17 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის კრიზისმა მოდის ინდუსტრიას უკვე 150 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა. ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანში და პარიზში 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის მოდის კვირეულებმა შეუფერხებლად ჩაიარა, თუმცა გასულ 2 კვირაში შექმნილმა ვითარებამ თითქმის ყველა სფერო მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადაიყვანა. არც მოდის ინდუსტრიაა გამონაკლისი.
გაუქმებული ჩვენებები:
წელიწადის 4 სეზონი მოდაში ორადაა გაყოფილი: გაზაფხული/ზაფხული და შემოდგომა/ზამთარი. შემოდგომის კოლექციები ბრენდებს პოდიუმზე თებერვალში გამოაქვთ, ხოლო გაზაფხულის – სექტემბერში. დიდი შუალედის შესავსებად შექმნილია ორი სეგმენტი, რასაც Pre Fall და Resort/Cruise/Holiday კოლექციები ეწოდება. თებერვალში Ready To Wear შემოდგომა/ზამთრის კოლექციების ჩვენებები გაიმართა. მომდევნო RTW კვირეულები სექტემბერშია, თუმცა მანამდე Pre Fall/ Resort/Cruise/Holiday ე.წ. „შუალედური“ შოუების სეზონი მოდის. ამ ტიპის სამოსის წარსადგენად ბრენდების უმრავლესობა კატალოგის გადაღებას არჩევს, მაგრამ დიდი მოდის სახლები, როგორებიცაა: შანელი, დიორი, გუჩი, ლუი ვიტონი, პრადა, მაქს მარა „ლუქბუქებს“ არ ჯერდებიან და ჩვენებებს აკეთებენ. Pre-fall / Resort/ Cruise/Holiday ჩვენებების ლოკაციები სეზონურად იცვლება.
დეკემბერში დაანონსდა, რომ შანელი კრუიზ შოუს 7 მაისს იტალიაში გამართავდა. შექმნილი მძიმე ვითარების გათვალისწინებით, ფრანგულმა მოდის სახლმა 7 მაისს იტალიაში დაგეგმილი შოუ გააუქმა. გაუქმდა მაქს მარას კრუიზ ჩვენებაც, რომელიც რუსეთში 25 მაისს უნდა გამართულიყო. გაურკვეველი დროით გადაიდო პრადას კრუიზ კოლექციის წარდგენაც. იტალიურ ბრენდს იაპონიაში შოუ პირველად უნდა გაემართა. იტალიაში იგეგმებოდა დიორის საკრუიზო შოუც. დიორის იტალიელმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, მარია გრაცია ქიურიმ ჩვენება გაურკვეველი დროით გადაწია. ჩვენებების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო კიდევ რამდენიმე დიდმა ბრენდმა: არმანიმ, გუჩიმ, ვერსაჩემ, რალფ ლორენმა და ბარბერიმ.
ტრადიციულად, დიდი ოთხეულის (ნიუ-იორკი, ლონდონი, მილანი, პარიზი) შემდეგ, კვირეულების სეზონი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იწყება, მათ შორის არის თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული.ჯერ უცნობია თბილისში მოდის კვირეულის გამართვის საკითხი, თუმცა დადასტურებულია, რომ ბარსელონას, მოსკოვის და სან პაულოს კვირეულები გადაიდო.
დაჯილდოებები და მნიშვნელოვანი მოდური ღონისძიებები გაურკვეველი დროით გადაიწია:
გაურკვეველი დროით გადაიწია მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი წითელი ხალიჩა, Met Gala 2020 და დაჯილდოება CFDA Awards 2020. CFDA Awards ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში 8 ივნისს იგეგმებოდა. მოდის ოსკარად წოდებული დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება და როგორც ამერიკულ, ასევე საერთაშორისო მოდაში წლის ყველაზე მნიშვნელოვან შემოქმედებს აერთიანებს. მეტ გალა, კულტურული ფენომენი, რომლის 2020 წლის თემა 4 თვის წინ გახდა ცნობილი, მაისის პირველი ორშაბათის შეუცვლელი ღონისძიებაა. საღამოს ნიუ-იორკის მეტროპოლიტან მუზეუმი მასპინძლობს. 2020 წლის მეტ გალას თემაა: “About Time: Fashion and Duration”, ორგანიზატორები: Nicolas Ghesquière, Lin-Manuel Miranda, Meryl Streep, Emma Stone, Anna Wintour, სპონსორი: ლუი ვიტონი. ოქტომბრამდე გადაიდო ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერების აღმოსაჩენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდური ფესტივალი Festival d’Hyères.
სავაჭრო ცენტრების და მაღაზიების დროებითი დახურვა:
კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, ბევრ ქვეყანაში ხალხმრავალ ადგილებში თავშეყრა აიკრძალა, რაც, რა თქმა უნდა შეეხო საშოპინგო სივრცეებსაც. ამერიკაში დაიხურა: Nordstrom, Saks Fifth Avenue, Macy’s, H&M, Chanel, Ralph Lauren, Sephora, Nike, Apple, Walmart, Urban Outfitters და სხვა ცნობილი მაღაზიები. ფრანგულმა კონგლომერატმა, ქერინგმა, რომელიც ფლობს: სან ლორანს, ალექსანდრ მაკქუინს, ბალენსიაგას, გუჩის და ბოთეგა ვენეტას, ამერიკაში და კანადაში ყველა მაღაზიის დახურვა დააანონსა. ბრიტანეთში,ცნობილმა სავაჭრო ცენტრებმა, როგორებიცაა: Selfridges და Browns გაურკვეველი დროით მუშაობა შეწყვიტეს. ჯერჯერობით ფუნქციონირებას განაგრძნობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანული მაღაზია Harrods. ჩინეთში გაყიდვების 24%-იანი კლების შემდეგ, გერმანიაში, H&M -მა ყველა, 460 მაღაზია დახურა.
ცვლილებები შეეხო პროდუქტის გაყიდვაში გამოშვების კალენდარსაც. დიორის “Air Dior” კაპსულა კოლექცია გაყიდვაში მომავალ კვირას უნდა გამოსულიყო, თუმცა უახლესი ინფორმაციით, ფრანგულ ბრენდში გადაწყვიტეს, რომ ახლა ახალი პროდუქციის გაყიდვაში გამოსაშვებად შესაფერისი დრო არ არის.