Situationist-ი ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ბრენდის უნიკალურ იდენტობასთან აერთიანებს. უკვე რამდენიმე სეზონია პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მისი კოლექციები ციფრული პრეზენტაციების სახით არის ნაჩვენები. ბრენდის ნამუშევრებთან ერთად, მაყურებელი მოწმე ხდება ადგილობრივი მაცხოვრებლების გულწრფელი ემოციების, ეცნობა მათი ცხოვრების წესს, ტრადიციებს, ქვეყნის უმშვენიერეს ბუნებას. ამჯერად საფრანგეთის დედაქალაქში წარდგენილი 7 წუთიანი ფილმით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ქართველი ემიგრანტების განცდები გაიზიარეს.

სალომე ფოცხვერაშვილის ვიდეო ორიენტირდება მიგრაციის თემაზე. მისი მაყურებელი მიჰყვება გზას, რომლის გავლაც უწევთ ქართველებს, როდესაც სამშობლოს ტოვებენ და სამუშაოდ სხვა ქვეყანაში მიდიან.

Situationist-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში ხელახლა არის გამოყენებული ბრენდისთვის დამახასიათებელი სილუეტები. გარდა ამისა, ბრენდმა მათ ჟურნალშიც მოუყარა თავი, რომლის გაზიარებასაც საზოგადოებისთვის გეგმავს, შედეგად დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ Situationist-ის პატერნებით საკუთარი კრეატიულობა გამოამჟღავნონ, გამოიყენონ ნიმუშები ისე, როგორც თავად მოესურვებათ. „ჩვენი სურვილია, ნებისმიერ ადამიანს ხელმეორედ მივცეთ Situationist-ისთვის დამახასიათებელი ფორმებისა და კონსტრუქციების გამოყენების საშუალება მათ საყვარელ ქსოვილებში და საკუთარი დეტალების დამატების შესაძლებლობა,“ – აღნიშნულია ბრენდის განცხადებაში.

ფოტოგრაფი: დავით გიორგაძე

კოლექციიდან სამოსის უმეტესი ნაწილი ლურჯ, იასამნისფერ, თეთრ, შავ, ნაცრისფერ და წითელ ტონალობებშია გადაწყვეტილი, მათ შორის: ვინილის მოსაცმელი, წელზე ელვაშესაკრავით გარშემორტყმული ჯინსი, ხელით ნაქსოვი უმკლავებო ტოპი, ვისკოზას გამჭირვალე კაბა, აბრეშუმის ყვავილების პრინტიანი ქვედაბოლო, წელში გამოყვანილი პიჯაკები, ბუნებრივი და ვეგანური ტყავის ქურთუკები. ვეგანური ტყავით ასევე დამზადდა პოპულარული Tote ჩანთები.

კლასიკური კოსტიუმები კერვის ტრადიციული პროცესების დაცვით არის შექმნილი. ნაქსოვი სამოსი კი უახლესი ტექნიკების გამოყენებით ხელით არის შესრულებული. კოლექციაში გამოყენებულია ძველი ქსოვილებიც, რომელთა შორის არის თბილისში აღმოჩენილი 1980-იანი წლების აბრეშუმი.

Situationist-ის ახალი კოლექციის შეკვეთა ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის 15 ოქტომბრიდან დაიწყო და აღნიშნულ კოლექციაზე მხოლოდ SOLO და საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მომხმარებლები ისარგებლებენ 30%-იანი ფასდაკლებით.

Situationist გაზაფხული/ზაფხული 2023