაში, ამაზე არასდროს გვისაუბრია. არასდროს. ნება მომეცით რაღაც გითხრათ: Couture House ’62-ში გავხსენით და 1963-ში უკვე წინა ყდებზე ვიყავით და ასევე ჟურნალის შიგნით მთლიან ფურცლებზე. ფიქრობთ, რომ ეს დღეს შესაძლებელია ? ახალი Saint Laurent-ითაც კი ?

Yves Saint Laurent-ს დღევანდელი მოდის ინდუსტრია შესძულდებოდა ?

რა თქმა უნდა! ივი სწორ დროს წავიდა ამ ბიზნესიდან და სწორ დროს გარდაიცვალა. ვწუხვარ ეს რომ უნდა გითხრათ, მაგრამ ჩემთვის ძალიან რთულია იმის გაგება, თუ რა დაემართა მოდის ბიზნესს. მხოლოდ ფულისა და მარკეტინგის საკითხია. ნიჭზე არასდროს ვსაუბრობთ – ეს მნიშვნელოვანი არ არის. მხოლოდ გაყიდვებზე ვსაუბრობთ. Yves Saint Laurent-ს შეძულდებოდა
ეს.

რას დაასახელებდით მის ყველაზე დიდ მიღწევად მოდაში? განსაკუთრებით ’60-იანებში, Yves Saint Laurent-ი და მის ირგვლივ მთელი კომპანია ახალი მიმართულებით წავიდა.

Saint Laurent-ი Chanel-თან ერთად მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერია. დიზაინერების სხვა ეპოქა იყო, გენიოსების ეპოქა. მინახავს არაჩვეულებრივი კაბები Balenciaga-სა და Christian Dior-ის მიერ – თუმცა განსხვავება ამ დიზაინერებს და Chanel-სა და Saint Laurent-ს შორის ის არის, რომ ისინი ესთეტიურ სფეროში დარჩნენ. Saint Laurent-ი და Chanel სოციალურ სფეროში წავიდნენ – მათ მთელი მსოფლიოს ქალების ცხოვრება შეცვალეს.

ზუსტად როგორ ?

Chanel-მა ქალებს დამოუკიდებლობა მისცა; ვფიქრობ, Saint Laurent-მა მათ ძალაუფლება მისცა. დღეს შეგვიძლია ამის დანახვა, ყოველ დღე.

მას ყველა გენიოსად თვლიდა და უფრო და უფრო ძლიერი გახდა სამუშაოსა და ცხოვრებაშიც. თქვენი აზრით, რატომ გახდა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ’70-იანების შუა პერიოდში ?

რთულია იმაზე პასუხის გაცემა, თუ რამ მიიყვანა დამოკიდებულებამდე. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ივმა არაჩვეულებრივი კოლექციები შეჰქმნა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამოყენებით. ამან ძალიან გაართულა მისი დამოკიდებულების შეჩერება.

ყოველთვის ქმნიდა ?

ყოველთვის. სხვას არაფერს აქცევდა ყურადღებას – არც ვინმეს. მარსელ პროსტმა ეს ძალიან კარგად ახსნა: მან თქვა, რომ თუ გენიოსი ხარ, საკუთარი თავით ხარ დაკავებული – და მართალიცაა. ვიოლა.

Yves Saint Laurent-ს ხშირად აღწერდნენ დეპრესიულ ადამიანად და ბიზნესიდან წასვლის სიტყვაშიც თქვა, “მრავალი ტკივილი გამოვიარე, მრავალი ჯოჯოხეთი; გავიცანი შიში და საოცარი მარტოობა; მოღალატე მეგობრები, რომლებიც ტრაკვილიზატორები და ნარკოტიკები აღმოჩნდა; ტყვეობა, რომელიც დეპრესია და მენტალური ჯანმრთელობის კლინიკები შეიძლება იყოს.” მაგრამ, Yves Saint Laurent-ი ხომ იყო ის, ვინც ყველაფერს მიაღწია ? რა შეიძლება ყოფილიყო ის, რამაც ასე დაასევდიანა ?

ვფიქრობ, დეპრესიით დაიბადა. მოგვიანებით კი პოპულარობის გამო იტანჯებოდა, რადგან მიხვდა, რომ მან არაფერი მოუტანა.

უწოდებდი Yves Saint Laurent-ს გენიოსს, რომელსაც მილიონობით ადამიანი ადიდებდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ტრაგიკულ პიროვნებას ?

Saint Laurent ხელოვანი იყო და ხელოვანი ყოველთვის შინაგან რეალობასთან თამაშობს. თამაშის წესები უნდა იცოდე, მე შევძელი მასთან კარგად გამკლავება. ჩვენ ბევრი ბედნიერი მომენტი გვქონდა.

ყველაზე ბედნიერი როდის იყო ?

მეგობრებში ყველაზე სასაცილო იყო. თუმცა, ვფიქრობ, ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როდესაც კოლექციას დაასრულებდა და აპლოდისმენტებსა და ფეხზე მდგომ ოვაციებს იღებდა. ამის შემდეგ მისი მისია დასრულებული იყო. ფეიერვერკივით იყო, შემდეგ კი ისევ თავიდან იწყებოდა.