კრისტიან დიორის “New Look” მეტია, ვიდრე უბრალოდ ახალი სილუეტი. ის წარმოადგენს ახალ დასაწყისს, ახალ სინამდვილეს, უკეთეს და უფრო მრავალფეროვან მომავალს. მაგრამ კრისტიან დიორი არ არის მხოლოდ ახალი ლუქი.

მოდა რეალობას ასახავს, მაგრამ პერიოდულად ჩნდებიან დიზაინერები, რომლებიც ხალხის დაფარულ სურვილებს ავლენენ, როცა ქმნიან იმას, რაც სინამდვილეს არ ერგება. მათი ამბიციური ნამუშევრები გავლენას ახდენს ადამიანებზე და ცვლილებებს განაპირობებს. შემდეგ ასეთი ნოვატორი და რევოლუციონერი დიზაინერების შემოქმედება ხდება რეალობის ნაწილი.

მეორე მსოფლიო ომის შედეგად წარმოქმნილმა კრიზისმა ჩაცმის სტილიც შეცვალა. კაბების დამოკლების მთავარი მიზეზი არ ყოფილა ქალების სურვილი, არამედ ქსოვილებზე დაწესებული მაღალი ფასი. განწყობა სამოსის შეზღუდულ დიზაინზეც აისახა.

1947 წლის 12 თებერვალს კრისტიან დიორმა თავისი პირველი კოლექცია გამოიტანა. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ორი ხაზი – „Corolle“ და „Huit,“ ეს უკანასკნელი მოიცავდა „ბარის პიჯაკს,“ რომლის სილუეტმაც მოდა ახალი მიმართულებით განავითარა. პირველივე კოლექციით წელში გამოყვანილი, მუხლს ქვემოთ მომდგარი გაშილილი კაბებიც თავის ხელწერად აქცია. კოლექცია ისტორიაში შევიდა როგორც „New Look“ მას შემდეგ, რაც ჰარპერს ბაზარის მაშინდელმა რედაქტორმა კარმელ სნოუმ ის ამ სიტყვებით შეაფასა: „It’s such a New Look!“ მიიჩნევა, რომ სწორედ კრისტიან დიორის ახალმა ლუქმა დაუბრუნა პარიზს მოდის დედაქალაქის სტატუსი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაკარგული ჰქონდა. კრისტიანს არ მოსწონდა მეორე მსოფლიო ომის მოდა და სურდა ქალები ისევ ლამაზად შემოსილიყვნენ. უნდოდა შეექმნა ტანსაცმელი, რომელიც ქალის მშვენიერ ფიგურას ხაზს გაუსვამდა. მაგრამ აღტაცებასთან ერთად კოლექციას კრიტიკაც მოჰყვა. დიორის სამოსის მოცულობა, თითოეულ ლუქზე დახარჯული რამდენიმე ათეული მეტრი ქსოვილი და მისი ფერადოვნება ომით ტრამვირებული ხალხისთვის ზედმეტად ჩათვალეს. მაგრამ კრისტიანისთვის ცხოვრება გრძელდებოდა და უნდოდა სხვებსაც იგივენაირად ეფიქრათ. მან კრიტიკას ასე უპასუხა: „ევროპა დაიღალა ბომბების ცვენით, მათ ნაცვლად ფეიერვერკების გაშვების დროა.“ კრისტიან დიორმა თავისი კოლექციების სახით ოცნებები შექმნა.

დიორის მოდის სახლს თავისი დამაარსებელი მხოლოდ 10 წელი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ეს არ ყოფილა შთამბეჭდავი და ხანმოკლე ამბავი, რომელიც კრისტიანის გარდაცვალებით დამთავრდა. 1957 წელს ბრენდის ისტორია კრისტიანის ასისტენტმა 21 წლის ივ სან ლორანმა განაგრძო. ივი, მარკ ბოანი, ჟანფრანკო ფერე, ჯონ გალიანო, რაფ სიმონსი და მარია გრაცია ქიური არიან დიზაინერები, რომლებმაც დიორში ახალი თავები დაწერეს, ამავდროულად, შეინარჩუნეს  ტრადიცია და თავისებურად შეალამაზეს.

დიორის ბრწყინვალე ისტორიის ხილვა ახლა უკვე Victoria and Albert Museum-შია შესაძლებელი. ორიოლ ქალენის კურატორობით მოწყობილი შოუ კრისტიან დიორის და მომდევნო ექვსი დიზაინერის შემოქმედების ულამაზესი რეტროსპექტივაა. „კრისტიან დიორი: ოცნებების დიზაინერი“ ასახავს როგორც ბრენდის მარადიულ ღვაწლს და გავლენას, ისე კრისტიანის ურთიერთობას ბრიტანეთთან.

Photo: Adrien Dirand


„ჩემი სამშობლოს გარდა არ არსებობს ქვეყანა, რომლის ცხოვრების სტილიც ასე ძალიან მომწონს. მიყვარს ინგლისური ტრადიციები, არქიტექტურა, ინგლისელების თავაზიანობა. ინგლისური სამზარეულოც კი მიყვარს.“ – კრისტიან დიორი

საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში 1905 წელს მდიდრულ ოჯახში დაბადებულმა კრისტიანმა თავის სახლშივე დაიწყო ბრიტანეთის შეცნობა, როდესაც თავის ბავშვობაში დედამისმა ინგლისური ბაღი შექმნა, რომელიც მოგვიანებით ბრენდის ინსპირაციის მთავარ წყაროდ იქცა. თუმცა, როდესაც 21 წლის ასაკში პირველად ესტუმრა ბრიტანეთს მაშინვე შეუყვარდა ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა – ტრადიციები, ცხოვრების წესი, კულტურა და სამეფო ოჯახი. მას უყვარდა ის თავისუფლება, რომელსაც იქ განიცდიდა. საკუთარი ბრენდის შექმნიდან სამი წლის შემდეგ ახალი კოლექცია Savoy-ში წარადგინა, რის შემდეგაც მიიღო შემოთავაზება, რომ მკაცრად გასაიდუმლოებულად საფრანგეთის საელჩოში პრინცესა მარგარეტისთვის და მისი დედისთვის ეჩვენებინა თავისი კოლექცია. კაბა, რომელიც პრინცესა მარგარეტს თავის 21-ე დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ეცვა სწორედ დიორს ეკუთვნის. კრისტიან დიორის კაბაში გამოწყობილი სესილ ბიტონის მიერ გადაღებული პრინცესა მარგარეტის ფოტო საპატიო ადგილს იკავებს სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ოფიციალურ პორტრეტებს შორის.

„ის ნამდვილად ზღაპრული, დელიკატური, მოხდენილი, დახვეწილი პრინცესა იყო.“ – კრისტიან დიორი

უკვე დრო იყო ბრიტანეთს დაეფასებინა დიზაინერი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მისით აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

© Victoria and Albert Museum, London

V&A-ს შოუ სამოცი პრონცეტით უფრო დიდია 2017 წელს პარიზში მოწყობილ გამოფენაზე – „Christian Dior: Couturier du Reve.“

საგამოფენო სივრცე 11 სექციად არის დაყოფილი, რომლებშიც ნამუშევრები თემატურად არის განლაგებული. დამთვალიერებელი პირველ სექციაში 1947 წელში ბრუნდება, სადაც რევოლუციური „ბარის პიჯაკი“ ხვდება. შემდეგ ეტაპობრივად იწყებს დროში მოგზაურობას სექციებში „დიორის ხაზი,“ „დიორი ბრიტანეთში,“ „მოგზაურები,“ „ბაღი,“ „დიორამა…“ სამოსთან ერთად ხედავს აქსესუარებს, სუნამოს ბოთლებს, ისტორიულ კადრებს, დიორის შემოქმედებით დამშვენებულ ჟურნალების ყდებს და ბოლოს მიმდინარე დროს უბრუნდება, რომელშიც დიორს შემოქმედებითად პირველად ხელმძღვანელობს ქალი.

„ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ, ყველას განსხვავებული სტილი გვაქვს, მაგრამ დიორი არის ადგილი, სადაც ყველა ქალს შეუძლია თავისი ადგილი იპოვოს.“ – მარია გრაცია ქიური

© Victoria and Albert Museum, London
© Victoria and Albert Museum, London
© Victoria and Albert Museum, London
© Victoria and Albert Museum, London
Photo: Adrien Dirand
© Victoria and Albert Museum, London
© Victoria and Albert Museum, London
© Victoria and Albert Museum, London
© Getty Images
© Victoria and Albert Museum, London
© Victoria and Albert Museum, London
© Victoria and Albert Museum, London
© Victoria and Albert Museum, London
© Victoria and Albert Museum, London
© Victoria and Albert Museum, London
© Victoria and Albert Museum, London
© Victoria and Albert Museum, London
© Victoria and Albert Museum, London