ავა გარდნერი
ავა გარდნერი ჩრდილოეთ კაროლინაში 1922 წელს დაიბადა. Metro-Goldwyn-Mayer-თან კონტრაქტი 1941 წელს გააფორმა, თუმცა კარიერის პირველი რამდენიმე წელი მხოლოდ პატარა როლებს ასრულებდა. წარმატება რობერტ სიოდმაკის 1947 წლის ფილმმა The Killers-მა მოუტანა. ჯონ ფორდის 1953 წლის Mogambo-სთვის კი ავა ოსკარზეც იყო ნომინირებული. სწორედ ამ როლმა განაპირობა ავას კლასიკური ჰოლივუდის ერთ-ერთ წამყვან სახედ აღიარება. ავას ფილმში პარტნიორობას უწევენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან კლარკ გეიბლი და გრეის კელი. 1951 წელს ავამ ფრენკ სინატრაზე იქორწინა, თუმცა ქორწინებამ მხოლოდ 7 წელი გასტანა.



გრეის კელი
გრეის კელი 1929 წელს ფილადელფიაში დაიბადა. ადრეულ 50-იან წლებში გრეისი სატელევიზიო შოუებში იღებდა მონაწილეობას, ფილმმა მოგამბომ კი, ავა გარდნერის მსგავსად, გრეისი ჰოლივუდის ერთ-ერთ წამყვან სახედ აქცია. ამ როლისთვის მან მიიღო ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები, ხოლო 1954 წლის ოსკარზე მან გაიმარჯვა ფილმისთვის The Country Girl. გრეისის კარიერაში აღსანიშნავია მისი როლები ალფრედ ჰიჩკოკის ფილმებში To Catch a Thief, Dial M for Murder და Rear Window. 1956 წელს გრეისმა მონაკოს პრინც რენიეზე იქორწინა და მონაკოს პრინცესა გახდა. 1982 წელს 52 წლის გრეისი ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა.



რიტა ჰეივორთი
რიტა 1918 წელს ბრუკლინში დაიბადა. 37 წლიანი კარიერის განმავლობაში, რიტამ 61 ფილმში მიიღო მონაწილეობა, პრესამ კი მას სიყვარულის ქალღმერთი შეარქვა. დიდება გლენ ფორდის 1946 წლის ფილმმა Gilda-მ მოუტანა, რომელშიც ის ნამდვილ Femme Fatale-ის როლს ასრულებს. ასევე რიტას კარიერის დიდი მიღწევა 1944 წლის მიუზიკლი Cover Girl-ია, რომელშიც ის ჯინ კელისთან ერთად თამაშობს. რიტას მესამე ქმარი პრინცი ალი ხანი გახდა, რომელიც შიიტი მუსლიმების წინამძღვარი და სამეფო ტიტულის მატარებელი იყო. ქორწინებამ სულ 4 წელი გასტანა. 1980 წელს რიტას ალცჰეიმერის დაავადება აღმოუჩინეს.ის 1987 წელს ალცჰეიმერით გარდაიცვალა.



ანიტა ეკბერგი
შვედი მსახიობი ანიტა ეკბერგის სამსახიობო კარიერა 22 წლის ასაკში, 1953 წელს დაიწყო, თუმცა მისი თავდაპირველი ცნობადობის განმაპირობებელი ფაქტორი პირადი ცხოვრება და სკანდალები გახდა. მრავალმა რომანმა, რომლებსაც ის არ მალავდა, მთელი მსოფლიო აალაპარაკა. კასაბლანკაში პატარა როლის, ჯონ ვეინთან თანამშრომლობისა და რამდენიმე ამერიკული ფილმის შემდეგ, ანიტა რომში ჩავიდა, მიქელანჯელო ანტონინისა და გუიდო ბრინიონეს საერთო ფილმისთვის Sheba and the Gladiator, რომელშიც ზენობიას როლი ითამაშა. ამის შემდეგ, ფედერიკო ფელინიმ La Dolce Vita-ში მთავარი როლი შესთავაზა. La Dolce Vita-ს სცენა, ტრევის ფანტანში მარჩელო მასტორიანისთან ერთად, კინემატოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ კადრად ითვლება.



კლაუდია კარდინალე
კლაუდია კარდინალე ტუნისში, 1938 წელს დაიბადა. 1957 წელს დააჯილდოვეს “ყველაზე ლამაზი იტალიელი გოგონას” ტიტულით, პრიზი იტალიაში მოგზაურობა იყო. სწორედ მაშინ მიიღო მოწვევები კინოფილმებიდან და გაიცნო ფრანკო კრისტალდი, რომელიც მას მენტორობას უწევდა, მოგვიანებით კი ცოლად მოიყვანა. იტალიაში კარდინალემ მალევე მოიპოვა ცნობადობა. აღსანიშნავია ფელინის 8 1⁄2-ი და ვალერიო ზურლინის Girl with a Suitcase. ინგლისურენოვან სამყაროს კარდინალე ამერიკულმა ფილმმა The Pink Panther-მა გააცნო, რომელშიც მას პარტნიორობას დევიდ ნივენი უწევდა. კლაუდია ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდა ქალთა უფლებებზე, 2000 წლიდან ამ საკითხზე UNESCO-ს ელჩია.



ანუკ ამე
ანუკ ამე 1937 წელს პარიზში დაიბადა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მან დაახლოებით 70 ფრანგულ, ამერიკულ, იტალიურ, ბრიტანულ გერმანულ და ესპანურ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ანუკის აღსანიშნი როლები ფელინის La Dolce Vita გახლავთ, სადაც შედარებით მცირე როლი აქვს, თუმცა ის სწორედ ამ ფილმის შემდეგ შეამჩნიეს, რასაც მოჰყა ჟაკ დემის Lola და ბერნარდო ბერტოლუჩის Tragedy of a Ridiculous Man. 1967 წელს მას ოქროს გლობუსი და BAFTA გადასცეს კლოდ ლელუშის ფილმისთვის A Man and a Woman, ამ როლისთვის ის ოსკარზეც იყო ნომინირებული. ანუკის მელანქოლიური როლები განუმეორებელია. 2002 წელს მას César Awards-ზე კონემატოგრაფიაში ისტორიული დამსახურებებისთვის განსაკუთრებული ჯილდო გადასცეს.


