2017 წელს დაიწყო, ალბათ, ბოლო ათწლეულებში ყველაზე მნიშნვნელოვანი მოვლენა, მოძრაობა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ, ეს არ ყოფილა არც საპროტესტო აქციებით გამოხატული მოძრაობა და არც უამრავი ჟურნალისტის მოწვევა და მათ წინაშე საუბარი, თუ რამნიშვნელოვანია ეს თემა. ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ყველაზე დიდი ძალა სწორედ მაშინ დავინახეთ, როცა კინობიზნესის ერთ-ერთი გიგანტის, MIRAMAX-ის თანადამფუძნებელი ჰარვი უეინშტეინი არაერთმა მსახიობმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში. გასულ წლებშიც ყოფილა სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ირგვლივ მსგავსი სკანდალი, თუმცა 2017 წლამდე რეალური შედეგი არ მოჰყოლია ამ ყველაფერს. ჰარვის ამბავმა სხვა მსხვერპლებსაც მისცა ძალა ხმა ამოეღოთ. მოდის სამყაროდან პირველად ეს მოძრაობა ტერი რიჩარდსონს შეეხო, რაც სიმართლე ვთქვათ, არავის გაჰკვირვებია.

2018 წელს ამავე სკანდალში აღმოჩნდა ფოტოგრაფი მარიო ტესტინო. მარიო მოდის ბიზნესის ერთ-ერთი დიდი ფიგურაა, წლების მანძილზე მუშაობდა წამყვანი ჟურნალებისა და დიზაინერებისთვის წამყვან მოდელებთან ერთად. აქამდე თუ დაზარალებულები მხოლოდ ქალები იყვნენ, ტესტინოს სკანდალმა აჩვენა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი უამრავი მამაკაცია და მითუმეტეს მოდის ბიზნესში. პირველი ბრალდება 2018 წლის იანვარში იყო, მარიო მასთან მომუშავე 13-მა ასისტენტმა და მოდელმა დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში, რომელიც 90-იან წლებში ხორციელდებოდა სხავდასხვა ფოტოსესიაზე. რაიან ლოკმა, მოდელმა, რომელსაც ტეტსინო Gucci-ის კამპანიისთვის იღებდა, თქვა რომ ტესტინო სექსუალური მანიაკია. ასისტენტ რომან ბარეტის თქმით, სექსუალური ძალადობა ტესტინოსთან მუშაობის მუდმივი რეალობა იყო. 2018 წლის 3 მარტს ფოტოგრაფის წინააღმდეგ კიდევ ხუთი ბრალდება გავრცელდა. მარიო ჯამში 18-მა ადამიანმა დაადანაშაულა. ტესტინო სამეფო ქორწილის ოფიციალური ფოტოგრაფი უნდა ყოფილიყო, თუმცა პოზიციიდან მოხსნეს. რაც მთავარია, ფოტოგრაფთან მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო Condé Nast-მა და ამგვარად დასრულდა მარიო ტეტსინოს კარიერა, როგორც მოდის ფოტოგრაფის.

2018 წლის ოქტომბერში ანა ვინტურს ლეგენდარული ფოტოგრაფის პატრიკ დემარშელიეს ყოფილმა ფოტოასისტენტმა მეილი მისწერა, სადაც წერდა, რომ დემარშელიე მასზე მუდმივად ძალადობდა, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა გოგონა ჯერ კიდევ 19 წლის იყო და კარიერას იწყებდა, პატრიკი ემუქრებოდა, რომ თუ ხმას ამოიღებდა ცუდ შეფასებას მისცემდა და სამსახურს დაკარგავდა. ამის შემდეგ კიდევ ექვსმა ქალმა, მათ შორის იყვნენ მოდელები, დაადანაშაულა ფოტოგრაფი, უმეტესობამამ ანონიმურად. Condé Nast-ის პოზიცია იგივე იყო, რაც ტესტინოს შემთხვევაში – ინდუსტრიამ შეწყვიტა პატრიკ დემარშელიესთან თანამშრომლობა.

სკანდალი იყო არაერთი ბრენდის ირგვლივაც. 2018 წლის იანვარი სწრაფი მოდის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის, H&M-ის სკანდალით დაიწყო. 8 იანვარს ბრენდის ბრიტანულ საიტზე დაემატა ბავშვის მწვანე ჰუდი წარწერით “coolest monkey in the jungle” (“ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში”). ჰუდი სკანდალის მიზეზი იმის გამო გახდა, რომ საიტზე განთავსებულ ფოტოში აღნიშნული ჰუდი შავკანიან ბავშვს ეცვა. ფოტოს გამოეხმაურა The Weeknd, რომელმაც დატვიტა, რომ შოკირებული და საშინლად შეურაცხყოფილია და აღარ აპირებს ბრენდთან თანამშრომლობას. თანამშრომლობა შეწყვიტა G-Eazy-მაც. ბრიტანეთში ნებისმიერი რასის ბავშვს მოფერებით ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “cheeky monkey“, სწორედ ამიტომ მოდელი ბავშვის მშობლები ირწმუნებოდნენ, რომ არანაირი რასიზმი არ იყო ნაგულისხმევი წარწერაში, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად არ დასთანხმდებოდნენ, თუმცა სკანდალი მათმა განცხადებამ არ ჩააცხრო. ბრენდის მაღაზიები დაარბიეს სამხრეთ აფრიკაში. H&M-მა, რა თქმა უნდა, აღიარა დანაშაული და ბოდიში მოიხადა, თუმცა რეპუტაციის შერყევის გამო ბრენდის გაყიდვებმა საგრძნობლად იკლო მსოფლიოს 4 553 მაღაზიაში.

გაზაფხულზე ჰაისნობაეთიმ გამოაქვეყნა სტატია, ჰედლაინით: „ინტერნეტ სივრცის დაპყრობიდან 2 წელში,როგორც ჩანს ვეტმანს არავინ აღარ ყიდულობს.“ ეს სტატია დამამახსოვრდება, როგორც დემნა გვასალიაზე პირველი დიდი თავდასხმა გავლენიანი პრესის მხრიდან. სტატია მყიდველების და ბრენდის ყოფილი ინტერნი დიზაინერების ინტერვიუბზეა აწყობილი. მათ ანონიმურობა ითხოვეს, დღემდე უცნობია იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც ჰაისნობაეთის მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც დაიწერა სტატია. გასაკვირი არ არის, სიმართლეც რომ ყოფილიყო, დემნა საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა და მასთან პირდაპირ დაპირისპირებას არცერთი ინტერნეტი, თუ მყიდველი არ მოისურვებდა. სტატიას mytheresa.com-ის მყიდველის (ე.წ ბაიერის) ფოტო ერთვოდა, რომელმაც ჰაისნობაეთის მოუწოდა, რომ ფოტო აეღოთ, რადგან ის კვლავ ყიდულობს ვეტმანს და არანაირი კავშირი არ აქვს სტატიასთან. ანონიმური მყიდველები და ინტერნები ამბობდნენ, რომ ციურიხში გადასვლის შემდეგ, გვასალიების ბრენდი ბევრმა დატოვა, დემნას უჭირს ორ ბრენდზე კონცეტრაცია და ვეტმანი ცუდ მდგომარეობაშია. 2 დღეში ვეტმანის ოფიციალურ ინსტაგრამზე დემნას განცხადება გავრცელდა, ხოლო WWD-მ დემნას ძმის, გურამ გვასალიას და მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო ცენტრების მყიდველების ინტერვიუები გამოაქვეყნა. წამყვანი სავაჭრო ცენტრების მყიდველები ამბობდნენ, რომ ვეტმანი მათი ტოპ გაყიდვადი ბრენდია და ჰაისნობაეთის სტატია სიცრუეზეა აგებული. გურამს ბრიტანული ვოგიც დაუკავშირდა, ანდერს კრისტიან მედსენთან ინტერვიუში უმცროსმა გვასალიამ აღნიშნა, რომ ფინანსურად იმაზე ძლიერ მდგომარეობაში არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან, მათი ღირებულება მილიარდისკენ არის და სეზონზე 8 ციფრიან თანხას გამოიმუშავებენ. გაჩნდა კითხვა, რომელია სიმართლე? 2 კვირაში ამ კითხვას პასუხი გამოცემა „მოდის ბიზნესმა“ გასცა, როცა ვეტმანთან დაკავშირებული კვლევა დაუკვეთა. გამოქვეყნდა ახალი სტატია: „სიმართლე ვეტმანის შესახებ.“ სტატიიდან გაირკვა, რომ ვეტმანს 31% ზრდა აქვს, წინა 2 წელთან შედარებით. ვეტმანს 2018 წლის განმავლობაში ტოპ მოთხოვნადი ბრენდების ათეული არ დაუტოვებია. ვიფიქრებდი, რომ ეს მორიგი ხელოვნურად შექმნილი სკანდალი იყო პიარისთვის, მაგრამ გურამის გაბრაზებული ტონი და დემნას გულწრფელი წყენა,რომელიც განცხადების გაკეთების დროს ძალიან შესამჩნევი იყო, მარწმუნებს, რომ ძმებმა სტატიაზე არაფერი იცოდნენ და მართლაც მოულოდნელი დარტყმა იყო. ამას ვუკავშირებ ფაქტს,რომ უკვე 9 თვეა გურამ გვასალია ჟურნალისტებთან არ საუბრობს, დემნა კი ნაწყენია, იმდენად ნაწყენი, რომ სკანდალის შემდეგ ყველა ინტერვიუში აღნიშნავს როგორ ებრძვიან. 

რასისტულ სკანდალში გაეხვნენ რუსული მოდის 2 ძალიან მნიშვნელოვანი ქალიც. წლის დასაწყისში მირასლავა დუმას ინსტაგრამზე გავრცელდა იულიანა სერგეენკოს ჩვენების მოსაწვევი, რომელზეც ეწერა: “To My N**as in Paris”.რამდენიმე საათში ფოტო სოციალურ ქსელებს მოედო. ნაომი ქემბელი იყო ერთ-ერთი პირველი ცნობილი ფიგურა, რომელიც მომხდარს გამოეხმაურა. N სიტყვას ცუდი ისტორია აქვს და აფრო-ამერიკელების გარდა, სხვა რასის მხრიდან ამ სიტყვის გამოყენება ძალიან დამამცირებელია. სერგეენკომ განმარტა, რომ წარწერა ქანიე უესტის და ჯეი ზის ჰიტს “N**as in Paris”-ს უკავშირდებოდა და შეურაცხყოფა აზრად არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, პარიზში რუსი დიზაინერის ჩვენება ჩაიშალა. მირასლავასთვის სკანდალი აქ არ დასრულებულა, ყველაფერი მხოლოდ იწყებოდა. იმავე კვირას გავრცელდა დუმას 6 წლის წინანდელი ლექციის ვიდეო ჩანაწერი. საერთაშორისო აღიარებამდე, მირასლავა დუმა, რუსი პოლიტიკოსის, ვასილ დუმას ქალიშვილი რუსეთში ციფრულ მედიაზე ლექციებს კითხულობდა, როგორც მოდის შესახებ ონლაინ მედია პლატფორმის ბიურო 24/7-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ვიდეოში დუმა ყველასთვის წარმოუდგენელ და მოულოდნელ ჰომოფობიურ, ტრანსფობიურ განცხადებებს აკეთებს. ვიდეო ვირუსულად მოედო პოპულარულ ბლოგებს, ფორუმებს.  მირასლავამ აღნიშნა, რომ იქ, სადაც იზრდებოდა (რუსეთში),  დასავლეთის კულტურა, ღირებულებები, სიტყვები არ იყო ნაცნობი, თუმცა მას შემდეგ წლები გავიდა,  იმოგზაურა, ბევრი ახალი პიროვნება გაიცნო, დაუმეგობრდა და შეიყვარა ადამიანები, რომლებსაც ერთ დროს ბუნების შეცდომებს უწოდებდა. პიროვნულად გაიზარდა და ამპარტავნობაზე, დისკრიმინაციაზე მაღლა დადგა. თუ კინოში, სპორტში, მუსიკაში ჰომოფობიასთან ბრძოლაზე საუბარი ახალი ხილია, მოდა ამ მხრივ რადიკალურად განსხვავებული ინდუსტრიაა.

„თუ მუსიკაში მუშაობ და გეი ხარ, აუცილებლად იქნები დისკრიმინაციის მსხვერპლი, მითუმეტეს ჰიპ-ჰოპში, მაგრამ მოდაში პირიქით, ზოგჯერ მე ვგრძნობ დისკრიმინაციას იმიტომ რომ გეი არ ვარ.“ – ქანიე უესტი.

დუმამ ბიუროს წილი გაყიდა, მოდის ტექნოლოგიური ლაბორატორია, რომელშიც 50 მილიონი დოლარი ჩადო, მომავლის ტექნოლოგიურ ლაბორატორიად გადააკეთა და აქტიური მოდიდან წავიდა.

შემდეგი სკანდალი, უდაოდ ბოლო 20 წლის მანძლზე მოდის ინდუსტრიის ყველაზე დიდი სკანდალია, ყველაზე მასშტაბური შედეგით. Dolce&Gabbana ჩინეთის უზარმაზარი შოუსთვის ემზადებოდა, რომელზეც მილიონობით დოლარი დახარჯეს, ტრენდავდნენ ჰეშთეგს  #DGlovesChina, გავრცელდა სარეკლამო რგოლი, სადაც ჩინელი გოგონა ჩინური ჩხირებით იტალურ სპაგეტს ჭამს. გულახდიალდ გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ შეიძლებოდა ეს სარეკლამო რგოლი რასიზმად ჩაეთვალა ვინმეს, თუმცა ჩათვალეს და ერთ-ერთმა ჩინელმა მოდის ბლოგერმა ბრენდი რასიზმში დაადანაშაულა. შემდეგ გამოქვეყნდა სტეფანოს და ერთ-ერთი ჩინელი მომხმარებელის საუბარი ინსტაგრამზე, სადაც თავიდან სტეფანომ სცადა აეხსნა, რომ სარეკლამო რგოლით ბრენდი ეცადა ჩინეთის მიმართ პატივისცემა გამოეხატა. ჩემი აზრით, იდეა საკმაოდ კარგი იყო, ჩინეთის კულტურისა და იტალიური კულტურის, რომელსაც სპაგეტი და Dolce&Gabanna წარმაოდგენს, შერწყმა იყო. თავისუფლად იყო შესაძლებელი ამის კარგად ახსნა, თუმცა სტეფანოს ნერვებმა უმტყუნა და ბრალდებების საპასუხოდ ჩინეთის ლანძღვაზე გადავიდა, ქვეყანას და მის მოსახლეობას, უკულტურო, გაუნათლებელი უწოდა, ერთი დიდი ნეხვია ჩინეთი, ნეხვის სუნით აყროლებულიო. მაშინ როცა, ჩვენ ძაღლები გვიყვარს და ვუფრთხილდებით, თქვენ მისი ჭამით ხართ დაკავებული და ნუთუ ეგეც რასიზმად უნდა ჩავთავლოო. ბოლოს დაამატა “Ni hao stupid bye“ და მომხარებელი დაბლოკა. როცა მიმოწერის სქრინები ინტერნეტს მოედო, სტეფანომ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, რომ ექაუნთი გაუტეხეს და მისი დაწერილი არ იყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, არავინ დაიჯერა. ჩინელები შეურაცხყოფას რომ არავის პატიობენ ეგ ყველამ კარგად ვიცით, შედეგმაც არ დააყოვნა, და მაშინვე დაიწყეს ჩინეთის მაღაზიებიდან ბრენდის პროდუქციის აღება, ვრცელდებოდა ვიდეობი, როგორ წვავდნენ მომხარებლები ბრენდის კუთვნილ ტანსაცმელს. Amazon China-ს გარდა რვა ძირითადმა ჩინურმა ონლაინ გაყიდვების პლატფორმამ სრულიად ამოიღო Dolce&Gabbana-ს პროდუქცია გაყიდვიდან. მათ შორის არის სამი მთავარი ჩინური გიგანტი, Tmall, Jingdong და Suning Tesco. ასევე NeteaseKaola, VIPShop, No. 1 Shop, Ocean Terminal და ა.შ. მილიონიანი შოუ ჩაიშალა, დომენიკომ და სტეფანომ ვიდეო გაავრცელეს, სადაც ბოდიშს იხდიდნენ, თუმცა ვერაფერში დაეხმარათ – Dolce&Gabbana მსოფლიოსე რთ-ერთ ყველაზე დიდ ბაზარს გამოეთიშა. მალევე WWD-მ გაავრცელა იფნორმაცია, რომ YOOX Net-a-Porter Group-მა ბრენდი ამოიღო ჩინურენოვანი პლატფომებიდან: Net-a-porter, Mr Porter and Yoox.com. ამ გადაწყვეტილებით YOOX Net-a-Porter Group იყო პირველი გლობალური ონლაინ გაყიდვების პლატფორმა, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა იტალიურ ბრენდს.

2018 წლის ბოლო სკანდალი რუსი დიზანერის, გოშა რუბჩინსკის ირგვლივ აგორებული სექსუალური სკანდალია. დეკემბრის დასაწყისში ინტერნეტში გავრცელდა სქრინები, სადაც გოშა არასწრულწლოვან ბიჭს ფოტოების გაგზავნას სთხოვდა, ეუბნებოდა, რომ აბაზანაში შესულიყო, ფოტო გადაეღო და მისთვის გაეგზავნა. მოთხოვნა გააგრძელა, იმის მიუხედავად, რომ ბიჭმა აღნიშნა, რომ 17 წლის იყო. როცა ფოტოები ვერ მიიღო, ბიჭი ინსატგრამზე და WhatsApp-ზე დაბლოკა და მესიჯები წაშალა. მეტი მტკიცებულებისთვის არასწრულწლოვანმა ასევე გაავრცელა 30 წამიანი FaceTime ვიდეო, სადაც გოშას სახე ჩანს. რუბჩინსკის წარმომადგენელმა სკანდალურ სქრინებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია,რომ გოშა ქუჩის ქასტინგს ატარებდა. თინეიჯერმა უთხრა, რომ სახლში მარტო არ იყო და ამიტომ სთხოვა გოშამ აბაზანაში გასვლა და სარკეში ფოტოს გადაღება, რათა შემდეგ ფაილში შეენახა. თუმცა ამ ბიჭმა მინაწერები ისე მოჭრა, რომ გოშა ცუდად გამოჩენილიყო. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ გოშამ დაბლოკა მას შემდეგ, რაც ხშირად წერდა. ამავე დროს კიდევ რამოდენიმე ანალოგიური ამბავი გავრცელდა, რომ არასრულწლოვნებს სთხოვდა ფოტოების გაგზავნას. ოლგა კარპუტმა WWD-ისთან ინტერვიუში დიზაინერი დაიცვა: “გოშა კარგი ადამიანია, მე მას დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ მეგობრობის გარეშეც, ობიექტურად შემიძლია ვთქვა. მის ჩვენებებზე მოდელები მშობლებთან ერთად იყვნენ, ყველაფერი ყოველთვის ღიად კეთდებოდა. ბავშვი გაბრაზდა უარყოფის გამო და ასე გადაწყვიტა შურისძიება.“ Addidas-მა განაცხადა, რომ გამოიძიებს გოშას სკანდალს. HYPEBEAST-მა 2018 წლის ინფლუენსერების 100-ეულიდან გოშა ამოიღო, თუმცა 2018 წლის ტოპ 10 კოლაბორაციაში დასახელდა Gosha Rubchinskiy x Burberry.