თუ ადგილი თავის დანიშნულებას სცდება, სხვა ფუნქცია და მნიშვნელობა ენიჭება, მიზეზი დიდი ალბათობით მისი გაჰიტებაა. უეცრად ჩნდება ახალი სივრცეები, რომლებიც ბოლომდე აუხნელ მიზეზთა გამო ყველასთვის სასურველი დანიშნულების პუნქტი ხდება, ძველებს გზას უღობავს და წამყვანი ხდება. ოთხმოცდაათიან წლებში ასეთი კაფე ტაბაკი იყო, პირველი ლაუნჯის ტიპის რესტორანი, სადაც არავინ მიდიოდა საჭმლისთვის. როგორც ამბობენ, უფრო მარტივია იმის თქმა თუ ვინ არ დადიოდა კაფე ტაბაკში, ვიდრე იმის თუ ვინ მიდიოდა. იქ იყო ყველა, ვინც მაშინ რაღაცას წარმოადგენდა.

რესტორანი 1992 წელს ნიუ-იორკში 28 წლის როი ლიბენთალმა თავის ბიზნეს პარტნიორ ერნესტ სანტანიელოსთან ერთად გახსნა. მისი ისტორია ხანმოკლეა, თუმცა უჩვეულო და შთამბეჭდავი.
„ოცდახუთი წლის განამვლობაში მასთან დაკავშრებით უამრავ ადამიანს იმდენი ამბავი მოუყოლია, მე კი ყოველთვის მიკვირდა, „ვაუ, ნუთუ ეს მართლა მოხდა?“
როი ლიბენთალი

როიმ, ჟურნალისტმა ჯორჯ უეინმა, პუბლიცისტმა კელი ქათრონმა და ფოტოგრაფმა სანტე დ’ორაციომ The Face-სთან საუბარში გაიხსენეს ადგილი, რომელთან დაკავშირებული ისტორიების მოსმენა ორი დეკადის შემდეგაც საინტერესოა.
„იქ ყველაფერი იყო. ყველაფერი. ადამიანებს სექსი ჰქონდათ, ითიშებოდნენ, აღებინებდნენ, იცინოდნენ, ერთმანეთს კოცდნიდნენ, ცეკვავდნენ, ეცემოდნენ. დარწმუნებული უნდა ყოფილიყავი, რომ თუ იქ იყავი აქედან რომელიმე შენც შეგემთხვეოდა. [იცინის] მართლა ძალიან ინსაიდერული და შეშლილი ადგილი იყო. ისეთი მხიარულება, იმდენი სიყვარული, სულისკვეთება და საინტერესო ადამიანი იყო იმ ოთახებში. ის აუთენტური იყო, სწორედ ამან აქცია ასეთ დიდებულ ადგილად.“
კელი ქათრონი

ეს ის ადგილია, სადაც ჯორჯ უეინის დამსახურებით ქეით მოსი და ჯონი დეპი ერთმანეთს შეხვდნენ.
„ქეითი ნაომისთან ერთად შემოვიდა. ჯონიც იქ იყო, თავის რამდენიმე მეგობართან ერთად სადილობდა. ქეითს ხელი ჩავჭიდე და ვუთხარი: „წამოდი, მინდა ჯონი გაგაცნო.“ ასეც მოვიქეცი, ეს იყო და ეს. არ მეგონა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო ხუთ-ვარსკვლავიან სასტუმროებს გაანადგურებდნენ. მაგრამ ეს მოხდა. მე უბრალოდ პატარა დრამის წარმოშობა მინდოდა. ვიფიქრე, რატომაც არა?“
ჯორჯ უეინი

იქ ნაომი ქემბელი თავის ბრაზს არ მალავდა და არც ბოთლების სროლას ერიდებოდა.
„რატომღაც მე და ნაომის ერთმანეთის მიმართ ყოველთვის გაორებული გრძნობები გვქონდა. 1993 წლის 14 დეკემბერს მას ყალბი იამაიკელი ვუწოდე. ვუთხარი: „შენ იამაიკაშიც კი არ დაბადებულხარ. დედაშენი შეიძლება იყო, მაგრამ შენ არ ხარ იამაიკელი.“ შემდეგ თავისი წყლის ბოთლი მესროლა, სახეში წყალი შემასხა, მე კი შამპანურის ჭიქა დავაცალე. ხალხით სავსე რესტორანში მომსდევდა. მე და ნაომი ყოველთვის ისე ვჩხუბობდით, როგორც კატები და ძაღლები, მაგრამ ის მიყვარს. ჩემთვის დასავით არის, მაგრამ სძულს ის ფაქტი, რომ ყალბი იამაიკელი დავუძახე.“
ჯორჯ უეინი
კაფე ტაბაკში ყველაზე კარგი რეპუტაციის მქონე სუპერმოდელიც კი გონების დაკარგვამდე სვამდა.
ჯორჯ უეინი: „არასდროს დამავიწყდება 1994 წლის 20 აპრილის ღამე, როდესაც კრისტი ტარლინგტონი ბონო ვოქსთან ერთად შემოვიდა. ირლანდიურ ვისკის სვამდნენ და ძალიან დათვრნენ. მახსოვს კრისტი ბარის უკან, ჩაცუცქული იყო და შარდავდა.“
როი ლიბენთალი: „მახსოვს ეს ისტორია… და არ მჯერა.“
სანტე დ’ორაციო: „[იცინის] ეს ნამდვილად მოხდებოდა. მახსოვს კრისტი ერთ მომენტში ცეკვავს – ცეკვავს, ცეკვავს, ცეკვავს. თავს აბრუნებს. აღებინებს. შემდეგ ცეკვას აგრძელებს. ასეთი შემთხვევები ჩვეულებრივი მოვლენა იყო.“

სუპერმოდელები ქეითის, ნაომის და კრისტის ჩათვლით, ვალენტინოსნაირი დიზაინერები, მადონას და ბონოს მსგავსი მუსიკოსები, მსახიობები, მათ შორის ჯონი დეპი და რობერტ დე ნირო – კაფე ტაბაკში ყოველთვის ვარსკვლავთცვენა იყო. ყველაფრის მიუხედავად 1997 წელს მას გვირგვინის დათმობა მოუწია. მისი წარმატება ერთ მომენტში მოხდა, შემდეგ უბრალოდ არსებობა დაასრულა.
„გეტყვით რატომაც დაიხურა — იმიტომ რომ ხალხმა მოსვლა შეწყვიტა.“
როი ლიბენთალი