როცა დიზაინერს აქვს რაღაც, რაც სხვებისგან გამოარჩევს ეს კარგია, მაგრამ არა მარია გრაცია ქიურის შემთხვევაში. დიორის პირველი ქალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი თავისი ძველმოდური ხედვით განსხვავდება დანარჩენებისგან, რაც უპირატესობას ვერ მიანიჭებს, მითუმეტეს იმ ბრენდში, რომელიც დროს ყოველთვის უსწრებდა. გარდა ამისა, თავისი კოლექციებით მარია დაუსრულებლად საუბრობს ერთ საკითხზე, რომელიც იმდენად ზედაპირულად არის გადმოცემული, რომ მას მნიშვნელობას უკარგავს. თავად ის ფაქტი, რომ მარია ისეთი მნიშვნელოვანი მოდის სახლის პირველი ქალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა, როგორიც დიორია, ნათლად გვანახებს, რომ ქალებსაც შეუძლიათ აკეთონ ის, რასაც მამაკაცები აკეთებენ. ახლა ის დროა, როდესაც წარსულში ქალთა უფლებებსა და ფემინიზმზე გაუთავაბელმა საუბარმა შედეგი გამოიღო, ამიტომ მორიგი ეტაპი საქმით იმის დამტკიცებაა, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ. მართალია, მხოლოდ საუბრით ცნობიერებით ამაღლებაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთხელ ნათქვამი როცა მრავალჯერ განმეორებადი ხდება, ხელოვნურად და შოუს ნაწილად იქცევა, ის სერიოზულად ვეღარ აღიქმება. მარია კი ისევ აგრძელებს იგივე თემაზე საუბარს და დღეს დიორის ჩვენება ისევ თეთრ მაისურზე დაწერილი სლოგანით გაიხსნა.
შოუს ჩანაწერებში მითითებული იყო, რომ ეს კოლექცია პატივს მიაგებდა ლეგენდარული კარლ ლაგერფელდის ხსოვნას, რომელიც 19 თებერვალს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარიას თქმით, კოლექცია დაფუძნებულია ფემინურობის ცნების გარშემო საუბრის დასაწყებად ქალთა გაერთიანების კონცეფციაზე. ჩვენების ჩატარების ადგილზე წარმოდგენილი იყო იტალიელი არტისტის, ბიანკა პუჩიარელი მენას, ცნობილი როგორც ტომასო ბინგა, ნამუშევრები. ანბანური თანმიმდევრობით გადმოცემული თითოეული ნახატი განსხვავებულ ქალს წარმოაჩენდა.
2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე მარიამ სადებიუტო ჩვენებაზე სლოგანად წარმოგვიდგინა შიმამანდა ენგოზი ადიჩის ესეების კრებულის სათაური „We should all be feminists,“ ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი ლინდა ნოჩლინის 1971 წლის თხზულების სახელი „Why have there been no great women artists?“ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად საკმარისი იქნებოდა, 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე „Sisterhood is powerful“ შემოგვთავაზა. ეს სლოგანი რობინ მორგანის 1970 წელს გამოქვეყნებული წიგნის სახელს წარმოადგენს, რომელიც რადიკალი ფემინისტების ნაწერებს აერთიანებს.
ქუდების შექმნაზე ისევ სტეფან ჯონსმა იმუშავა, მოდელების მაკიაჟზე კი პიტერ ფილიპსმა იზრუნა.
სხვა მხრივ კოლექცია ორმაცდაათიან წლებში გვაბრუნებს. წელი შავი ტყავის სქელი ქამრებით არის გამოკვეთილი, კაბები ფართოა, დიდი გავლენა აქვს კრიატიან დიორის ბარის პიჯაკსაც.
რა შეიძლება ყველაზე მეტად არ მოგვეწონოს ამ კოლექციაში? რთულია არჩევანი ჯინსის ლუქებზე არ გააკეთო.
ერთფეროვანი სილუეტების და მოკრძალებული დიზანის შექმნა არ წარმოადგენდა მარიას წინამორბედი ექვსი დიზაინერის მიზანს. ქსოვილების და ფერების არჩევანი დიორის ახალი კოლექციის მიმდინარე დროსთან შეუთავსებლობის უხერხულობას ქმნის.
დიორში ყოველთვის ცდილობდნენ ტანსაცმლის სახით ოცნებები შეექმნათ, V&A-ის ახალი გამოფენაც ამაზე მოწმობს, მაგრამ მარიას ეს კოლექცია ამ მხრივაც გამოირჩევა, რადგან ის დეპრესიას უფრო მოგვაგონებს, ვიდრე ოცნებას.