2020 წელს რთულია იმის ბოლომდე გაცნობიერება თუ რამდენად პროვოკაციული შეიძლება ყოფილიყო ოთხმოცდაათი წლის წინ მარლენ დიტრიხის პერფორმანსი ფილმში – „მაროკო,“ რადგან ის, რაც მაშინ „საზღვრების დარღვევა“ იყო, დღევანდელობისთვის სრულიად ბუნებრივია. მაგრამ ჩვენ თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც გვხიბლავს გერმანელი მსახიობის შეუდარებელი შესრულება, მისი მომაჯადოვებელი აურა, შეუპოვარი დამოკიდებულება, მიმზიდველი პერსონა. დაუვიწყარია დიტრიხის შესრულებული კაბარეს მომღერალ Amy Jolly – ის პერსონაჟი, რომელიც მამაკაცის სმოკინგში გამოწყობილი ასრულებს თავის ნომერს, სიგარეტით ხელში თამამად დაიარება მაგიდების გარშემო და კაცებით სავსე დარბაზში ტუჩებში ქალს კოცნის.

მისი ამ შესრულების ხილვის შემდეგ დიტრიხზე ფიქრისას შეუძლებელია ასევე არ გაგახსენდეს სმოკინგი, მაღალი ქუდი და თეთრი ბაფთა, რასაც 1930 წელს ქალების გარდერობში ნამდვილად ვერ ნახავდით. მართალია იმ პერიოდში დიტრიხი არ იყო პირველი, ვინც მამაკაცის ტანსაცმელი ჩაიცვა და ის ისეთ ვარსკვლავებსაც ეცვათ, როგორებიც კეტრინ ჰეპბერნი და ჯოან კროუფორდი იყვნენ, თუმცა ისეთ ფართო აუდიტორიას არავინ მისწვდენია, როგორსაც – მარლენი. და მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით სამი ათწლეულის შემდეგ სმოკინგი ქალებისთვის სასურველი მაინც მამაკაცმა გახადა, გასული საუკუნის პირველ ნახევარში საკულტო ანდროგენული იმიჯის შექმნა და პოპულარიზაცია მარლენს უნდა მივაწეროთ.
სამოციან წლებამდე სმოკინგს ქალებისთვის არავინ ქმნიდა, სანამ YSL – მ თავისი რევოლუციური ქმნილება “Le Smoking” არ წარუდგინა მსოფლიოს. ივმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ნამუშევარი 1966 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიურ კოლექციაში წარმოადგინა. მამაკაცებისთვის განკუთვნილი სამოსის ეს სახეობა თავისი არსით მოსაწევ ოთახში ჩაცმისთვის იყო განსაზღვრული, რათა ტანსაცმელი სიგარების სუნისგან ყოფილიყო დაცული. Le Smoking მაშინაც დროს უსწრებდა, ამიტომ მისი მომენტალურად მიღება გაუჭირდათ. Couture ვერსიისგან განსხვავებით, ახალგაზრდა კლიენტურის დამსახურებით rive gauche ვერსიას უფრო დიდი წარმატება ხვდა წილად. მისი აქტუალურობის ზრდას იმ დროის წამყვანმა სელებრითებმაც შეუწყვეს ხელი, რომელთა შორისაც იყვნენ: კატრინ დენევი, ლაიზა მინელი, ბიანკა ჯაგერი და ა.შ. სენსაციური Le Smoking დღეს უკვე კლასიკად არის ქცეული. როგორც თავად Yves Saint Laurent აღნიშნავდა, მისი სმოკინგი არა წარმავალი და ცვალებადი მოდა, არამედ მარადიული სტილია, ამიტომ მას ქალებისთვის შეუცვლელ სამოსად მოიხსენიებს. Le Smoking – ზე ფიქრისას მრავალ ადამიანს, პირველ რიგში, ჰელმუტ ნიუტონის 1975 წლის შთამბეჭდავი კადრი უდგება თვალწინ, რომელზეც მამაკაცის თვისებების მქონე ქალია აღბეჭდილი, რომელიც ღამით პარიზის ქუჩებში იმყოფება, თავდაჯერებული მანერით უჭირავს სიგარეტი, სხეულის ენა მის მიუწვდომლობაზე მიანიშნებს, YSL – ის სმოკინგი კი მის სიძლიერეს ამჟღავნებს. ყველაფერი ერთად მას მამაკაცურ შესახედაობას აძლევს, მაგრამ, საერთო ჯამში, კადრი ფემინურობას გამოხატავს თავისი უკიდურესი ფორმით.

სმოკინგით შემოსილ ქალებზე ფიქრისას აუცილებლად გვახსენდება მარლენ დიტრიხიც.

გარდა იმისა, რომ Josef von Sternberg – ის „მაროკოთი“ ამერიკულ კინოში მარლენ დიტრიხის დებიუტი შედგა, მისი ცნობადობა გაიზარდა და ოსკარის ნომინაციაც მოიპოვა, ამ ფილმმა ის მოდის და LGBTQ+ – ის „აიქონადაც“ აქცია და მისი ეს სტატუსი წლების განმავლობაში უფრო და უფრო გამყარდა.
მარია მაგდალენა დიტრიხი 1901 წლის 27 დეკემბერს ბერლინში დაიბადა. ოჯახის წევრები მას „ლენას“ ეძახდნენ და სწორედ მარიას და ლენას კომბინაციას წარმოადგენს „მარლენი,“ სახელი, რომლითაც მას ვიცნობთ. მსახიობობა მისი თავდაპირველი მისწრაფება არ ყოფილა. მას სურდა მევიოლინე ყოფილიყო, თუმცა როდესაც ხელი დაიზიანა, თავისი კარიერა თეატრისკენ მიმართა.
1923 წელს მარლენი ცოლად გაჰყვა კინო ინდუსტრიაში მომუშავე Rudolf Sieber – ს, რომლისგანაც 1924 წელს ქალიშვილი მარია შეეძინა. 1922-1929 წლებში დიტრიხმა ოცდახუთ თეატრალურ წარმოდგენაში და ჩვიდმეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა ვენასა და ბერლინში. მან თავისი ადგილი იპოვა ბერლინის ღამის კლუბების სცენაზეც, რომელზეც თავის მომნუსხველ ფემინურ შარმს მოკლე თმით და მასკულინური ტანსაცმლით აფრქვევდა.
1930 წელი დიტრიხის კინო კარიერისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც Zwei Krawatten – ში მისი შესრულება რეჟისორმა Josef von Sternberg – მა იხილა. მაშინ ჯოზეფმა ჰოლივუდის მომავალი ვარსკვლავის რეალური შესაძლებლობები დაინახა. შტრენბერგმა დიტრიხის კარიერა ახალ საფეხურზე აიყვანა. პირველი ფილმი The Blue Angel იყო, რომლის პრემიერის შემდეგ მარლენმა Paramount Studios – თან გააფორმა კონტრაქტი და გერმანია დატოვა, რათა კარიერა ჰოლივუდში გაეგრძელებინა. ხუთი წლის განმავლობაში დიტრიხის მონაწილეობით ეკრანებზე შტერნბერგის შემდეგი ფილმები გამოჩნდა: Morocco (1930), Dishonored Woman (1931), Blonde Venus (1932), Shanghai Express (1932), The Scarlet Empress (1934) და The Devil is a Woman (1935).

„მაროკოს“ ზემოთ ხსენებული ცნობილი სცენის ლუქის ინსპირაციის წყარო რეჟისორისთვის თავად მარლენი იყო, როცა ის ბერლინის ერთ-ერთ წვეულებაზე მამაკაცის კოსტიუმით და ქუდით ნახა. მან კოსტიუმების დიზაინერ Travis Banton – თან ერთად საზოგადოებისთვის მიუღებელი შტრიხებით მარლენ დიტრიხის იმიჯი სრულყო, რომელმაც რეალურ ცხოვრებაშიც ჰპოვა თავისი ადგილი და femme fatale – დ გარდაიქმნა.

დიტრიხი ადრეული ასაკიდანვე ღიად ავლენდა თავის ბისექსუალობას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ეკრანზე წარმოდგენილი ერთ-ერთი პირველი ლესბოსური კოცნის თანამონაწილეც არის. მისი იმიჯის ნაწილად იქცა სექსუალური მიმზიდველობა და ისტორიები მუდმივად მზარდ სასიყვარულო რომანებზე დაწყებული ჯონ კენედით, ფრენკ სინატრათი, ედით პიაფით და გარი კუპერით, დამთავრებული ერნესტ ჰემინგუეით, გრეტა გარბოთი, ჯორჯ ბერნარდ შოუთი და ერიხ მარია რემარკით.

დიტრიხს ასევე განვიხილავთ, როგორც ნაცისტების მოწინააღმდეგე გერმანელს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მოქალაქეობაზე უარი თქვა და თავი ამერიკელად გამოაცხადა. ორი წლით ადრე, 1937 წელს ჰიტლერის მთავრობამ დიტრიხს პროპაგანტისტულ ფილმებში მონაწილეობისთვის მიმართა. მარლენმა შეთავაზებაზე უარი თქვა. მან ბილი უაილდერთან ერთად ებრაელების დასახმარებლად ფონდიც შექმნა, დისიდენტებს ამერიკაში გაქცევაში ეხმარებოდა და ანტი-ნაცისტურ გერმანულ ალბომებს წერდა. 1945 წელს ამერიკის მთავრობამ დიტრიხს თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა, რომელთან დაკავშირებითაც მარლენმა ერთხელ თქვა, რომ ამ ჯილდოთი ის ყველაზე მეტად ამაყობდა.
საპატიო ჯილდო დიტრიხს მოდის ინდუსტრიისგანაც აქვს მიღებული. 1986 წელს ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭოს მიერ მას ‘Lifetime Achievement Award’ გადაეცა. ანდროგენული სტილის პიონერს, თავისუფალი არჩევანის მომხრეს, ქალების ჩაცმულობის განმსაზღვრელს უდიდესი გავლენა ჰქონდა და კვლავ აქვს მოდაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი მიზანი არ ყოფილა.
„მე იმიჯისთვის ვიცვამ და არა საკუთარი თავისთვის, ხალხისთვის, მოდისთვის, მამაკაცებისთვის.“
– მარლენ დიტრიხი, 1960, The Observer.

1933 წელს მარლენ დიტრიხი პარიზში ჩადიოდა. მსახიობს თეთრი შარვალ-კოსტიუმი ეცვა. მაშინ კანონით აკრძალული იყო პარიზში ქალს შარვალი სცმოდა (რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პარიზში ქალებისთვის შარვლის ჩაცმა ტექნიკურად არალეგალური 2013 წლამდე იყო). მარლენის ჩაცმულობის შესახებ ინფორმაცია პარიზის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს შეატყობინეს და მსახიობი გააფრთხილეს, რომ თუ ქალაქში ასეთ ფორმაში ჩავიდოდა, დააკავებდნენ. დიტრიხი არათუ ასეთ ფორმაში, არამედ გარედან მოცმული მამაკაცის ქურთუკით, ჰალსტუხით, სათვალეებით და ბერეტით გაემართა საფრანგეთის დედაქალაქისკენ.

მან თავისი არჩევანი გააკეთა. პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სადგურში მსახიობს თავად ეახლა. დიტრიხი არ დაუკავებიათ.