მოდის თვის დასრულების შემდეგ, ლონდონში არტ ფესტივალი Frieze იმართება, რომელშიც მოდის სახლებიც იღებენ მონაწილეობას, მათ შორის Off-White, Celine, Alexander McQueen, Marc Jacobs, Loewe, Byredo, Miu Miu, Moncler, Boss და რა თქმა უნდა, რაფ სიმონსიც. არტ-ფესტივალში ამხელა დოზით მოდის ჩართულობის გამო ინდუსტრიამ ივენთებს Frieze-ს მოდის კვირეული უწოდა.
სიმონსმა თავდაპირველად ჩვენება ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში დააანონსა, თუმცა მოგვიანებით თარიღი დედოფლის გარდაცვალების გამო გადაწია. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც რაფ სიმონსი ახალ კოლექციას ტრადიციული კალენდრის გარეთ ატარებს, მას ყოველთვის ჰქონდა სურვილი “დაენგრია” მოდის ტრადიციული იერარქია.

ანდერგრაუნდ ბარ Printwork-ში რაფის ჩვენებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ხელოვნებაში მოღვაწე ადამიანები და სტუდენტები. ბრენდის გენერალური დირექტორის ბიანკა ლუზის თქმით, ის და რაფი Frieze-ს შარშან ეწვიენ და ძალიან შთაგონებულები დარჩნენ, აღნიშნული თარიღი კი სწორედ ამიტომ შეარჩიეს.












კოლექციის სლოგანები იყო “Corps, Coda”, “Let’s drink the sea and dance”, “Kill Them All and Dance”. ბოლო ბელგიელი არტისტის ფილიპე ვანდერბერგით იყო შთაგონებული, თუმცა რაფმა BoF-თან აღნიშნა, რომ “მისი [ფილიპეს] ნამუშევრები რეალურ სიკვდილზე ან ადამიანის მკვლელობაზე არაა, უბრალოდ რამე ახლის შესაქმნელად, ძველი უნდა გაანადგურო.” მართლაც, კოლექცია საკმაოდ შორს იყო რაფის ტრადიციული კოდებისგან, მაგრამ აქვე მკვეთრად ჩანს რაფის ინტერესი რეივისა და სუბკულტურების მიმართ.