
რთულია მსოფლიოში ისეთივე პოპულარული და გავრცელებული ტანისამოსის პოვნა, როგორიც ჯინსია. როდესაც ვსაუბრობთ ჯინსზე, ჩვენ არ განვიხილავთ მას, როგორც უბრალოდ სამოსს – ჩვენ მას ვაფასებთ, როგორც კულტურულ ფენომენს, ამერიკული ცხოვრების წესის, თავისუფლებისა და შეუგუებლობის სიმბოლოს.
ჯინსი აქტუალურია ყველგან – კინოში, პოდიუმზე, ედითორიალებში, ქუჩაში. მას ატარებდნენ კოვბოები, პრეზიდენტები, ფერმერები, სუპერმოდელები, დიასახლისები. თუკი ვკითხავთ ადამიანებს, თუ რატომ უყვართ ჯინსი, სრულიად სხვადასხვა პასუხს მივიღებთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჯინსი ინდივიდუალიზმისა და იდენტობის გამოხატულებაა. ჯინსი ერთდროულად არის მასკულინურიც და – ფემინურიც. ის არ არის გამომწვევი, თუმცა შეუძლია იდეალურად გამოკვეთოს სხეულის სილუეტი. მას არ აქვს ასაკი, თუმცა, სრულყოფილად შეუძლია ადამიანის ცხოვრების სტილის საიმიჯო დეტალად იქცეს. ჯინსს შეუძლია იყოს ზომიერიც და ეფექტურიც. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მას აქვს მისტიკური ძალა, ნებისმიერ ადამიანს კომფორტი და თავდაჯერებულობა აგრძნობინოს.
თავად ქსოვილის ისტორიაზე მკვლევარები ჯერ კიდევ კამათობენ, თუმცა, ჯინსისგან დამზადებული სამოსის საინტერესო ამბავი მე-19 საუკუნიდან იწყება. მისი სამშობლო ამერიკის დასავლეთ შტატებია. ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ, ნევადაში მცხოვრებ მკერავს, სახელად ჯეიკობ დევისს სთხოვეს, საწარმოების მუშებისა და ფერმერებისათვის შეექმნა გამძლე სამუშაო შარვლები. სწორედ მაშინ გაუჩნდა დევისს იდეა, რომ ქსოვილი გადაკერვის ადგილებში მეტალის დეტალებით გაემაგრებინა. მალე მისმა შეკერილმა შარვლებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, რადგან ისინი ძალიან რთულად ფუჭდებოდა. ნევადელმა მკერავმა მაშინვე სწორად შეაფასა თავისი პროდუქტის პოტენციალი, თუმცა, დაპატენტებისათვის საჭირო ფინანსური სახსრები არ ჰქონდა.
ჯეიკობ დევისი სან ფრანცისკოში ქსოვილების მომმარაგებელ ლივაი შტრაუსს დაუკავშირდა ( Levi Strauss) და დახმარება სთხოვა. Levi’s – სწორედ ასე დაპატენტდა შარვლის ეს სტილი და წარმოებაც დაიწყო. თავდაპირველად, შარვლები ჯინსის ორი სახეობით იწარმოებოდა – ეს იყო კანვა და დენიმი. ამ უკანასკნელს ბევრად მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ამიტომაც პარტნიორები სწორედ მასზე კონცენტრირდნენ.

დენიმის გაყიდვებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მიზეზი, თუ რატომ მოსწონდა ხალხს – მარტივია. მოდის ისტორიაში პირველად გაჩნდა სამოსი, რომელიც ნებისმიერი ადამიანისათვის იყო ხელმისაწვდომი და ამასთან ერთად, ის ყველა თავისი მფლობელის იდენტობას გამოხატავდა იმისდა მიხედვით, რა კონტექსტითაც იცვამდნენ მას. აქამდე მოდის დაუნდობელი სამყარო მუდამ ყოფდა მშრომელ კლასს საზოგადოების დანარჩენი ფენებისგან – მათთვის განკუთვნილ ტანისამოსს არაფერი ჰქონდა საერთო სტილისა და გემოვნების შეგრძნებასთან. ჯინსამდე ტანსაცმელი სოციალური კუთვნილების გამომხატველი დამღა იყო. დენიმმა ეს ყველაფერი შეცვალა და თანასწორობის პირველ საყოველთაო სიმბოლოდ იქცა.
მიუხედავად მისი წარმატებისა, მეორე მსოფლიო ომამდე, დენიმი მხოლოდ ამერიკის დასავლეთ შტატებში იყო გავრცელებული. მსოფლიო მასშტაბით მისი პოპულარობა ოქროს ხანის ჰოლივუდს, უფრო კონკრეტულად კი, ლეგენდარულ მარლონ ბრანდოს უკავშირდება. როდესაც 1953 წელს მსახიობმა დენიმი მოირგო ფილმში The Wild One, ის მაშინვე მეამბოხე სულის სიმბოლო გახდა. აქედან ორი წლის შემდეგ, დენიმი კიდევ ერთი საკულტო პერსონის – ჯეიმს დინის სტილის განუყოფელ ნაწილადაც იქცა. ამის შემდეგ ყველამ იცოდა, რომ ჯინსის შარვალი აღარც კინო ეკრანებიდან გაქრებოდა და არც – ქუჩებიდან.


“თუკი, გასული საუკუნის 50-იან წლებში თინეიჯერი იყავი, აუცილებლად გენდომებოდა, რომ მარლონ ბრანდოს დამსგავსებოდი” – ამბობს Levi Strauss & Co.-ს არქივის მკვლევარი და ისტორიკოსი ლინ დაუნი – “ჰოლივუდის კოსტიუმების დიზაინერებმაც აიღეს და დენიმი ფილმებში ყველა ცუდ ბიჭს ჩააცვეს”
ეკრანებზე ჯინსის ასეთმა პოზიციონირებამ რეალურ ცხოვრებაში გარკვეული ეფექტი გამოიწვია. მალე დენიმი ამერიკაში დანაშაულებრივი დაჯგუფებების წევრების საყვარელ სამოსადაც იქცა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის ამერიკულ სკოლებშიც კი აიკრძალა, თუმცა, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდა. მალევე დენიმის გაკულტების ტალღა ევროპასაც გადაედო. ევროპელები უყურებდნენ და ეთაყვანებოდნენ ამერიკულ კინემატოგრაფიას. დენიმი მარტივი ცხოვრებისა და მორალური ჩარჩოების მსხვრევის საიმიჯო ხატი იყო. ევროპაში ყველას სურდა ამერიკული ოცნების ეს ნაწილი ეყიდა, ამიტომაც მათაც დაიწყეს ჯინსის ყოველდღიურად ჩაცმა.
მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, ჯინსის პოპულარობა ამერიკის საშუალო კლასში ახალი კონტექსტით გავრცელდა. ის კლასობრივი და რასობროვი თანასწორობის იდეის მხარდაჭერის სიმბოლოდ იქცა. როდესაც კოლეჯის სტუდენტები მუშათა კლასის ჩაგვრას და მათი უფლებების დარღვევას აპროტესტებდნენ, მსვლელობებზე ყოველთვის ჯინსით გამოდიოდნენ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯინსი მხოლოდ დემოკრატიასთან ასოცირების გამო არ გამხდარა ტრენდული, ის ვიზუალურად მართლაც ყველასათვის ეფექტური იყო. კარგად გამოიყურებოდა ტანზე, იყო ხარისხიანი და გამძლე, ამასთან ერთად კი – ფინანსურად ხელმისაწვდომი.
მეორე მსოფლიო ომის შემდომ დეკადებში, ჯინსმა, შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელი რამ შეძლო – ის იყო ერთადერთი რამ, რაც ერთმანეთისაგან განსხვავებულ სუბკულტურებსა და კონტრკულტურებს აკავშირებდა. დენიმი ეცვათ როკაბილებს, ჰიპებს, ბაიკერებს. ის ეცვათ მუსიკალურ ფესტივალებზე, სამსახურში, სხვადასხვა სახის შეკრებაზე. ეს საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად ეგზოტიკურ სურათს ქმნიდა – თუ როგორ დადიოდნენ სრულიად სხვადასხვა ფასეულობების მატარებელი ადამიანები ჯინსით შემოსილი.


მოგვიანებით, დენიმი, ისევე როგორც ძლიერი რეპუტაციის მქონე ნებისმიერი დეტალი, მარკეტინგულ საშუალებადაც იქცა, რამაც შეაღწია სარეკლამო, თუ პოლიტიკური აგიტაციის სამყაროში. როდესაც უფროსი ჯორჯ ბუში და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი საჯაროდ ჯინსით ჩნდებოდნენ, მათი განაცხადი შემდეგი იყო – ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ – ეს იმიჯი ხალხთან კომუნიკაციისას მათ ნამდვილად ეხმარებოდა და პოლიტიკური ლიდერის სტატუსის მიღმა, პერსონას აჩენდა, რაც ყოველ ეპოქაში ნებისმიერი პოლიტიკოსის ხანგრძლივი კარიერული ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გარანტია.
გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, ჯინსი უკვე მაღალი მოდის სამყაროსაც იპყრობს. 1976 წელს კელვინ კლაინმა თავის ჩვენებაზე ლურჯი ჯინსის შარვალი წარადგინა. კელვინი იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც პოდიუმზე ჯინსი გამოიტანა. 1979 წელს ჯინსი გლორია ვანდერბილტმაც წარმოადგინა. ჯინსი მოდის ინდუსტრიაში არა მხოლოდ კომერციულ წარმატებად, არამედ საიმიჯო დეტალადაც იქცა. 80-იანი წლების საკულტო კამპანიებს თუ გადავხედავთ, ჩვენს ყურადღებას აუცლებლად მიიპყრობს დენიმში გამოწყობილი სუპერმოდელების ფოტოები. ეს ტალღა კი, ისევ და ისევ Calvin Klein -ის დამსახურებაა, რომელმაც დასამახსოვრებელი ედითორიალები შექმნა. 90-იან წლებში ჯინსი მოდის ბრენდების ბაზარზე უკვე საკმაოდ გავრცელებული იყო. დენიმის მოდელები გაჩნდა Versace-ს, Dolce & Gabbana-ს და ყველასათვის მოულოდნელად Dior-ის კოლექციებშიც კი.


დღეს ჯინსი და დენიმი პოდიუმის ერთ-ერთი დომინანტია. ეპოქაში, სადაც მოდის სახლები თავისუფლების და ინკლუზიურობის იდეას იზიარებენ, ეს სამოსი უსაფრთხო და ამავდროულად გარანტირებულად წარმატებული არჩევანია. მომხმარებელს კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯინსი დღემდე ყველაზე პერსონალური რამ არის, რაც ადამიანს შეუძლია ჩაიცვას. ის ნამდვილად არის სამოსი, რომელსაც ჩვენთან ერთად, ჩვენი სხეული ატარებს.