უძველესი იაპონური ტრადიციები მსოფლიო კულტურის დამოუკიდებელ ფენომენად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. იაპონელებს ესთეტიკისა და სიმბოლიზმის ერთმანეთთან დაკავშირების საოცარი ნიჭი აქვთ, სწორედ ამიტომ, თანამედროვე სამყაროში მისი გავლენა საკმაოდ დიდია. ამისათვის ანიმეს დასახელებაც კი საკმარისია – ანიმაციის, რომელმაც იაპონური ფილოსოფია თანამედროვე პოპკულტურის ნაწილად აქცია. იმავეს თქმა შეგვიძლია მუსიკაზე, კინოზე, ფოტოგრაფიაზე, ვიზუალური ხელოვნების სინთეზურ ფორმებსა და რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა – მოდაზე. იოჯი იამამოტო, რეი კავაკუბო, კანსაი იამამოტო – ეს იმ იაპონელი დიზაინერების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც მოდის კომერციულ ინდუსტრიაში კონცეპტუალური ხელოვნება შემოიტანეს და თავიანთი სტანდარტებიც დააწესეს. იაპონელ დიზაინერებზე, იაპონურ მოდასა და ზოგადად იაპონურ კულტურაზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ამ სტატიის შინაარსი ამ ქვეყნის ტრადიციების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქმნილებას – კიმონოს ეხება. კიმონო თავისი ისტორიული ბექგრაუნდით არ არის მხოლოდ სამოსი – ის ფენომენია, რომელსაც სიმბოლიკით სავსე, კომპლექსური ისტორია აქვს. კიმონოს გავლენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მან დასავლეთშიც შეაღწია და საინტერესოდ გარდაისახა.
სანამ მოდის ინდუსტრიაში კიმონოს გავლენაზე ვისაუბრებთ, უნდა აღინიშნოს მისი ამჟამინდელი, თანამედროვე სტატუსი იაპონელების ყოველდღიურ ცხოვრებაში. იაპონელებისათვის ის ტრადიციული ღონისძიებების განუყოფელი ნაწილია – მას იცვამენ საქორწინო, თუ ჩაის სმის ცერემონიების დროს. კიმონო, თავისი არსით, ხელნაკეთი კოსტიუმია და საკმაოდ ძვირადღირებული ქსოვილისაგან იქმნება. ყველა ტრადიციულ ოჯახს კიმონო საგვარეულო რელიქვიის სახით აქვს, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემა. დასავლური აღქმისათვის, ის იაპონიის ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოა, რომელიც ხშირად გეიშების ეგზოტიკურ და მისტიკურ სამყაროსთანაც ასოცირდება.
Memoirs of a Geisha
კიმონოს სიმბოლურ და ტრადიციულ დატვირთვაზე საუბრისას, ნუ გვავიწყდება ისიც, რომ ეს კოსტიუმი ყოველდღიური სტილის, იაპონური მოდის განუყოფელი ნაწილი იყო, რომლით შემოსილი ადამანები ყოველდღიურად გადაადგილდებოდნენ ქუჩებში. ის, თუ როგორი ტექნიკით იყო შესრულებული კიმონო, მნიშვნელოვან ინფორმაციას გასცემდა სტატუსობრივ კუთვნილებაზე. სწორედ ამიტომ, კიმონოს ყოველდღიური გამოყენება და ამ ტენდენციის ცვლილება დაკავშირებული გახდა ისეთ მოვლენებთან, როგორებიც არის პოლიტიკური გავლენები, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ქსოვილის წარმოება, ინდუსტრიული რევოლუცია, საერთაშორისო პარტნიორები და სხვა. დროსთან ერთად, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაიწყო კულტურული მიმოცვლა, აზიელებისათვის უფრო მეტად მიმზიდველი აღმოჩნდა დასავლური მოდა და კიმონო ყოველდღიური სამოსიდან ტრადიციულ კუთვნილებად და კულტურულ მემკვიდრეობად იქცა. 2020 წელს, ლონდონის ხელოვნებისა და დიზაინის მუზეუმმა V&A-მ (Victoria and Albert Museum), გახსნა თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენა სახელწოდებით – Kimono: Kyoto to Catwalk. გამოფენის კურატორმა ანა ჯექსონმა აღნიშნა:
რამდენადაც იკლებდა კიმონოს ყოველდღიური გამოყენების პრაქტიკა, იმდენად იზრდებოდა მისი ტრადიციული მნიშვნელობა და უფრო მეტად ხდებოდა იაპონიის წარმგდენი მსოფლიო კულტურის გლობალურ სივრცეში.

სამურაები და მათი სტატუსის დემონსტრირება
Kimono- მ განსაკუთრებული გავლენა პირველად Edo-ს პერიოდში (1630 – 1868) მოიპოვა. მრავალსაუკუნოვანი სამოქალაქო ომისა და არეულობის შემდეგ, ეს იყო პოლიტიკური სტაბილურობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ქალაქების ზრდის ეპოქა. ამ დრომდე, სამურაებმა, იაპონიის მმართველმა სამხედრო კლასმა, საკუთარი სტატუსი, სიმდიდრე და გავლენა ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებით მოიპოვა. Edo-ს პერიოდში, მათი სტატუსი უკვე ვიზუალურად ძვირადღირებული ქსოვილითა და დეტალებით გაფორმებული კიმონოთი გამოიხატა.

აღსანიშნავია, რომ სამურაი ქალებს უკიდურესად შეზღუდული და მკაცრად განსაზღვრული ცხოვრების წესი ჰქონდათ, რაც მოიცავდა სეზონის, მოვლენების და დღის მონაკვეთის მიხედვით, ჩაცმულობის კოდექსის ზედმიწევნით დაცვას. სამურაი ქალები არ იყვნენ ნოვატორები სტილის მიმართულებით, თუმცა, მათ კარგად იცოდნენ საკუთარი სტატუსის დემონსტრირება, ამიტომ სტილის და იმდროინდელი მოდის განმსაზღვრელებიც აღმოჩნდნენ. სტატუსტან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო დეტალი არსებობს – მაშინ, როცა ვაჭრებმა დიდი ქონება იშოვეს, არისტოკრატთა კლასმა გადაწყვიტა მათგან ვიზუალურად მაქსიმალურად დისტანცირებულიყო. ამიტომ განისაზღვრა გარკვეული ფერის კიმონოები, რომლებიც მხოლოდ დიდგვაროვნებს შეეძლოთ ეტარებინათ. გარდა ამისა, აბრეშუმის კიმონოს ჩაცმაც, მხოლოდ არისტოკრატთა პრივილეგია იყო. თუმცა, ეს მხოლოდ ფასადურად – ამ წესს ხშირად არღვევდნენ, ან სხვადასხვა კრეატიული მიდგომით ნიღბავდნენ.
ყოველდღიური მოდიდან გაუჩინარება და კვლავ დაბრუნება
Meiji-ის ეპოქაში (1868-1912 ) როცა ეკონომიკური სტრატეგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ქვეყნისათვის, იაპონელმა მმართველებმა გადაწყვიტეს თანამედროვე, ინდუსტრიული და გავლენიანი სახელმწიფო შეექმნათ. ამ დროს აქტიურად დაიწყო სავაჭრო ურთიერთობები, გაიხსნა საზღვრები და როგორც უკვე აღვნიშნეთ, დასავლურმა ცივილიზაციამ მეტად შემოაღწია ამ აზიური ქვეყნის საზღვრებში. ამ პერიოდში საზოგადოების მდიდარი ფენა უკვე ჩნდება დასავლური სამოსით. თუმცა, Meiji-ის ხანის ბოლო პერიოდში, 1890-იან წლებში, კიმონო კვლავ დაუბრუნდა მოდას. ეს დრო კიმონოს რენესანსის ხანადაც შეიძლება მოვიხსენიოთ. მიზეზი პოლიტიკურია – იაპონიის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო პოზიციები და შესაბამისად, თავდაჯერებულობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამიტომ კიმონოს ჩაცმა, ამ სამოსით თუნდაც უცხოელების წინაშე წარსდომა ერთგვარად ეროვნული განაცხადი იყო.
მეოცე საუკუნის დასაწყისი
ამ პერიოდში იაპონელი ქალები განსაკუთრებით მოიხიბლნენ არტ ნუვოთო და არტ ტეკოთო. მათ ამ ესთეტიკით გაფორმებული კიმონოების ჩაცმა დაიწყეს. ტრადიციულ იაპონური სამოსის კრეატიულ ვერსიებს ისინი ატარებდნენ ევროპულ ფეხსაცმელებთან და აქსესუარებთან ერთად.
კიმონო, როგორც მორალური ნამსხვრევების უარყოფითი სიმბოლო
მეოცე საუკუნის მეორ ნახევარში, კიმონოს მიმართ იმდროინდელი ახალგაზრდა თაობის განწყობები რადიკალურად შეიცვალა. ის აღარ იყო საამაყო იმიჯი. მიზეზი კი მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მაშინ, როცა ომის დიდმა ტალღამ თითქმის ყველა სახელმწიფოს არაჰუმანური სახე გამოაჩინა, კულტურითა და მორალური ფასეულობებით გამორჩეული იაპონია წარსულის ღირებულებების ნამსხვრევებში აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში ამას ასე აღიქვამდა თანამედროვე თაობა. ამიტომ დასავლური ტანისამოსის ჩაცმა მათთვის მარტივი და მისაღები არჩევანი იყო. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, კიმონოზე უარმა ამ რელიქვიის თაობიდან თაობისათვის გადაცემის ჯაჭვი გაწყვიტა, რაც მოგვიანებით აღდგა, თუმცა ამ წყვეტამ ტრადიციების შენახვისა და გაცოცხლების მიმართულებით თავისი კვალი მაინც დატოვა.
კიმონო, როგორც მარკეტინგული ინსტრუმენტი
გარკვეული პერიოდის შემდეგ, იაპონიაში იწყება სკოლების გახსნა, სააც მოსწავლეებს კიმონოსთან დაკავშირებულ ტრადიციებს, მის სწორად ჩაცმას და მსგავს დეტალებს ასწავლიან. ეს სკოლები მდიდარ ფენაში პოპულარობით სარგებლობდა. ტრადიციებთან დაბრუნების და ეტიკეტის ნორმების შესწავლის გამო, მშობლები ამ ელიტარულ სკოლებში უამრავ ფულს იხდიდნენ.
90-იანი წლები
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 90-იანი წლების შემდეგ, იაპონელმა ახალმა თაობამ, გარკვეულმა სუბკულტურებმა კვლავ დაიწყეს მისი ყოველდღიურ სტილში ინტეგრირება, თუმცა, ეს მასობრივად არ შეინიშნება. მიზეზი თანამედროვე იაპონური კინო, ჟურნალები, თუნდაც უკვე ნახსენები ანიმეს პოპულარობაა ახალგაზრდებში, ასევე ამ პერიოდის მოდის ინდუსტრიაში კულტურული მემკვიდრეობის შთაგონების წყაროდ გამოყენება.
დღესდღეობით, თანამედრიოვე სამყაროში იაპონური კულტურის გავლენა მნიშვნელოვანია. მსოფლიოსათვის ის ინდივიდუალიზმთან, არტისტულ აზროვნებასთან არის დაკავშირებული, ამიტომაც, კიმონოს და მისი დეტალების შთაგონებით თანამედროვე სტილშიც ვხვდებით სამოსს. ეს არ არის მასობრივი, თუმცა, ტენდენციები იგრძნობა. არ უნდა დაგვავიწყდეს იაპონური კინოს გავლენა თანამედროვე კინემატოგრაფიაში, ასევე 2000-იანი და 2010-იანი წლების ჰოლივუდში სამურაების თემის აქტუალიზაცია. ისეთი ფილმებიც კოსტიუმების დიზაინმა, როგორიც არის მაგალითად “მოკალი ბილი” ეს სამოსი კიდევ უფრო ეგზოტიკურად აქცია. კიმონო უამრავი წამყვანი დიზაინერისათვის იქცა შთაგონებად, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე მაღალ მოდას ეხება. უახლოეს პერიოდში, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ანიმეს ახალი ტალღის პოპულარობა, რომლითაც ასე მოხიბლულია ჩვენი სამყაროს თანამედროვე მომხმარებელი – თაობა ზეტი, იგივე – GEN Z.