“მოდა არის აბჯარი ყოველდღიურ რეალურ ცხოვრებაში გადარჩენისათვის” – ამბობდა მოდის ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე ფოტოგრაფი ბილ კანინგჰემი. მოდის, როგორც ხელოვნების ერთ-ერთ ფორმად აღქმაში დიდი წვლილი მიუძღვის მოდის ფოტოგრაფიას. იმის მიუხედავად, რომ მოდის ფოტოგრაფიას მჭიდრო კავშირი აქვს კომერციასთან, ამ დარგში მოღვაწე არაერთმა პროფესიონალმა მოახერხა, რომ დაენგრია სტერეოტიპები და ისტორიული კადრები აღებეჭდა.

მოდის ფოტოგრაფიაზე ფიქრისას, ყველას თვალწინ ჟურნალების გარეკანები, შთამბეჭდავი კამპანიები წარმოგვიდგება, თუმცა, მას ბევრად დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. ფოტოგრაფიის ამ მიმართულების ჩანასახები ჯერ კიდევ 1850 წლიდან ჩნდება, თუმცა დიდი აუდიტორიისათვის ცნობილი მე-20 საუკუნიდან ხდება, მაშინ, როცა ის მოდისათვის მთავარ მარკეტინგულ საშუალებად იქცა.

ედვარდ სტაიქენი – გლორია სვანსონის პორტრეტი., 1924 წელი.

წარმოშობით ლუქსემბურგელი, ამერიკელი ფოტოგრაფი ედვარდ სტაიქენი ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ფიგურის სტატუსს ატარებს. მისი კოლექციები დაცულია ისეთ წამყვან სამუზეუმო სივრცეში, როგორიც არის MOMA. მედიაგიგანტი Condé Nast-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ედვარდი, 1923 – 1938 წლებში, Vogue -ისა და Vanity Fair-ის წამყვანი ფოტოგრაფის პოზიციას იკავებდა.

1924 წელს, მან ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და ბიზნესვუმენი გლორია სვანსონი საკუთარ ფირზე აღბეჭა. ეს ფოტო დღემდე ერთ-ერთ საკულტო პორტრეტად მიიჩნევა.

ირვინგ პენი – ჯინ პატჩეტი. პერუ, 1948 წელი.

ჯინ პატჩეტი, ადრეული მე-20 საუკუნის ერთ-ერთი წამყვანი მოდელი, ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად განაპირობა ფოტოგრაფმა ირვინგ პენმა. პენის ნამუშვრებისათვის დამახასიათებელი იყო მოდის ფოტოგრაფიის კომერციული შტრიხები და ასევე პორტრეტებისათვის დამახასიათებელი ესთეტიკა. ირვინგ პენზე საუბრისას ხშირად ამბობენ, რომ მას კადრებზე აღბეჭდილი საგნების, თუ მოდელებისათვის სულის შთაბერვა საუკეთესოდ შეეძლო. პენი და პატჩეტმა 1948 წელს, VOGUE-ის პროექტზე იმუშავეს.

ერვინ ბლუმენფელდი – Doe Eye. 1950 წელი.

ექსპერიმენტების მოყვარულმა ნოვატორმა ფოტოგრაფმა არა მხოლოდ თავისი ხედვით გაითქვა სახელი, არამედ იმ ტექნიკებითაც, რომელსაც თავადვე იგონებდა, მათი გამოყენებით, ის ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში ქმნიდა კადრებს, რომლებიც დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების ჩარევით მიიღწევა. მისმა პროფესიონალიზმმა ჟურნალ Vogue-ს არაერთი საკულტო ყდა აჩუქა. 1950 წლის ამ ყდაზე, მოდელი ჯინ პატჩეტია გამოსახული. ფოტო შავ-თეთრი ნეგატივის დამუშავების შედეგად არის მიღებული.

რიჩარდ ავედონი – დოვიმა სპილოებთან. პარიზი, 1955 წელი.

მოდელი დოვიმა და ფოტოგრაფი რიჩარდ ავედონის კოლაბორაცია მოდის სამყაროს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მომენტი აღმოჩნდა. ორივე მათგანი საკუთარი კარიერის მწვერვალზე იყო, როდესაც 1955 წელს, ჟურნალ Harper’s Bazaar-ის ედითორიალის გადაღებებისას შეხვდნენ. “ზამთრის ცირკში” რიჩარდ ავედონმა დიორის საღამოს კაბაში გამოწყობილი, იმ პერიოდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, დოვიმა აფრიკულ სპილოებთან ერთად აღბეჭდა და ერთ-ერთი ყველაზე საკულტო კადრიც შექმნა. ნამუშევარი ჟურნალმა Time-მა მსოფლიოს 100 ისტორიულ ფოტოს შორის დაასახელა.

ფრენკ ჰორვეტი – Givenchy Hat. 1958 წელი.

ჰორვერტი მოდის ფოტოგრაფიის პიონერია, რომელმაც ნამუშევრებში ფოტოჟურნალისტიკის ელემენტები შეიტანა. ის გადასაღებ ლოკაციებად, მისი კოლეგებისაგან განსხვავებით, სტუდიების ნაცვლად გარე სივრცეეებს იყენებდა. ჰორვერტის ფოტოები ხასიათდება სიუჟეტებით, იმ ყოველდღიური სცენარებით, რისი მომსწრეც ყოველდღიურად ვხვდებით ქუჩებში. სწორედ ამ სტილის კარგი მაგალითია 1958 წელს გადაღებული ფოტო, სახელწოდებით – Givenchy Hat.

ჰელმუტ ნიუტონი – სმოკინგი. 1975 წელი.

ნიუტონის ფეტიშისტურმა, შავ-თეთრმა ფოტოგრაფიამ შექმნა ეპოქა, რომელიც უამრავი ხელოვანისათვის იქცა შთაგონების წყაროდ. ნიუტონს ოსტატურად შეეძლო სექსუალური და ფეტიშისტური ნარატივები ყველაზე დახვეწილ კადრებად ექცია. მისი არქივიდან 1975 წელს გადაღებული ეს ფოტო ერთ-ერთი რჩეული ნამუშევარია – ანდროგენული გარეგნობის მოდელი მოკლე თმებსა და ივ სან ლორანის სმოკინგში.

გაი ბორდინი – Charles Jourdan-თან კოლაბორაცია. 1979 წელი.

სიურეალისტი და წინააღმდეგობრივი ფოტოგრაფის – გაი ბორდინის ნამუშევრები მოდის ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე აღსანიშნავ კადრებად რჩება. ბორდინმა ედითორიალები, კამპანიები, ჟურნალის ყდები ხელოვნების ნიმუშებად აქცია, ეს კი მისი ორიგინალური ხედვის და გაბედული გადაწყვეტილებების დამსახურება იყო. ეს ფოტო ბორდინის ხელწერის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნიმუშია და ხშირად, მოდის ფოტოგრაფიაში საუკეთესო კადრებს შორისაც მოიხსენებენ. ფოტოზე აღბეჭდილ მოდელს დიზაინერ Charles Jourdan-ის ფეხსაცმელი აცვია.

პიტერ ლინდბერგი – სუპერმოდელების დაბადება, 1988 წელი.

პიტერ ლინდბერგის როლი მოდის ფოტოგრაფიაში განსაკუთრებულია – მან სუპერმოდელების ეპოქის დასაწყისი განაპირობა. სრულიად განსხვავებული ხედვით, ლინდბერგმა მოდელების ხასიათი გამოკვეთა და ისინი 1990-იანი წლების საკულტო პერსონებად აქცია. ლინდბერგის ფოტოსესიებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია 1988 წელს გადაღებული ეს ფოტო. ჟურნალ VOGUE-სათვის მან ეპოქის წამყვანი სახეები სანაპიროზე, თეთრ პერანგებში გამოწყობილი გადაიღო და ამ კადრში მოდელების ბუნებრივი სილამაზე იდეალურად გამოხატა.

იურგენ ტელერი – ახალგაზრდა ვარდისფერი ქეითი. 1998 წელი.

იურგენ ტელერის ფოტოების ესთეტიკა 1990-იანების მოდის ინდუსტრიის ერთგვარ გამოხატულებად იქცა. მისი უცაბედი კადრები განსხვავდებოდა დადგმული, იდეალური კამპანიებისგან – ამ მიდგომამ მოდა აუდიტორიასთან უფრო ახლოს მიიტანა და სახასიათო ფენომენად აქცია. ხელწერიდან გამომდინარე, იურგენის ნამუშევრები უფრო ხშირად ხვდებოდა ისეთ ჟურნალებში, რომლებიც მეტად იყვნენ ფოკუსირებული მოდაზე, როგორც ცხოვრების წესის და პოპკულტურის ფენომენზე. ტელერის 1998 წლის ეს ფოტო მოდის ფოტოგრაფიაში ერთერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევრად მიიჩნევა. ახალგაზრდა ქეით მოსი ვარდისფერი თმით განსაკუთრებულ ხასიათს ქმნის თავისი ბუნებრივი ვიზუალით.

ტიმ უოლკერი – ლილი კოული. 2005 წელი.

ტიმ უოლკერმა თავისი ექსცენტრიული და ესთეტიკური ფოტოებით ჯერ კიდევ 25 წლის ასაკში გაითქვა სახელი. დაახლოებით 26 წლიანი კარიერის შემდეგ, ის მოდის ჟურნალების ერთ-ერთ რჩეულ კოლაბორატორად რჩება. მისი პასტელური, ფერწერული ტილოების მსგავსი ფოტოგრაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ეს ფოტოა, რომელზეც მოდელი ლილი კოულია აღბეჭდილი.