როდესაც 3 მარტს ლუვრში 800 სტუმარი ლუი ვიტონისთვის ნიკოლა ჟესქიერის მიერ შექმნილი კოლექციის სანახავად მივიდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისინი უცნაური ისტორიული მომენტის ნაწილი გახდნენ. ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს იყო ბოლო მომენტი მოდაში, როგორსაც მას აქამდე ვიცნობდით.

The Financial Times-თან ნიკოლამ ახალი ინტერვიუ ჩაწერა და მისი თქმით, ეს ჩვენება ორწლიანი დაგეგმვის შედეგი იყო: „მსურდა იმის შეგრძნება მქონოდა, თითქოს წარსულიდან ვინმე ადევნებდა თვალს ჩემს შემოქმედებას. შესაძლოა ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ ეს იყო ჩემი მიზანი. დროის უკუსვლა. ვიცოდი, რომ ეს სწორი მომენტი იქნებოდა.“

დროის თემატიკა ნიკოლასთვის იმ ასპექტშიც იყო მნიშვნელოვანი, რომ ის წლევანდელი მეტ გალას ერთ-ერთი წამყვანი იყო, რომლის თემაც სწორედ დრო უნდა ყოფილიყო. ლუი ვიტონის ჩვენებიდან რამდენიმე კვირაში მსოფლიო შეჩერდა, მეტ გალაც გადაიდო და მოდის ინდუსტრია, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, უდიდესი კრისიზის პირველ ფაზაში შევიდა. ჟესკიერმა მალევე გადააკეთა ლუი ვიტონის ატელიე, რათა თანამშრომლებს შეძლებოდათ სოციალური დისტანცირების გათვალისწინებით მუშაობა და შეხვდრები ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. ისევე, როგორც ჩვენებები.

ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ჯერ ცნობილი არაა, ზუსტად რა ფორმატში ჩატარდება ჩვენება. ასეთ გაურკვეველ დროში, ბევრი კომპანიისთვის შესაძლოა ლუი ვიტონი მისაბაძი მაგალითიც გახდეს, რადგან ბრენდმა მყარი გაყიდვების შენარჩუნება მოახერხა.  LVMH-ში ლუი ვიტონს მოგების თითქმის 50% შემოაქვს, 2019 წელს კი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 53,7 მილიარდი ევრო.

Dazed

„დარწმუნებული ვარ რომ ეს მომენტი ჩემს კარიერაში გარდამტეხი იქნება. ამ მომენტს ბევრი ცვლილება მოჰყვება. რა თქმა უნდა შეგვიძლია ძველ სქემას დავუბრუნდეთ, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, თუმცა თუ ასე მოვიქცევით, ეს ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება.“

ინტერვიუს ჩაწერისას ის პარიზის პირად სტუდიაში იმყოფებოდა, ეს ბინა რამდენიმე წლის წინ სამუშაო სივრცედ გადააკეთა და დროს აქ ატარებს იმ შემთხვევაში, თუ ლუი ვიტონში არ არის. კარანტინი სახლში, პარიზის გარეუბანში რამდენიმე მეგობართან ერთად გაატარა, სოციალურ ქსელებში არ აქტიურობდა და მისივე თქმით, ბევრ დროს ფიქრს უთმობდა:

„საქმე იმაში არ არის, რომ მანამდე ცოტას ვფიქრობდი. უბრალოდ გიჟურ გრაფიკს იმდენი დრო მიჰქონდა რომ მნიშვნელოვანზე ფოკუსირებას ვერ ვახდენდი. მნიშვნელოვანი კი მდგრადობა, ეთიკურობა და ნარჩენებია. ეს არ იყო სწორი. მირჩევნია მოცემულ დროში ნაკლებ პროდუქტზე ვიმუშაო, ვიდრე ძალიან სწრაფად დავამუშაო ბევრი პროდუქტი. ეს არ ნიშნავს ეკონომიკის მსხვერპლად გაღებას, მაგრამ ახლა ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ“.

ნიკოლას მსგავსად, არანორმალურ სამუშაო გრაფიკზე მსოფლიოს თითქმის ყველა დიზაინერი საუბრობს. ნიკოლა არ წუწუნებს, უბრალოდ ამბობს, რომ მან იპოვა გზა, თუ როგორ დააბალანსოს სამუშაო დრო.

„შესანიშნავი კრუიზ კოლექციები მქონდა ლუი ვიტონში – 600-დან 800-კაცამდე დაგვყავდა კიოტოში, რიოში, ნიუ-იორკში. ეს ექსტრავაგანტული და საჭიროც იყო, რადგან ამას მოდის მოთხოვნებიდან გამომდინარე ვაკეთებდით. ახლა ვიცი რომ ასე აღარ არის. აღარ მინდა ამის კეთება. ვიცი, რომ ეს დრო დასრულდა და ისიც ვიცი, თუ ახლა რა უნდა მოვიმოქმედო“.

მისთვის, ისევე, როგორც ბევრი სხვა წამყვანი დიზაინერისთვის, მოდის მომავალი პირდაპირ უკავშირდება მოდის საწყისებს და პროცესის გამარტივებას.

„ჩემს დიზაინ გუნდს ვუთხარი, რომ შეეშვან მორიგ 300 ნივთიანი კოლექციის შექმნას, ეს აღარ მოხდება. მსურს რომ კარანტინიდან ახალი იდეებით დაბრუნდეთ, იმით, რისიც გულით გჯერათ. ორი იდეა ხუთს მირჩევნია. ხანდახან ყველანი ვგრძნობთ თავს არეულად, თუმცა ახლა მოგვეცა დრო იმისთვის რომ ჩვენს გრძნობებზე ვესაუბროთ ერთმანეთს.“

Wait! Fashion

ტომ ფორდის მსგავსად ნიკოლაც ავლებს პარალელს 1920-იან წლებთან – ესპანური გრიპის პოსტ-პანდემიური პერიოდი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდულ, ხმაურიან, ბედნიერ და ლაღ პერიოდადაა მიჩნეული. „ახალგაზრდების ხმა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერთან ერთად პოლიტიკურ ასპექტშიც.“

ფრანგი დიზაინერის აზრით სილუეტები, რომლებიც დეკადას განსაზღვრავენ, ჯერ კიდევ არ გვინახავს. „ჯერ არ ვიცით სად ვართ, დეკადა ახლა დაიწყო და აზრებიც ახლა ფორმირდება“ საინტერესოა მისი მომავალი კოლექციების ნახვა. 2000-იანებში ბალენსიაგაში ლეგენდარული 12 წლიანი კარიერის განმავლობაში მისი კლასიკური მაღალწელიანი შარვალი და სამხედრო პიჯაკი დეკადის ერთ-ერთი განმსაზღვრელ სილუეტად იქცა, ხოლო, ლუი ვიტონში მისი რეტრო-ფუტურისტული ესთეტიკა 2010-იანების განმსაზღვრელი გახდა. თავად საკუთარ ესთეტიკას „ჰიბრიდიზაციას“ უწოდებს, რაც მის პრაქტიკას ნათლად ეტყობა. მომავლის მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ მოდას შემოქმედებითი რევოლუცია უახლოვდება.

„ეს ჩვენთვის სტიმული უნდა გახდეს, დავანგრიოთ ჩარჩოები და შევეშვათ კატეგორიებად დაყოფას. რა თქმა უნდა, რაც მსოფლიოში ხდება ძალიან სამწუხაროა და ასეთ დროს ტრანსფორმაცია რთულია. მაგრამ მსურს რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვიყო.“

ლუი ვიტონი ერთ-ერთი დიდი ბრენდია, რომელმაც ძველი ნაჭრების გამოყენება დაიწყო.

„წლებია ვსაუბრობთ ნარჩენების გამოყენებაზე, მაგრამ შექმნილმა სიტუაციამ პროცესი ძალიან დააჩქარა. კრუიზ კოლექციის 60% სრულად ძველი ნაჭრებით შეიკერა. ეს ერთ-ერთი პირველი დიდი ცვლილებაა ბრენდში, რაც ჩემთვის ძალან საინტერესო პროცესი გახდა და ვთვლი, რომ ეს ყველაფერი დიდ პოზიტიურ ცვლილებებამდე მიგვიყვანს.“

Beautyscene.net

საინტერესოა მსგავსი ნაბიჯი ბრენდისგან, რომლის სახელიც მხოლოდ ფუფუნებასთან ასოცირდება. თუმცა ბრენდის გენერალური დირექტორი მაიკლ ბიურკიც ამტკიცებს ჟესქიერის მოსაზრებას „პანდემიამ გვაჩვენა, რომ ის რის თქმასაც ჩვენთვის ხალხი უკვე წლებია ცდილობს, მნიშვნელოვანია.“ ამასთან ის მამაკაცის ხაზის ჩვენების წარმატებას ხაზს უსვამს და ამბობს, რომ პირველი კვირის გაყიდვების მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია. ლოგიკურად, ბრენდი აზიაში გაფართოვებას, მარკეტის უკეთ შესწავლას და მასზე მორგებას გეგმავს.

რაც შეეხება მორიგ ჩვენებას, ნიკოლამ ზუსტად არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები. „ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ჩვენებების გამართვაში გავატარე. მიყვარს ეს პროცესი. უბედნიერესი მომენტია. თუმცა მინდა ხალხს ისიც ახსოვდეს რომ ეს პროფესიონალური მომენტიცაა. შესაძლოა ფორმატი შეიცვალოს, მაგრამ ვიცი, რომ ცოცხალ რეჟიმში მუშაობა აუცილებელი იქნება. რთულია რამე გაუტოლდეს მომენტს, როდესაც გოგონა პოდიუმე დგება. ჯერ სასწაულმოქმედი ფორმულა არ არსებობს, მაგრამ რაღაც გადაწყვეტილებამდე აუცილებლად მიავლთ“

ლუი ვიტონის ჩვენებაზე ვეღარ ვიხილავთ 800 კაციან აუდიტორიას, 200 კაციან სიმფონიურ ორკესტრს. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით – დრამატული ჩვენების გარეშეც ყველა ელოდება ნიკოლა ჟესქიერის ახალ კოლექციას.