1950-იან წლებში, როდესაც მამაკაცები ომიდან სახლში დაბრუნდნენ და ქალებმა დიასახლისების როლები დაიბრუნეს, მოდაში შემოვიდა კრისტიან დიორის მიერ შექმნილი ქვედაბოლოები მომრგვალებული, რბილი სილუეტებით. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს იქნებოდა მინი თუ მაქსი, ფორმა იყო ერთი – მომრგვალებული და რბილი კონტურებით შემოსაზღვრული, ამასთან, იგივე დიორმა ქალებს შესთავაზა ფართე შორტები, რომლებიც ქვედაბოლოს გავდა. გაშლილი კაბები ვიწრო თეძოებით სწორედ 50-იანების “ხელწერაა”, რომლებიც ახლაც მოდაშია.
New Look
1947 წელს დიორმა შექმნა სილუეტი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც New Look. ეს სახელი თავად მას არ მოუფიქრებია, კერმელ სნოუმ, ამერიკელმა ჟურნალისტმა და რედაქტორმა, კრისტიან დიორის პირველი ჩვენების რეცენზიაში ლუქი ასე მოიხსენია. კრისტიანი არც მოდურ რევოლუციას გეგმავდა, მას უბრალოდ უნდოდა, რომ ომის შემდგომ ევროპელი ქალები კვლავ ლამაზად შემოსილიყვნენ. მეორე მსოფლიო ომის მოდა მისთვის უხეში და ულამაზო იყო, ახალგაზრდა დიზაინერი თვლიდა, რომ ეს ტანსაცმელი არანაირად არ უსვამს ხაზს ქალის ლამაზ ფიგურას. მან ბავშვობა საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთის ზღვისპირა ქალაქში გაატარა, დედამისის და მისი დაქალების გარემოცვაში, რომლებიც ედვარდიანული ეპოქის მშვენიერ კაბებში იმოსებოდნენ, სწორედ ამან ჩამოუყალიბა კრისტიან დიორს შეხედულება, რომ ქალებს უხდებათ წელში გამოყვანილი სამოსი.
კოკო შანელი დიორზე ამბობდა:”დიორი ქალს არ აცმევს, ის მათ სამოსით ავსებს.” ამისდა მიუხედავად, “ფუმფულა” კაბები და მოტკეცილი, გამოყვანილი კაბები ქალებს ძალიან მოსწონდათ.
დიორთან ერთად, 50-იანების მოდის განსაზღვრაში უდიდესი როლი ითამაშა პიერ ბალმანმაც. ბალმანი ბევრ სპორტული სტილის სამოსს ქმნიდა RTW ბაზრისთვის. მისი, როგორც დიზაინერის ტალანტი მდგომარეობდა მის შესაძლებლობაში, რომ სადა, კოსტუმის შეკერვის პარალელურად შეეძლო შეექმნა გრანდიოზული საღამოს კაბები, ისეთივე მოხდენილი, მოქნილი და ელეგანტური ხაზებით.
ბალმანმა პოპულარული გახადა ბეწვის საყელო, როგორც დღის ისევე საღამოს სამოსთან სატარებლად და ტრენდად აქცია ჟაკეტების შიგნით კოქტეილის კაბების ტარება. აქტუალური იყო მისი ღრმად ამოჭრილი ქურთუკებიც. იმავე პერიოდში ტენდენციების განმსაზღვრელი იყო მისი ლაბადები და მოსახვევები.
გასული საუკუნის 50-იანებში უამრავი ახალი სტილი შეიქმნა, რაც განპირობებული იყო პარიზში დიზაინერების ახალი ტალღის მოზღვავებით, თუმცა უდავოა, რომ მათ შორის ყველაზე დიდი პოლულარობით სწორედ კრისტიან დიორი და პიერ ბალმანი სარგებლობდნენ.