გასული თვეების განმავლობაში, მსოფლიო პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში ადევნებდა თვალს რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვრებთან. მიუხედავად ამისა, ცივილიზებული სამყაროსთვის მაინც რთულად დასაჯერებელი აღმოჩნდა, რომ 2022 წელს, ევროპის კონტინენტზე, სისხლიანი ომი რეალური საფრთხეა.

24 თებერვალს, როდესაც რუსეთმა მშვიდობიან უკრაინას ომი გამოუცხადა და ქვეყანაში სრულმასშტაბიანი საჰაერო და სახმელეთო შეჭრა განახორციელა, თანამედროვე მსოფლიომ ახალ რეალობაში გაიღვიძა. “ასეთ დროს მოდა რელევანტურობას და არსებობის უფლებას კარგავს. მოდის კვირეული აბსურდულობის განცდას აჩენს,” – აღნიშნა ბალენსიაგას ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა, დემნამ პარიზის მოდის კვირეულზე.

2022 წლის შემოდგომა/ზამთრის მოდის კვირეული 11 თებერვალს ნიუ-იორკში დაიწყო და 8 მარტს პარიზში დასრულდა.

წელიწადში ორჯერ, თებერვალში და სექტემბერში, მოდის ინდუსტრია ხანგრძლივ მარათონს აწყობს. ეს ტრადიციაა, რომლის შეფერხება მხოლოდ პანდემიამ შეძლო. თუმცა სწორედ მაშინ, როდესაც ორწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, მოდა არსებობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, მსოფლიო კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

ომის დაწყებიდან 2 კვირის თავზე, რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანაა. რუსული ბაზარი დატოვეს, როგორც მაღალი მოდის ძვირადღირებულმა ბრენდებმა, აგრეთვე მასობრივი ტანისამოსის მწარმოებელმა კომპანიებმა.

საერთაშორისო მედია გიგანტებმა რუსეთში ოპერირება შეწყვიტეს. შედეგად, აგრესორი ქვეყნის მასშტაბით, შეჩერდა ისეთი გამოცემების გამოსვლა, როგორებიცაა: Vogue, Elle, Harper’s Bazaar, Cosmopolitan, Glamour, Vanity Fair.

მიუხედავად უპრეცედენტო სანქციებისა, მოდის კვირეულის მსვლელობისას, ინდუსტრიამ არსებობა საკუთარ წარმოსახვით სამყაროში გააგრძელა. მხოლოდ ერთეულებმა გამოიყენეს პლატფორმა მნიშვნელოვანი განაცხადის გასაკეთებლად, მათ შორის იყო ჯორჯო არმანი.

ლეგენდარულმა დიზაინერმა ახალი კოლექციის ჩვენება სიჩუმეში გამართა. არმანიმ ომის ტრაგედიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში, საზეიმო განწყობა და მუსიკა უადგილოა. შოუს საუნდტრეკი შეცვალა რიკ ოუენსმაც. ნაცვლად ელექტრონული ჟანრის სახასიათო მუსიკისა, ამერიკელმა დიზაინერმა ჩვენებაზე გუსტავ მალერის სიმფონია გააჟღერა.

უკრაინას მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადა იზაბელ მარანმაც. ფრანგი დიზაინერი პოდიუმზე უკრაინის დროშის ფერებში შემოსილი გამოჩნდა. „მოდის შოუ კორონავირუსის დროსაც საკმაოდ უცნაური იყო. ახლა მითუმეტეს, ეს კიდევ უფრო უცნაური, სამწუხარო და სიურეალისტურია,“– თქვა სტელა მაკარტნიმ საკუთარ ჩვენებაზე, რომელიც ჯონ ლენონის ანტისაომარი ბალადით “Give Peace a Chance”-ით დახურა.

არგენტინელი ტოპ მოდელის, მიკა არგანარიასის ინიციატივით, სამოდელო ბიზნესის ვარსკვლავების ნაწილმა მოდის კვირეულიდან მიღებული ანაზღაურება უკრაინის მხარდასაჭერ ფონდებში გადარიცხეს. დონაციებს შეუერთდნენ ცნობილი ბრენდებიც.

შექმნილი რეალობის სისასტიკე და უკრაინისათვის მხარდაჭერის გამოხატვის მნიშვნელობა ყველაზე უკეთ ბალენსიაგას მოდის სახლში გაიაზრეს. ფრანგული ბრენდის ქართველი კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია ერთადერთი წარმატებული დიზაინერია თანამედროვე მოდაში, რომელსაც ომის ტრაგედია საკუთარ თავზე აქვს გამოვლილი. „უკრაინაში მიმდინარე ომმა წარსული ტრავმის ტკივილი გამიმწვავა, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, იმ დროიდან, როცა ჩემს მშობლიურ ქვეყანაში იგივე მოხდა,” – ვკითხულობდით დემნას წერილში, რომელიც ჩვენებაზე მისულ სტუმრებს დახვდათ. ჩვენება დრამატული, სევდისმომგვრელი და გულწრფელი იყო.

მოდა ხშირად გვთავაზობს სინამდვილის ალტერნატივას, რომელიც ზოგჯერ ზედმეტად შელამაზებულია, თუმცა ამჯერად, რეალობის სისასტიკემ და მასშტაბებმა ინდუსტრიას გამოფხიზლება აიძულა. საერთაშორისო მოდის კვირეულების 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი სიმბოლური სიახლით დასრულდა – საფრანგეთის მოდის ფედერაციამ რუსი დიზაინერი, ვალენტინ იუდაშკინი პარიზის მოდის კვირეულიდან მოხსნა.