“ჩემს ოჯახში ყველა გოლფს თამაშობს. როდესაც მამას ვუთხარი, რომ გოლფს არ ვითამაშებდი და მინდოდა დიზაინერი გავმხდარიყავი, გამიგო, გვერდში დამიდგა და პარიზში ჩასვლა მირჩია. სახლიდან წამოსვლა ძალიან ემოციური იყო. დედა ტიროდა, რადგან იცოდა, რომ საცხოვრებლად უკან აღარ დავბრუნდებოდი. როგორც ფილმებში ხდება, პარიზში 500 დოლარით ჩამოვედი და ჩემი ნახატები ჟან პოლ გოტიეს მივუტანე. გოტიეს მოვეწონე და პირველი სამსახური შემომთავაზა.
1996 წელს, პარიზში, ჭორები გავრცელდა, რომ ჰელმუტ ლანგი ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელად უნდა დაენიშნათ. ჰელმუტის ასისტენტობაზე ვოცნებობდი, ამიტომ სამსახური შევიცვალე და ბალენსიაგაში გადავედი. ჭორები არ გამართლდა, თუმცა ერთ წელში, მფლობელებმა გადაწყვიტეს, რომ ახალი შემოქმედებითი დირექტორი ახალგაზრდა უცნობ დიზაინერებში მოეძებნათ. ასე აღმოვნჩდი, 24 წლის ასაკში, ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
მეშინოდა, რადგან ბალენსიაგა ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, მაგრამ თან, გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ საკუთარი თავის რწმენა უნდა მქონოდა. ყოველთვის ვფიქრობდი, თუ მე მომცეს ეს სამსახური, თუ მე ამირჩიეს, ესეიგი მათ ჩემი ხედვა აინტერესებთ. დღესაც ასე ვარ. ყურადღებას ვაქცევ რას ამბობენ სხვები, მაგრამ ჩემი აზრი ჩემთვის გადამწყვეტია, რადგან მათ ჩემი ხედვა სჭირდებათ.
ვითარება რამდენიმე სეზონის შემდეგ შეიცვალა. ძალიან ბევრ წერილს ვიღებდი. კარლ ლაგერფელდმა მომწერა: „60-იანებში პარიზი შანელის და ბალენსიაგასი იყო, მე მზად ვარ ეს დრო დაბრუნდეს“. ჩემს კარიერაში, იყო პერიოდი, როდესაც ყველა მირეკავდა: ლუი ვიტონის ბერნარ არნო, პრადას გუნდი, გუჩის გუნდი, ყველა ერთს მეუბნებოდა „დიდი ბრენდი? საკუთარი ბრენდი? ყველაფერს მოგცემთ“.
ტომ ფორდის გამო, ქერინგი (ყოფილი Gucci Group) ავირჩიე. ტომი ერთადერთი იყო, რომელმაც აქცენტი იმაზე გააკეთა, თუ რა იქნებოდა ჩემთვის უკეთესი. ხშირად ამბობენ, რომ არსებობს მოდა ტომ ფორდამდე და მოდა ტომ ფორდის შემდეგ, მე ვეთანხმები, რადგან მან მოდის ბიზნესისადმი დამოკიდებულება შეცვალა. ჩემს კარიერაში რთული პერიოდი სწორედ მაშინ დადგა, როცა ტელევიზორში მოვისმინე სიახლე, რომ ტომ ფორდი და დომენიკო დე სოლი Gucci Group–ს ტოვებდნენ. ამის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა…
შემდეგ, უკვე ისეთ ხალხთან მიწევდა მუშაობა, რომლებსაც მოდის პროდუქტი იოგურტი ჰგონიათ. რამდენჯერმე ვცადე ფრანსუა პინოსთან საუბარი, ბევრჯერ მივსულვარ მათთან თხოვნით, მაგრამ არ მომისმინეს, ამიტომ წამოვედი.
როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, ბალენსიაგას თანამშრომლები მოვიდნენ და მითხრეს: „მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა, რომ მოდის ისტორიის ამ მნიშვნელოვანი თავის ნაწილი გაგვხადე“. გაორება დამემართა. ხალხი ბრენდთან იმდენად მაკავშირებდა, რომ ვფიქრობდი: „ბალენსიაგა – ეს მე ვარ და დამოუკიდებლად არ ვარსებობ“. ამის შემდეგ, ბერნარ არნომ დამირეკა და ლუი ვიტონი შემომთავაზა. დავთანხმდი, ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ცალკე ისტორია და ბალენსიაგასგან საბოლოოდ განცალკევება. ახლა, ლუი ვიტონში, ბედნიერი ვარ“.
-ნიკოლა ჟესქიერი, Louis Vuitton -ის ქალის ხაზის შემოქმედებითი დირექტორი.
.