წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სასიამოვნო შემთხვევითობა, რომელსაც იღბალს ვუწოდებთ, წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა თანამედროვე სამყაროში ადამიანები საკუთარ იღბალს თავად ვქმნით. გამართლების მოლოდინში უმოქმედობა სიბრიყვეა. თუ გინდა მოდელი გახდე, კასტინგების შესახებ ინფორმაცია თავად უნდა მოიძიო, მოემზადო და აგენტების წინაშე საუკეთესო ფორმაში წარსდგე. არ უნდა დაელოდო როდის გაგაჩერებს უცნობი, რომელიც შემთხვევით სამოდელო სააგენტოს აგენტი აღმოჩნდება და შემოგთავაზებს სამოდელო კონტრაქტს.

35 წლის წინ გამორჩეული გარეგნობის გოგონები და ვაჟები განსხვავებული რეალობის წინაშე იდგნენ. მათ არ ჰქონდათ ინტერნეტი, შესაბამისად არც ინფორმაცია. არავინ იზრდებოდა იმ აზრით, რომ სუპერმოდელი გახდებოდა, ამ საქმით მილიონებს გამოიმუშავებდა, თავის სახეს მსოფლიოს უდიდესი ქალაქების ბილბორდებზე ნახავდა, სილამაზის და სტილის ეტალონი გახდებოდა. მაშინ არსებული რეალობიდან გამომდინარეობს,რომ ე.წ „ორიგინალი სუპერმოდელების“ კარიერის საწყისი სასიამოვნო შემთხვევითობებია.

1987 წლის შემოდგომაზე დიუსელდორფს სამოდელო სააგენტო მეტროპოლიტანის აგენტი, მაიკლ ლევატონი ეწვია. ახალგაზრდული კულტურის აღმოსაჩენად მაიკლი ერთ-ერთ კლუბს ესტუმრა. იმ საღამოს კლუბში პირველად იმყოფებოდა თინეიჯერი გოგონა, რომელმაც ლევატონის ყურადღება მაშინვე მიიქცია. ლევატონმა პოტენციალი დაინახა და ამიტომ გადაწყვიტა გამოლაპარაკება, მაგრამ მასაც კი გაუჭირდებოდა წარმოდგენა, რომ სწორედ იმ დღეს ყველა დროის ყველაზე ცნობილი და წარმატებული გერმანელი სუპერმოდელი აღმოაჩინა.

კლაუდია შიფერი 1970 წლის 25 აგვისტოს გერმანიაში, იურისტების ოჯახში დაიბადა. 17 წლის კლაუდია მამამისის იურიდიულ ფირმაში მუშაობდა და იურისტიც გახდებოდა, რომ არა სასიამოვნო შემთხვევითობა 1987 წლის ოქტომბერში, როდესაც მაიკლ ლევატონმა სამოდელო კონტრაქტით პარიზში მიიწვია. სკოლის დასრულების შემდეგ, შიფერი პარიზში საცდელი გადაღებებისთვის ჩავიდა. სატესტო ფოტოებით აღფრთოვანებულმა ჟურნალ ელის რედაქტორმა კლაუდია გარეკანზე დაბეჭდა, თუმცა საერთაშორისო აღიარება გესის სარეკლამო კამპანიებმა მოუტანა. გესის რეკლამებით შეიქმნა კლაუდია შიფერი, როგორც 90-იანების სექს სიმბოლო, მოდის ყველაზე ცნობილი ქერა, „ორიგინალი ბარბი.“ თუ გესის კამპანიებმა შიფერი საზოგადოებისთვის ცნობილი გახადა, შანელის კონტრაქტმა – საბოლოოდ მონიშნა მაღალი მოდის რუკაზე. კლაუდია ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მოდელი, რომელიც ვენითი ფეარის, როლინგ სტოუნსის და ფიფლის ყდებზე დაიბეჭდა. ის ასევე პირველი მოდელი იყო, რომელმაც ვიქტორია სეკრეტის პრესტიჟული Fantasy Bra (ბრილიანტის ბიუსჰალტერი) მოირგო.

კლაუდია იტალიური ვოგის 2019 წლის აგვისტოს ნომრის ყდაზე

„მოდაში კლაუდიას გამოჩენა მზის ამოსვლას ჰგავდა და მზე დღესაც ანათებს.“- კარლ ლაგერფელდი.

კლაუდიას მზე 30 წელია ანათებს, 2019 წლის აგვისტოში ის იყო იტალიური ვოგის ყდაზე, შიშველი და თავდაჯერებული საკუთარი სხეულში. დღეს ლეგენდარული სუპერმოდელი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.