ისეი მიაკე, დიზაინერი

ისეი მიაკემ საკუთარი ბრენდი 1970 წელს იაპონიაში დააარსა, რის შემდეგაც ის პარიზში კოლექციის საჩვენებლად დაპატიჟეს. დანარჩენი ისტორიაა. მისმა ტექსტილმა, ნაჭრებმა, ჭრებმა და უჩვეულო დიზაინებმა პარიზში ყველა გააოცა, “ხელოვნებისა და დიზაინის ყველა მიმართულება ერთმანეთთან იკვეთება. მათ შორის გამყოფი ხაზები არ არსებობს,” ამბობდა ისეი და მართლაც, მისი ნამუშევრები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია.

Issey Miyake (c) NY Times

ანდრე ლეონ ტალი, რედაქტორი და ჟურნალისტი

ანდრე ლეონ ტალი ვაშინგტონში დაიბადა, სწავლობდა ფრანგულ ლიტერატურას ბრაუნის უნივერსიტეტში და შემდეგ საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. იქ მან დიანა ვრილენდთან ერთად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში დაიწყო მუშაობა, რასაც მოჰყვა მისი სტატიები ენდი უორჰოლის ინტერვიუში, WWD-სა და ნიუ-იორკ თაიმსში. 1983 წელს ის მოდის სიახლეების რედაქტორად დაინიშნა ვოგში, ხუთ წელიწადში კი, ჟურნალის კრეატიული დირექტორი გახდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჟურნალში მსგავს პოზიციას აფრო-ამერიკელი მამაკაცი იკავებდა.

Andre Leon Talley (c) getty

მანფრედ ტიერი მუგლერი, დიზაინერი

მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოსტიუმერი და შოუმენი, ტიერი მუგლერი მოდის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მანფრედი საფრანგეთში, სტრასბურგში დაიბადა და მოზარდობიდან ბალეტის შესწავლა დაიწყო, თუმცა 1966 წელს პარიზში გადასვლის შემდეგ, მალევე მან საკუთარი ბრენდი დააარსა. მოდაში უდიდესი მიღწევების გარდა, ის ჯორჯ მაიკლის სინგლის “Too Funky”-ს მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია, და ნამუშევარი აქვს Cirque du Soleil-ში.

Manfred Thierry Mugler (c) Vogue

პატრიკ დემარშელიე, ფოტოგრაფი

თვითნასწავლმა ფოტოგრაფმა ლე ავრიდან, პატრიკ დემარშელიემ მოდის სამყაროში გზა თავად გაიკვალა. ის მჭიდროდ მუშაობდა გრეის კოდინგტონთან ერთად ბრიტანულ და ამერიკულ ვოგში, ისევე, როგორც ანა ვინტურთან, ხოლო 1989 წელს უელსის პრინცესა დიანას პირადი პორტრეტისტი გახდა. მას ბევრი ჯილდო აქვს მიღებული, როგორც საფრანგეთის კულტურის სამინისტროდან, ასევე CFDA-დან. მიუხედავად მისი უდიდესი ღვაწლისა, 2018 წელს მას, ისევე, როგორც ბევრ სხვა ინდუსტრიის წარმომადგენელს, Me Too მოძრაობის დასაწყისში, სექსუალური შევიწროვების ბრალდებები წაუყენეს, თუმცა თავად დემარშელიე ბრალდებებს ცხოვრების ბოლომდე უარყფდა.

Patrick Demarchelier(c) getty

გასპარ ულიელი, მსახიობი

World News Today-მ გასპარს ერთხელ “მოდის შვილი” უწოდა, რაც რეალობას შეესაბამებოდა, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. პარიზში დაბადებული გასპარის მამა დიზაინერი, ხოლო დედა – სტილისტი იყო. მანამ, სანამ 2014 წელს ის ივ სენ ლორანის როლს შეასრულებდა და შანელის პარფიუმის სახე გახდებოდა, 2003 წელს ედი სლიმანის შოუზე გამოვიდა. მაგრამ, მისივე თქმით, მან ყოველთვის იცოდა, რომ მსახიობობა სურდა.

Gaspard Ulliel (c) AFP