ენ ვანდევორსტმა და ფილიპ არიქსმა ერთმანეთი 1987 წელს, ანტვერპენის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიაში გაიცნეს. სანამ თავიანთ ბრენდს შექმნიდნენ, ენი ექვს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში დრის ვან ნოტენის პირველი ასისტენტი იყო, ფილიპი კი დასაქმებული იყო, როგორც ფრილანსერი დიზაინერი და სტილისტი, სანამ დირკ ბიკემბერგსთან დაიწყებდა მუშაობას. 1997 წელს ცოლ-ქმარმა ბრენდი – A.F. Vandevorst დააარსა, რომლის მთავარ სიმბოლოდაც წითელი ჯვარი იქცა.

„მას ბავშვობიდან ვაგროვებდი, შემდეგ 18 წლის ასაკში ენს შევხვდი და როგორც აღმოჩნდა, ისიც იმავეს აკეთებდა,“ – ამბობს ფილიპი.

დიზაინერებმა თავიანთი სადებიუტო კოლექცია 1998 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე აჩვენეს და ის უკვე მოიცავდა ყველაფერს, რაც მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში ბელგიური ბრენდისთვის გახდა დამახასიათებელი: წითელ ჯვარს, ცხენებს, მხერდრისთვის საჭირო აღჭურვილობას, უნიფორმებს, ქალის თეთრეულს, რელიგიას, იოზეფ ბოიზს, ფეხსაცმელებს ფეტიშიზმის ელემენტებით.

მომდევნო სეზონზე წყვილმა თავიანთი ნამუშევრები ორიგინალური ფორმით წარადგინეს. პრეზენტაციამ მოდის საერთაშორისო პრესაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.

© A.F.Vandevorst

ჩვენების ჩატარების ადგილას საავადმყოფოს საწოლები თანაბრად იყო განლაგებული. მათზე მოთავსებული მოდელები კი, რომლებიც A.F. Vandevorst-ის 1999 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაში იყვნენ გამოწყობილები, თითქოს ძილის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მიწვეული სტუმრები საწოლების გარშემო ისხდნენ. გარკვეული დროის შემდეგ მოდელებმა წამოდგომა და სივრცეში გადაადგილება დაიწყეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ გოგონები აუდიტორიაში თანაბრად იყვნენ გადანაწილებული, გვინდოდა, სტუმრებს არაპროგნოზირებადობის განცდა გასჩენოდათ. იმის ნაცვლად, რომ გოგონები ერთმანეთს მიჰყოლოდნენ, საკმაოდ ჭკვიანური სისტემა შევიმუშავეთ,“ – იხსენებენ დიზაინერები. „თითოეულ გოგოს ხელში განათება ჰქონდა ჩამალული, რომელიც კომუტატორს უკავშირდებოდა. ყოველ ჯერზე, როდესაც გვინდოდა გოგო წამომდგარიყო, მისი ხელის გული წითლად ნათდებოდა. თუმცა ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც თავი უნდა მოეჩვენებინა, რომ თითქოს ეძინა, მართლა გაითიშა. მისი განათების ციმციმი არ ჩერდებოდა მაშინ, როდესაც სიზმრებს მშვიდად ნახულობდა. მის გვერდით მჯდომმა რედაქტორმა მოციმციმე შუქი შენიშნა და როგორც იქნა ჩვენი გოგოც წამოაყენა!“

© A.F.Vandevorst

თავიანთი მეორე კოლექციის ჩვენების შემდეგ, ენმა და ფილიპმა პრესტიჟული ჯილდო – Venus de la Mode მოიპოვეს, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდა დიზაინერებს გადაეცემოდა.

მათ უნიკალურ ხედვას, რომელიც საზოგადოებას პირველად ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს წარუდგინეს, ყოველთვის გაიხსენებენ. 2020 წლის თებერვალში დიზაინერებმა განაცხადეს, რომ ბრენდი A.F. Vandevorst არსებობას წყვეტდა: „მოდის სამყაროს დინამიკა შეიცვალა. ის ახლა უფრო გამომწვევი, გაურკვეველი და გამანადგურებელია, ვიდრე ოდესმე. მივხვდით, რომ აღარ შეგვეძლო კრეატიულობის იმავე დონის შენარჩუნება და პროდუქტზე მეტად ამბის თხრობაზე კონცენტრირება.“

A.F. Vandevorst გაზაფხული/ზაფხული 1999

ჩვენების ჩანაწერი