თუ მოდის ინდუსტრიისთვის ათვლის წერტილის აღებას გადავწყვეტთ, უდავოა, რომ პირველი, ვინც თავში უნდა მოგვივიდეს კოკო შანელია, რომელმაც მეოცე საუკუნეში გადატრიალება არა მხოლოდ მოდაში, არამედ ქალების ცხოვრების სტილშიც მოახდინა. დღეს, კოკო შანელი არის დიზაინერი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა იცის, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რამდენად ჩახედულია მოდის ინდუსტრიაში და ამას აქვს მიზეზი: კოკო იყო უფრო მეტი, ვიდრე დიზაინერი, ის მოდის ორიგინალი ინოვატორი იყო და, თუ შეიძლება მოდა მარტივად განიზასღვროს, მაშინ მას ეჭვგარეშეა შემდეგი ფორმულირება ექნება: მოდა კოკო შანელამდე და მის შემდეგ, რადგან კოკოს შემდეგ მოდა არასოდეს ყოფილა ისეთი, როგორიც მის გამოჩენამდე იყო.
მეოცე საუკუნის დასაწყისში მოდა კვლავ არ იყო არჩევანსა და გემოვნებაზე დამოკიდებული. ქალები ჯერ კიდევ შეზღუდულები იყვნენ არაკომფორტული და არაპრაქტიკული სამოსით, რომელსაც ისინი “S” ლუქს უწოდებდნენ, რადგან სამოსი მათ სხეულზე სწორედ მსგავს შემოწერილობას ქმნიდა. “Hoop” კაბები და კორსეტები კი ქალების თავისუფალ მოძრაობას ზღუდავდა. შანელი იყო პირველი, რომელმაც მსგავს არაპრაქტიკულ სამოსზე უარი თქვა, მას უნდოდა ქალებს ერწმუნათ, საკუთარი თავები ყოფილიყვნენ და კომფორტულად, თავისუფლად ეცხოვრათ, ამიტომ, როდესაც გაანალიზა, გრძელი ქვედაბოლოების ტარებისას ცხენის ჯირითს ვერ შეძლებდა, გადაწყვიტა შარვალი მოერგო, რომელიც იმ დროისთვის, მხოლოდ მამაკაცის სამოსად ითვლებოდა. ეს იყო ქალების თავისუფლების დასაწყისი, რომელიც შანელმა შექმნა და ივ სან ლორანმა დააგვირგვინა, როდესაც თავისი სამოსით ქალებს აბსოლუტური თავისუფლება აჩუქა.
„მე ქალებს თავისუფლების შეგრძნება ვაჩუქე. მათ საკუთარი სხეულები დავუბრუნე: სხეულები, რომლებიც ოფლისგან იღვრებოდა გადამეტებული მოკაზმულობით, მაქმანებით, კორსეტებითა და საცვლებით“ – კოკო შანელი
შანელი იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც შავი ფერი მოდაში შემოიტანა და დაამკვიდრა. სწორედ კოკომ გაათავისუფლა ეს ფერი მელანქოლიის, დაკრძალვისა და მწუხარების ვიქტორიანული პერიოდის ასოციაციებისგან. მისთვის შავი მარტივი ელეგანტურობის ეპიტომი იყო, რომელიც ყოველდღიურად შეგეძლო გეტარებინა, სწორედ ამიტომ შექმნა „პატარა შავი კაბა“ (Little Black Dress), რომელიც 1926 პირველად გამოქვეყნდა ვოგში სკეთჩის სახითა და წარწერით: „კაბა, რომელსაც მთელი მსოფლიო ჩაიცვამს“. ასე გაჩნდა შანელის პირველი ტრენდი.
კოკოს ეკუთვნის ჯერსის, თავისუფალი სტილის ზედასამოსის მოდაში შემოტანაც. ჯერსი, რომელიც პრაქტიკული და კომფორტული იყო იმ დროინდელი ქალების სამოსის ანტითეზისს წარმოადგენდა.
კოკოს ინოვაციები ცდება მხოლოდ მოდის საზღვრებს, მას ეკუთვნის პირველი ბრენდირებული სუნამოს შექმნის იდეაც. 1921 წელს „შანელი ნომერი 5“ შეიქმნა, რომლის არომატიც ისეთივე ინოვატორული და ორიგინალური იყო, როგორც კოკოს ნებისმიერი დიზაინი. განსხვავებით მაშინდელი სუნამოებისგან, “Chanel No. 5”-ის შესაქმნელად ყვავილების კომპონენტები იქნა გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ პოლ პუარე იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც საკუთარი სუნამო შექმნა, მან თავისი ქმნილების ბოთლზე საკუთარი სახელი არ დაიტანა. შანელი კი ამ მარტივი ხერხით ბრენდად იქცა და სრულიად სხვა ბაზარი აითვისა. „შანელი ნომერი 5“ დღესაც კი ბრენდის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და მისი სახე არაერთი ცნობილი ადამიანი გამხდარა, მათ შორის: კატრინ დენევი, ნიკოლ კიდმანი, ოდრი ტატუ, ბრედ პიტი და ჟიზელ ბუნდჩენი.
“ქალს, რომელიც სუნამოს არ იყენებს ,მომავალი არ აქვს“ – კოკო შანელი
შანელმა ხელი შეუწყო აქსესუარების აქტუალურ გამოყენებას. კოკო ყოველდღიურად შედარებით იაფი ოქროსა და ყალბი მარგალიტების მომხმარებელი იყო, რომელსაც ის თითქმის ყოველდიურად ატარებდა. მას მიაჩნდა, რომ ჯობდა ქალებს შეძლებოდათ უფრო ხელმისაწვდომი სამკაულების შეძენა, რომელსაც ყოველდღიურად გამოიყენებდნენ, ვიდრე მხოლოდ რამდენიმე ძვირადღირებული ძვირფასი თვლების მფლობელები ყოფილიყვნენ.
1920-იან წლებში შანელს მობეზრდა კლათჩების ტარება, ამიტომ გადაწყვიტა ისეთი ჩანთა შეექმნა, რომელიც მის ხელებს გაათავისუფლებდა. 1929 წელს შანელმა მისი ცნობილი „2.55“ ჩანთის წინამორბედი შექმნა, რომელიც ჯარისკაცების ზურგჩანთების დამჭერებით იყო შთაგონებული. შუა 50-იანებში, როცა შანელი კვლავ გააქტიურდა მოდის ინდუსტრიაში, მან ჩანთის დიზაინი განაახლა და „2.55“ უწოდა, რაც ჩანთის შექმნის თარიღს – 1955 წლის 2 თებერვალს – აღნიშნავდა.
1923 წლის 5 აგვისტოს შანელმა ჟურნალისტების პატარა ჯგუფი საკუთარ სალონში მიიწვია ახალი კოლექციის სანახავად, რომელშიც პირველად გამოჩნდა შანელის პიჯაკი. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პიჯაკმა მოდის რედაქტორების მოწონება ვერ დაიმსახურა და კოლექციის განხილვისას შანელის ტვიდი თითქმის არ უხსენიებიათ
1939 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, კოკომ მაღაზიები დახურა და შვედეთში გადავიდა. ის პარიზში 1954 წელს დაბრუნდა და შანელის პიჯაკი ხელახლა წარმოადგინა, ამჯერად მუხლამდე ქვედაბოლოსთან თანხვედრაში, კარდიგანის სტილის ჟაკეტის სახით, რომელსაც შავი ნაქარგები და ოქროსფერი ღილები ჰქონდა. პიჯაკმა ამჯერად გაამართლა, მან მოდის კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და შანელის ყველაზე ცნობილ და საკულტო ქმნილებად იქცა და როგორც ამბობენ, მოდიდან 3 რამ არასოდეს გადავა: თეთრი მაისური, ჯინსები და შანელის პიჯაკი.
1959 წელს შანელმა ორი ტონალობის ფეხსაცმელი შექმნა, რომელიც, ისევე როგორც მისი ბევრი დიზაინი, მამაკაცის სამოსით იყო შთაგონებული. კოკოს მიერ გამოგონილი საბალეტო ფეხსაცმელი მისი შექმნიდან 50 წლის მერეც არ კარგავს აქტუალურობას და შანელის ტვიდთან ერთად ის ფუფუნების პროდუქტია, რომელიც ნებისმიერი მოდური ქალის გარდერობს უნდა ამშვენებდეს.
კოკო შანელმა შეცვალა საზოგადოების მხრიდან ქალებისადმი დამოკიდებულება. ქალებმა საკუთარი თავების კაცების თანასწორებად აღქმა დაიწყეს, რაც დეკადების შემდეგ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში გადაიზარდა. ამ მიზეზის გამო კოკო მოდის პირველ ფემინისტადაც იწოდება. შანელი ერთადერთი დიზაინერია, რომელიც ჟურნალის “თაიმის” მე-20 საუკუნის ” ყველაზე გავლენიანი 100 ადამიანის” სიაში მოხვდა.