მსოფლიო მოდის ინდუსტრიის შექმნაში უამრავი ადამიანი მონაწილეობს, მეტიც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრია დასაქმებული ადამიანების რაოდენობით. მოდას ქმნიან დიზაინერები, სტილისტები, ფოტოგრაფები, მოდელები, ორგანიზატორები, აგენტები და ა.შ., თუმცა თანამედროვე სამყაროში ყველაზე დიდი გავლენის მქონე სფერო მედიაა და მოდის ინდუსტრია ამ მხრივ სულაც არ არის გამონაკლისი. მედიის გავლენა განუსაზღვრელია და, შესაძლოა ითქვას, ძირითად შემთხვევებში, სწორედ ის არის პასუხისმგებელი ამა თუ იმ ბრენდის, კოლექციისა თუ პერსონის რეპუტაციის შემქმნაში. ამასთან, პრესა სულაც არ ნიშნავს ყოველთვის კრიტიკას. პირიქით, მეტწილად მედიის დატვირთვაა გვამცნოს სიახლეები, მოგვიყვეს ბრენდზე, კოლექციაზე, ნივთებზე და ა.შ. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მსგავსი პრესა ჯერ-ჯერობით ცალკემდგომი ინდუსტრიის სახით არ არის წარმოდგენილი, მიმდინარე პროცესები გვიჩენს იმედს, რომ ძალიან მალე ეს შეიცვლება. მანამდე, შეგვიძლია შევიტყოთ ამ შესანიშნავი პროფესიის მქონე ადამიანის გამოცდილების შესახებ, რომელიც ახლახანს ქართული მოდის ფონდის წევრი გახდა და ყოველგვარ შესაძლებლობას იყენებს ქართული მოდის განვითარების ხელშესაწყობად. 

ნათელა ფოცხვერიამ მოდაში კარიერა წლების წინ დაიწყო. მისი გამოცდილება ითვლის ისეთი გამოცემებისთვის მუშაობას, როგორებიცაა: Marie Claire, Interview, Vogue, Forbes Life და ა.შ. ნათელა განათლებით იურისტია და საინტერესოა ის ფაქტი, რომ მისი ორივე კარიერული არჩევანი – სამართალსა და მოდაში – ფილმების გავლენაა. “პატარა ვიყავი, როდესაც ფილმ “ეშმაკის ადვოკატს” ვუყურე და, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მთავარი მორალი არის ის, რომ პატივმოყვარეობას დიდი ზიანი მოაქვს, მაინც გადავწყვიტე, რომ მსურდა ვყოფილიყავი “კიანუ რივზი”. თუმცა, პრაქტიკაში გამოჩნდა, რომ სისხლის სამართალში უამრავი სისასტიკეა და ამის კეთება არ მინდოდა. დაახლოებით სწავლის დასრულების დროს კი გამოვიდა ფილმი “ეშმაკს აცვია პრადა”, რომელმაც გადამაწყვეტინა, რომ მსურდა მოდის ინდუსტრიაში მუშაობა.”  ამას ხუმრობით ისიც დაამატა, რომ ორივე შემთხვევაში ეშმაკმა შეაცდინა.

With Tommy Hilfiger

თავიდან დიზაინერებისთვის მოდის კვირეულებზე თარჯიმნად მუშაობდა, რამდენიმე სეზონის შემდეგ, დაიწყო მუშაობა ჟურნალებში, რომელთაგანაც პირველი მოდური ჟურნალი იყო Marie Claire, საიდანაც დაიწყო ნათელას დიდი კარიერა glossy სამყაროში. ინტერვიუს მსვლელობისას, მან სცადა მოკლედ აეხსნა, თუ როგორაა აწყობილი ჟურნალებში მოდის განყოფილებისა და პიარის სისტემა: არსებობს ფინანსური მხარდაჭერა და პარტნიორული ურთიერთობა ბრენდებსა და ჟურნალებს შორის, არიან ბრენდები, რომლებსაც ჟურნალი უწევს მხარდაჭერას ფინანსური სახსრების გარეშე და ასე შემდეგ. მოდის განყოფილების ხელმძღვანელის ერთ-ერთი მოვალეობა არის ამ ორი  ასპექტის ბალანსირება ჟურნალის კონტენტში, ისევე, როგორც ამ კონტენტის სწორად შეფუთვა და შესაბამისად, პიარი. მოდის ინდუსტრიაში ამ სფეროს არსებობის მნიშვნელობაზე ნათელა დამეთანხმა, მართლაც, პრესა ქმნის და განსაზღვრავს ბრენდების სტატუსს.”მაგალითად, ჰუგო ბოსზე საუბარი შეგვიძლია დავიწყოთ იმით, რომ ბრენდის სახე ლეგენდარული მრბოლელი ლუის ჰემილტონია, ან იმით, რომ ბრენდი თავის დროზე კოსტიუმებს ნაცისტურ პარტიას უკერავდა. პრესას და პიარს შეუძლია შექმნას ან გაანადგუროს თქვენი რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ისტორიის სწორად მიწოდების მნიშვნელობა განუსაზღვრელია”.

თუმცა, ნათელა იმასაც აღნიშნავს, რომ გარდა კორექტულობისა, აუცილებელია მაქსიმალური ინტერესი და ჩართულობა იმ საქმეში, რომელსაც აკეთებ. “შესაძლებელია ბრენდისგან მიღებული პრეს-რილიზი დავაკოპიროთ და გამოვაქვეყნოთ, ბრენდისთვისაც და ჟურნალისთვისაც, ფაქტობრივად, ეს შესრულებულ სამუშაოდ ითვლება. თუმცა ასეთი სტატიების მიმართ არ გაჩნდება არანაირი ინტერესი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია განსაკუთრებული, ორიგინალური და ამაღელვებელი ისტორიების შესახებ წერა, რაც რეალურად პიარისა და ჟურნალისტიკის გასაყარზეა.” ამბობს ნათელა. მართლაც, მისი გამოცდილება, ან შესაძლოა ითქვას თავგადასავალი Hermès-თან ამის უტყუარი დასტურია. “ერმესიდან დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს დამეწერა სტატია მათ ახალ აბრეშუმის შარფებზე. მომაწოდეს ინფორმაცია ნაჭრებზე, მოხატულობასა და ფერებზე, თუმცა შთაგონებაზე საუბრისას აღმოჩნდა, რომ ამ შარფების იდეა ეკუთვნის ერმესის მუზეუმის კურატორსა და აბრეშუმის აქსესუარების მთავარ დიზაინერს, რომლებიც შთაგონებისთვის ყაბარდო-ბალყარეთში ჩაფრინდნენ, ხოლო შარფების ხაზს Cavaliers Du Caucase ანუ კავკასიელი მხედრები დაარქვეს. ასე ვთქვათ, მეუცნაურა, თუ რატომ გახდა ყაბარდო-ბალყარეთი მოდაში მოღვაწე პარიზელი ქალების ინსპირაცია. კითხვების დასმის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ყაბარდო-ბალყარეთში მოღვაწეობდა ერთი ფრანგი მღვდელი, რომელსაც ეკლესიის გარდა ჰქონდა უსახლკარო ბავშვთა სახლიც, რომელიც ხანძრის დროს დაიწვა. ბავშვები ადგილზე სწავლობდნენ და უვლიდნენ ცხენებს, ხოლო ერმესისთვის ცხენების თემა ძალიან ახლოა, ეს მათ დნმ-შია, გაყიდვებიდან შემოსული სახსრები კი სწორედ ამ ეკლესიისა და ბავშვთა სახლის რეაბილიტაციას მოხმარდებოდა. ჩემთვის ცხადი იყო, რომ საინტერესო ისტორიის მოსაყოლად საჭირო იყო ამ ადამიანებთან საუბარი. ერმესის ოფისიდან მომივიდა მოწვევა. ჩავედით პარიზში და ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩავწერეთ მხატვართან, რომელმაც შარფებზე იმუშავა, ერმესის მუზეუმის კურატორთან და აქსესუარების დიზაინერთან. ინტერვიუს ჩაწერისას და ერმესის მუზეუმში ინფორმაციის მოძიების პროცესში, ძალიან საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი, მაგალითად, მხატვარმა, რომელმაც შარფებზე იმუშავა, მომიყვა, რომ მამამისიც მხატვარი იყო და ძალიან უყვარდა კავკასიური ორნამენტები. თურმე ის მათზე ბევრს მუშაობდა და ყოველთვის უნდოდა რამე საინტერესო პროექტში მათი გამოყენება, თუმცა ვერ მოასწრო, ხოლო ახლა უკვე მისმა შვილმა მამის დღიურები და ჩანახატები იპოვა და ისინი ერმესის პროექტში გამოიყენა.” 

საბოლოო ჯამში, ეს ისტორია იმდენად საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა, რომ ის გასცდა დასაწყისში გათვლილ აუდიტორიას და ერმესის სათაო ოფისმა ის გადააგზავნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აღნიშნა, რომ ეს სტატია ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს. პიარ მენეჯერებისა და პრესის წარმომადგენლების ურთიერთობა და კომუნიკაცია მართლაც უმნიშვნელოვანესია და პრეს-რილიზი არის საწყისი წერტილი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა დაისვას კითხვები, ჩატარდეს ერთგვარი “გამოძიება” და შეიკრას საბოლოო პროდუქტი. 

Interviewing Sir Paul Smith

საქმის მიმართ ასეთი მიდგომით წარმოუდგენელი მიღწევები გარდაუვალია, რაც თავის მხრივ გვაძლევს თავდაჯერებულობას, სტიმულს და გვიღვივებს სიყვარულს ჩვენი საქმის მიმართ. ისევ, ნათელას კარიერა ამის მაგალითად შეგვიძლია გამოვიყენოთ. “ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მუშაობას ვიწყებდი, ჩემთვის არ არსებობდა უმნიშვნელო რაღაცები. ყოველი დავალება, ყოველი დეტალი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და არასდროს გამომიყენებია ფრაზა “მერე რა, ასეც წავა”. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემი დამსაქმებლის წინაშე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, მეორე – იმიტომ, რომ ჩემს მიერ ყოველი დაწერილი ტექსტის მერე, რა თქმა უნდა სანამ წერა ვისწავლე, ისეთ კრიტიკას ვისმენდი, აღარასდროს მინდოდა ეს მეორედ გამომეცადა.” აქ სიცილით იმასაც ამატებს, რომ შესაძლოა ამ დროს მისი უფროსი stand up-შიც კი ვარჯიშობდა. “ამ დროს ზიხარ და არა მხოლოდ იმას ფიქრობ, რომ “ღმერთო როგორი არარაობა ვარ”, ამ დროს ფიქრობ “ღმერთო, როგორი არარაობა ვარ, ის ხომ მართალია”. რეალურად, ეს იყო ყველაზე პროდუქტიული გამოცდილება, რომელიც მივიღე მთელი კარიერის განმავლობაში და ახლა თავადაც მივმართავ ასეთ მეთოდს სხვისი ტექსტების რედაქტირებისას, რადგან ადამიანს ეს ყველაზე კარგად ამახსოვრდება. თუ ამ დროს ვიღაცას პრეტენზია უჩნდება და მეტ “პატივისცემას” ითხოვს, სწორედ მაშინ მთავრდება მისი განვითარება, როგორც ავტორის. მასწავლებლები უბრალოდ არასდროს ეძებენ მიზეზებს კრიტიკისთვის და პროცესს მხოლოდ მაშინ აქვს შედეგი, თუ ადამიანს შეუძლია პირად წყენებს გადააბიჯოს და გამოიტანოს მნიშვნელოვანი დასკვნები.” 

With Robert De Niro

მიუხედავად იმისა, რომ ნათელას არ უყვარს “დიდი” სახელების ჩამოთვლა, თუ ვისთან უმუშავია, ამ ისტორიის მოყოლისას მოუწია ერთ-ერთის გახსენება – ისტორია იმაზე, თუ როგორ ჩაწერა ინტერვიუ ლეონარდო დიკაპრიოსთან, რომელსაც ხუმრობით ყველაზე დიდი სიყვარული და კუმირი უწოდა. “მისი ბიოგრაფია ზეპირად ვიცი და შემიძლია ყველა ფილმი ჩამოგითვალო მისი მონაწილეობით!” საათების ბრენდი Tag Heuer-ი Marie Claire-ის ერთ-ერთი დამკვეთი იყო და ამ პერიოდში, მათ რეკლამას ლეონარდო დიკაპრიო უწევდა. ბრენდის პიარ მენეჯერმა ნათელას კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა ლეონარდოსთან ინტერვიუს ჩაწერა, სიცილით უპასუხა რომ შანსები დაახლოებით ნოლია, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ იმ პერიოდში გამოდიოდა ფილმი “დიდი გეთსბი” და ლეონარდოსთან ინტერვიუ სურდა ყველას. თუმცა, ნათელას ინტუიციამ უკარნახა, რომ ოფიციალური თხოვნით მიმართვა მაინც ღირს. “ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვადგენდი კითხვებს, გადავაგზავნე და რამდენიმე დღეში ბრენდის პიარ მენეჯერი მირეკავს და მეუბნება “შენ ალბათ ვუდუს თოჯინას სცემ თაყვანს!” ლეონარდოს მენეჯერისგან ნათელას ინტერვიუზე თანხმობა მოვიდა, მხოლოდ ერთი პირობით, თუ მას რამდენიმე გამოცემა დაბეჭდავდა, რაზეც ნათელამ მიიღო თანხმობა და ინტერვიუ შედგა. გასაკვირია 2 ფაქტი, პირველი, რომ ლეონარდოსგან უარი მიიღეს ისეთმა ჟურნალებმა, როგორებიცაა GQ და Vogue, ხოლო მეორე – ნათელას იმ მომენტისთვის დაახლოებით 5 წელზე ნაკლები გამოცდილება ჰქონდა. “ყველაფერი ძალიან მარტივია – თუ მზად ხარ დაუღალავად იშრომო, თუ მზად ხარ ისმინო კრიტიკა და ძალიან ბევრი უარი იმედის დაკარგვის გარეშე, ბევრს მიაღწევ. ვერავინ დაგიხურავს კარს, იმ შემთხვევაში თუ შენ არასდროს დაიხევ უკან. თუ ადამიანი პირველი უარისა, ან კრიტიკის შემდეგ დატოვებს პროფესიას, ესეიგი მას ასე სურდა. ჩემთვის ჩემი სტატიების კრიტიკა არასდროს ყოფილა იმის საკითხი, მსურდა თუ არა წერა, ეს იყო იმის მანიშნებელი, რომ მე უკეთესად უნდა მეწერა და როდესაც ვიღებდი შემოთავაზებებს დიდი ჟურნალებიდან, მათ შორის ვოგიდანაც, მივხვდი, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებდი.” მე და ნათელა იმაზეც ვთანხმდებით, რომ თვითკრიტიკულობაც აუცილებელია ნებისმიერ საქმეში. მიწაზე მყარად დგომის გარეშე არარეალურია ერთი წარმატების შემდეგ მეორესაც მიაღწიო. თუმცა, აქაც ვუბრუნდებით იმას, რომ აუცილებელია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. მეტიც, თუ რამეს აკეთებ, შენთვის წარმოუდგენელი უნდა იყოს ცხოვრება ამ საქმიანობის გარეშე. წინააღმდეგ შემთხევაში, რთულია ირწმუნო ამა თუ იმ პროექტის. 

საყვარელ საქმიანობასა და, რა თქმა უნდა, საქართველოს შესახებ საუბრისას ნათელა შეეხო მის ინსტაგრამ გვერდს – ნათელი თბილისი, რომელსაც ის მეუღლესთან ერთად მართავს. “სამწუხაროდ საქართველოში დიდი ხნით არასდროს დავრჩენილვარ, ჩემთვის საქართველო მხოლოდ ზაფხულის არდადეგებსა და ძალიან ლამაზ მოგონებებს უკავშირდებოდა. 1990-იანებში, როდესაც ბებიასთან ჩამოვდიოდი, ყოველთვის მხვდებოდა საჩუქრები, მივდიოდით დასასვენებლად ზღვაზე, აღვნიშნავდით ჩემს დაბადების დღეს და ახლა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვაანალიზებ, თუ როგორ სირთულეს წარმოადგენდა ეს ყველაფერი ჩემი ოჯახისთვის, რადგან იმ პერიოდში ყველგან, განსაკუთრებით კი, საქართველოში ძალიან მძიმე ეკონომიკური სიტუაცია იყო. ჩემთვის თბილისი ყოველთვის თბილი და ნათელი ქალაქი იყო და ახლა ამ ინსტაგრამ-ბლოგის მეშვეობით ვცდილობ წარმოვაჩინო ის ჩემი თვალთახედვით. საქართველოში ცხოვრება ყოველთვის მინდოდა და მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, მომივიდა შემოთავაზება მაღაზია იერიდან, პიარისა და კომუნიკაციების დირექტორის პოზიციაზე. როგორც აღმოჩნდა, დამფუძნებლებმა სწორედ ნათელი თბილისის ბლოგის მეშვეობით მიპოვეს. შემოთავაზებას დავთანხმდი და მალევე საცხოვრებლად გადმოვედი.” იერის პიარზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი თვითონ იდეაა, ვიდრე პროდუქტი. ახლა ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ხალხს აღარ სურს მხოლოდ პროდუქტი, მათ სურთ ემოციური კავშირი და ისტორია პროდუქტის მიღმა, რაზეც ნათელა ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას. 

With Nataly Osmann and Sofia Tchkonia

ინტერვიუს ვერ დავასრულებდით Georgian Fashion Foundation-ზე საუბრის გარეშე, რომლის წევრიც ნათელა გასული წლის ბოლოს გახდა. ნათელასა და სოფო ჭყონიას შორის, რამდენიმე წლის განმავლობაში, ფორმირდებოდა პარტნიორული ურთიერთობა, ნათელა ქართულ მოდასა და სოფოს პროექტებს მხარდაჭერას ყოველთვის უცხადებდა. ქართული მოდის ფონდისა და “Factory Tbilisi”-ს მნიშვნელობაზე ნათელამ აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადამიანმა შეიძლება მიიღოს, არის ცოდნა და არა ფული. სწორედ ეს მიზანი აქვს სოფოს უახლეს პროექტს და ამ მიზნის მიღწევაში მას ფონდის წევრები – უცხოელი ექსპერტები და საერთაშორისოდ წარმატებული ქართველი პროფესიონალები დაეხმარებიან, მათ შორის ჩვენი ინტერვიუს მთავარი გმირი, ნათელა ფოცხვერია. 

Tags :