ამერიკული მოდის ლეგენდის, მაიკლ კორსის შთამბეჭდავი კარიერა ქროლონოლოგიურად:

პირველი ნაბიჯები

მაიკლი მოდის ინდუსტრიასთან პირველად 1977 წელს გადაიკვეთა, როდესაც სწავლა Fashion Institute of Technology -ში დაიწყო. ახალგაზრდა დიზაინერმა სასწავლებელში მხოლოდ ერთი წელი დაჰყო. მას შემდეგ, რაც თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე ტრენდული მაღაზიიდან დასაქმების შეთავაზება მიიღო, კორსმა სწავლის შეწყვეტა და მუშაობისთვის დროის დათმობა გადაწყვიტა.

3 წლის შემდეგ, კორსის კოლექციები, რომელსაც მაღაზია Lothars-ისთვის ქმნიდა, Dawn Mello – მ შენიშნა. დონ მელო იმ დროისათვის, ნიუ-იორკში მდებარე ცნობილი და პრესტიჟული სავაჭრო სივრცის, Bergdorf Goodman-ის მოდის დირექტორი იყო. დონი დაეხმარა ახალგაზრდა დიზაინერს, რომ კოლექციები ქვეყნის ყველაზე გავლენიანი მყიდველებისათვის წარედგინა. ასე და ამგვარად, 1981 წელს, ნიუ-იორკში შეიქმნა ბრენდი Michael Kors , რომელიც იმავე წელს, დონ მელოს შუამავლობით, აღმოჩნდა ისეთ სახელგანთქმულ მაღაზიებში, როგორებიცაა: Saks Fifth Avenue და Neiman Marcus.

1984 წელს, მაიკლმა თავისი პირველი ჩვენება გამართა, რომელმაც ვარსკვლავების ყურადღებაც დაიმსახურა. აქვე უნდა ითქვას, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი დიზაინერი ამერიკულ ბაზარზე, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, Ready To Wear ხაზს აწარმოებდა, როგორც ქალის, აგრეთვე მამაკაცის ხაზის მიმართულებით.

Michael Kors Collection – შემოდგომა/ზამთარი 1991

ფინანსური კრიზისი და თანამშრომლობა LVMH-თან

მიუხედავად წარმატებული დასაწყისისა, ადრეულ 90-იანებში, მაიკლის ბრენდი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. გაყიდვების კლებამ მაღაზიების თაროებიდან ბრენდის გაქრობა გამოიწვია. შექმნილმა კრიზისმა ამერიკელი დიზაინერი ინვესტორის მოძიების საჭიროების წინაშე დააყენა. კორსმა პარტნიორების ძიება ევროპაში დაიწყო. საბოლოოდ, შეთანხმება შედგა ფრანგულ კონგლომერატთან, LVMH-თან. თანამშრომლობა არა მხოლოდ მაიკლის ხაზის მხარდაჭერას, არამედ კომპანიის მფლობელობაში არსებულ მოდის სახლში, სელინში დასაქმებასაც გულისხმობდა.

კორსი Celine-ში ჯერ დიზაინერად მივიდა, ხოლო რამდენიმე წელში, კრეატიული დირექტორის თანამდებობაც დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ბრენდის დამაარსებლის, Céline Vipiana-ს შემდეგ, მაიკლი იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც ფრანგული მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელის როლი შეითავსა.

წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, 1999 წელს, LVMH-მა კორსის ბრენდის 33%-იანი წილი შეიძინა. ეტაპობრივად, ბრენდის ფინანსური კრიზისი მოგვარდა და ამერიკელი დიზაინერის კარიერამ კვლავ აღმავლობა დაიწყო. იმავე წელს, ამერიკელ დიზაინერთა საბჭომ (CFDA) მაიკლი ქალის ტანისამოსში წლის საუკეთესო დიზაინერად დაასახელა.

2002 წელს, მაიკლმა, საკუთარი ბრენდის სახელით, პირველად წარადგინა მამაკაცის დამოუკიდებელი კოლექცია, რომელმაც დიდი კომერციული მოგება მოუტანა. 2003 წელს ამერიკელ დიზაინერთა საბჭომ კორსი მამაკაცის ტანისამოსის წლის საუკეთესო დიზაინერადაც აღიარა.

Michael Kors Collection – შემოდგომა/ზამთარი 1998

დაბრუნება ამერიკაში

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული მოდის სახლის დირექტორობა დიზაინერებისთვის საოცნებო სამსახურია, მაიკლი ყოველთვის ეკუთვნოდა ამერიკულ მოდას. ამიტომ არავის გაკვირვებია, როდესაც ფინანსური კრიზისის დაძლევის შემდეგ, კორსმა დატოვა სელინი და სამუდამოდ დაემშვიდობა ევროპული მოდას. 2004 წელს, მაიკლი დაბრუნდა ამერიკაში და დამოუკიდებლად განაგრძო საკუთარი ბრენდის განვითარება.

იმავე წელს კორსი შეუერთდა ამერიკაში პოპულარულ შოუს, Project Runway  – ის, როგორც ჟიურის წევრი, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მისი პოპულარობა აშშ-ის მასშტაბით. მაიკლი იაზრებდა, რომ შექმნილი მომენტი და მასებში გაზრდილი ცნობადობა აუცილებლად უნდა გამოეყენებინა. შედეგად, 2004 წელს შედგა ახალი, შედარებით ხელმისაწვდომი ხაზის, MICHAEL Michael Kors-ის პრემიერა. ახალი ხაზი ორიენტირდებოდა აქსესუარებზე, უფრო მეტად კი, ჩანთებზე და სამკაულებზე. ბიუჯეტურმა ხაზმა კორსს წარმოუდგენელი აღიარება მოუტანა.

Michael Kors – BOF 2021 – პირველი ციფრული გამოცემა

კორსი, როგორც გლობალური ფენომენი

2006 წელს, უკვე საერთაშორისოდ ცნობილმა დიზაინერმა, მაიკლ კორსმა მსოფლიოს მასშტაბით, თავისი პირველი მაღაზიების გახსნა დაიწყო. 4 წლის შემდეგ, ამერიკის დიზაინერთა საბჭომ კორსს ჯოფრი ბინის სახელობის Lifetime Achievement Award გადასცა.

მას შემდეგ, რაც კორსის კომპანიის გაყიდვებმა რამდენიმე მილიარდი შეადგინა, დიზაინერმა თავისი ყოფილი ინვესტორის გზა აირჩია.

2017 წელს, Michael Kors Holdings-მა ძვირადღირებული ფეხსაცმლის ბრენდი ჯიმი ჩუ 1.2 მილიარდ დოლარად შეიძინა. მოდის პრესას გახმაურებულ შეთანხმებაზე საუბარი დასრულებული არ ჰქონდა, როდესაც კიდევ ერთი დიდი გარიგების შესახებ გახდა ცნობილი. 2018 წელს, Michael Kors Holdings-მა ლეგენდარული იტალიური ბრენდი, Versace 2.2 მილიარდ დოლარად შეიძინა. გარდა ამისა, კომპანიამ სახელი შეიცვალა და გახდა Capri Holdings.

მაიკლ კორსი, სხვადასხვა დროს, მოხვედრილია თითქმის ყველა პრესტიჟულ რეიტინგში, რომლებიც ქვეყნდება ისეთი გამოცემების მიერ, როგორებიცაა: Time, Vogue და Forbes.