ჩაიცვით ეს ფეხსაცმელი და მისი ტარების გამო ან ზიზღს გამოიწვევთ, ან თქვენს ფეხებთან დაიჩოქებენ, ცრემლი წამოუვათ და მინიჭებული ბედნიერებისთვის მადლობის გადახდას დაგიწყებენ. მისი ეფექტი აუხსნელი და უპრეცედენტოა. ის ან სძულთ, ან კულტად აქვთ ქცეული. 30 წლის შემდეგაც მარჯიელას ტაბი თავის მნიშვნელობას არ კარგავს და მეტიც, ისეთი აქტუალური როგორიც ახლაა, ჯერ არასოდეს ყოფილა.

მარტინ მარჯიელამ თავისი პირველი ჩვენება 1988 წელს გამართა. კოლექცია იყო რაღაც ახალი და უჩვეულო. მას საერთო ჰქონდა ანდერგრაუნდთან და რადიკალურად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც მაღალი მოდის პოდიუმზე აჩვენებდნენ. მაშინ იაპონელების შემდეგ ბელგიელების ჯერი დამდგარიყო, რომ განსხვავებული მიდგომით მოდაში გადატრიალება მოეხდინათ. ანტვერპენის ექვსეულმა ეს შეძლო და მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში გამართული ჩვენების დროს მარჯიელა მათ შორის არ ყოფილა და ასპარეზზე ცალკე გამოვიდა, ხშირად კოლექტივის მეშვიდე წევრადაც მოიხსენიებენ. ჟან პოლ გოტიეს ყოფილი ინტერნის სადებიუტო შოუ აუდიტორიისთვის შოკისმომგვრელი გამოდგა. მოდელები პოდიუმზე ნიღბებით გამოდიოდნენ, დიზაინერს ვინტაჟური სამოსის რეკონსტრუქცია და დეკონსტრუქცია მოეხდინა და უნიკალური ფეხსაცმლის დიზაინი შეექმნა, რომელიც ფეხის ცერა თითს დანარჩენი თითებისგან ჰყოფდა და უკან მრგვალი ქუსლი ჰქონდა მიმაგრებული. ძირებზე წასმული წითელი საღებავით მოდელები სიარულის დროს პოდიუმზე თავიანთ ნაკვალევს ტოვებდნენ. ამ ჩვენების შემდეგ ტაბიმ თავისი წარუშლელი კვალი მართლაც სამუდამოდ დატოვა.
„ვიფიქრე აუდიტორიას უნდა შეემჩნია ახალი ფეხსაცმელი. და რა იქნებოდა უფრო აშკარა, ვიდრე მისი ნაკვალევი?“
მარტინ მარჯიელა

„როდესაც რაღაცაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობ, გინდა, რომ ხალხმა ის შეამჩნიოს,” – ამბობს ბელგიელი დიზაინერი Reiner Holzemer–ის მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში. “ამიტომ მოდელებს დავავალე, რომ სანამ კულისებს დატოვებდნენ, წითელ საღებავზე გაევლოთ. ეს ჩემი ობსესია იყო.“

მეორე კოლექციაში მარტინმა ტაბის დატოვებული ნაკლვალევი სამოსზე წარმოადგინა. 1989 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენება გაიხსნა ლუქით, რომელზე წარმოდგენილი ჟილეტიც წინა სეზონის პოდიუმზე განთავსებული ტაბის ნაკვალევიანი ქსოვილის ნაწილებს მუქი ფერის წებოვანი ლენტით აერთიანებდა.
სინამდვილეში ტაბის დიზაინი მარტინ მარჯიელას არ ეკუთვნის. მეთხუთმეტე საუკუნეში იაპონიაში ჩნდება სანდლებზე ჩასაცმელი წინდა, რომელიც თითებს ერთმანეთისგან ანცალკევებს. სწორედ მისი ხელახალი ინტერპრეტაციაა ტაბი.
„წარმოგიდგენიათ ის სტრესი, როდესაც გინდა შექმნა ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც მანამდე არავის უნახავს? ცოტათი გიჟდები. შემდეგ გამახსენდა ის დღე, როდესაც ტოკიოს პირველად ვეწვიეთ და ქუჩაში მომუშავეები დაბალძირიან კოტონის ტაბი ფეხსაცმელებში ვნახეთ. ვიფიქრე, კარგი, რატომ არ შეიძლება ფეხსაცმელები, რომლებსაც ვაკეთებ იყოს ნაზი ტაბი ფეხსაცმელები, ოღონდ მაღალ ქუსლზე. ასე გაჩნდა იდეა.“
„მარტინ მარჯიელა თავისივე საკუთარი სიტყვებით“

მარჯიელას სურდა „შეუმჩნეველი“ ფეხსაცმელი შეექმნა, რომელიც მისი ბრენდითვის იქცა იმად, რაც შანელისთვის ტვიდის პიჯაკია – მასთან პირველ ასოციაციად, რომელიც ყოველ სეზონზე ახალი სახით იჩენს კოლექციებში თავს.
„მინდოდა „უხილავი“ ფეხსაცმელი შემექმნა, ილუზია, რომ შიშველი ფეხი მაღალ, სქელ ქუსლზე გადაადგილდება.“
მარტინ მარჯიელა

ტაბი დიზაინერის მომდევნო კოლექციებშიც იყო წარმოდგენილი, არა იმიტომ რომ დიდი პოპულარობა მოიპოვა, არამედ იმ დროს მარტინს საკმარისი სახსრები არ ჰქონდა, რომ ფეხსაცმლის ახალი დიზაინი შეექმნა. „სხვა არჩევანი არ მქონდა, დასაწყისში ახალი ფორმისთვის საკმარისი ბიუჯეტი არ იყო, ამიტომ თუ ფეხსაცმელი მინდოდა, ისევ ტაბის სტილი უნდა წარმომედინა,” აღნიშნა მან. “მაგრამ რამდენიმე კოლექციის შემდეგ ხალხმა მათი მოთხოვნა დაიწყო. უფრო და უფრო მეტი უნდოდათ… და მოთხოვნა აღარ შეუწყვიტავთ, მადლობა ღმერთს!“

დროთა განმავლობაში ეს ფეხსაცმელი მარჯიელას შემოქმედებაში ყველაზე ცნობილ და აღიარებულ დეტალად იქცა. ტაბის Maison Margiela-ში მართლაც შეუცვლელი როლი აქვს.
„ტაბის ჩექმა ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკვალევია: მას ცნობენ, 25 წლის შემდეგ თავს ისევ იმკვიდრებს და არასდროს გადაუკოპირებიათ.“
მარტინ მარჯიელა
ტაბის პოპულარობის ზრდას ხელს უწყობს მიმდინარე ერა. სოციალური ქსელების გავლენით ყოველ სეზონზე უფრო და უფრო იზრდება მასზე მოთხოვნა. და თუ ადრე მხოლოდ ქალებს სურდათ მისი ჩაცმა, ახლა მარჯიელას ტაბი მამაკაცებისთვისაც არანაკლებ სასურველია.

მაგრამ საერთო ფონი აჩვენებს, რომ ამ ფეხსაცმლის მიმართ დამოკიდებულება და ორად გაყოფილი აზრი არ იცვლება. თუმცა ასეთი არაერთგვაროვანი რეაქციებიც ტაბის ხიბლია, რომელიც ასეთი ცნობილია და მაინც უკიდურესად ექსკლუზიური. მისი ტარება ბევრს უნდა, მაგრამ არასდროს გახდება ყველასთვის სასურველი. ტაბის ძალა აქვს, რომელიც თავის მნიშვნელობაში გამოიხატება, მისი ჩაცმა კი ერთგვარი განაცხადია. ის არ არის უბრალოდ ფეხსაცმელი და არც ყველასთვის არის განკუთვნილი.