“სიშიშვლე გადაღებებზე თითქმის არასდროს წარმოადგენს პრობლემას, იმიტომ, რომ ეს გოგონების პროფესიისთვის ისეთივე ბუნებრივია, როგორც დრეს-კოდი ოფისში. მიუხედავად ამისა, უარიც არა ერთხელ მიმიღია. მაგალითად “ჩემს შეყვარებულს არ უნდა, რომ მე ეს გავაკეთო” ან, მაგალითად, “ამისთვის ძალიან მორცხვი ვარ.” 6 თვეში კი, ზოგი უკვე მზადაა და მე მათ ვიღებ. ზოგი არასდროსაა მზად. ზოგიც მოდის და მეკითხება, მე კი, თუ ეს მათი სურვილია, ვეუბნები, რატომაც არა. იმ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, როცა მოდელი 18 წელს არაა გადაცილებული. მაშინ ეს მშობლების თანხმობით ხდება. მშობლებმა იციან მე როგორ ვმუშაობ, იცნობენ ჩემს ნამუშევრებს. ეს არ არის ეროტიკა ან პორნოგრაფია. ძირითადად ორივე მშობელთან მიწევს ლაპარაკი, მაგრამ ლეტიცია კასტას შემთხვევაში მხოლოდ დედას ვესაუბრე და გადაღებაც შედგა. მაგრამ ასეთი შემთხვევა ძალიან დიდი იშვიათობაა. 

გადაღებებზე ძირითადად მე და მოდელი ვართ. იშვიათად, მახლავს ასისტენტი. ჩემი ფოტოგრაფია უფრო რაღაც-რაღაცების გამოკლებაა, ვიდრე დამატება. ყველას გვაქვს ემოციების ნიღაბი, მე ამ ნიღბების გვერძე გადადება მიყვარს. მანამ, სანამ რაღაც რეალურს და ნამდვილს დავინახავ. ეს არის ჩემი ტექნიკა, ან ის, რასაც ჩემს ტექნიკად ვთვლი. 

თვალები სხეულის ყველაზე ექსპრესიული ნაწილია. შემდეგ ხელები და ტუჩები. მაგრამ თვალებში ყველაფრის ამოკითხვაა შესაძლებელი, ეს არის “გასაღები” კარგი ფოტოსი. თუ ფოტოში გოგონას გამოხედვა არ მომწონს, მთლიანად ფოტოც არ ივარგებს. თუ, რა თქმა უნდა, მას თვალები არ აქვს დახუჭული, ან რამე მსგავსი. 

გადაღების დღეს, მოდელი, სტილისტი, მაკიაჟის სპეციალისტი, და კიდევ სხვები – ყველა სხვადასხვა ხასიათზე იკრიბება ერთად, ზოგი ტირის, ზოგი იცინის, ზოგი გაბრაზებულია, ზოგს არ ვიცი, ძინავს და საბოლოოდ ეს ყველა სხვადასხვა ენერგია აისახება ფოტოზე. შეუძლებელია დაგეგმო ის, თუ რა შედეგს გამოიღებს ესა თუ ის ფოტოსესია. მე მომწონს ეს. სწორედ აქ იკვეთება ნამდვილი კრეატიულობა. 

არ ვარ ფოტოგრაფი, რომელსაც 24/7 ფოტოკამერა აქვს ჩამოკიდებული კისერზე და ცდილობს ყველაფრის ფირზე აღბეჭდვას იმის შიშით, რომ ეს მომენტი აღარ დადგება. ყველა და ყველაფერი არ შთამაგონებს. ხედები ფანჯრიდან, ან ლამაზი გოგონა ქუჩაში – დიახ, მაგრამ არა ყველა და ყველაფერი. ჩემი ცხოვრება სავსეა ფოტოებით, რომლებიც არ გადამიღია. შესაძლოა ერთ დღეს ამაზე წიგნი დავწერო, გადაუღებელ ფოტოებზე (იცინის).

დღესდღეობით უამრავი ფოტოგრაფია. ადრე ასე არ იყო. ნებისმიერს შეუძლია დაიჭიროს ფოტოკამერა და გადაიღოს რამე. ფოტოების კონცეფციამ და დანიშნულებამაც განიცადეს ცვლილებები. ადრე ისინი წიგნების და ჟურნალების ყდებზე იყო. ახლა კი ფოტოები ინტერნეტსივრეში, ჩვენს მონიტორებზეა და შესაბამისად ბევრად უფრო დიდი აუდიტორია უყურებს მათ. ეს ყველაფერს ცვლის. “