ვირჯინია ვიარდი კარლ ლაგერფელდს პირველად ოთხმოციან წლებში შეხვდა. მაშინ ლაგერფელდი ხშირად სტუმრობდა ღამის კლუბებს და ვიარდიც თან ახლდა. სწორედ ამ ექსცენტრიულ პერიოდს მიუბრუნდა შანელის ამჟამინდელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ოტ კუტიურ კოლექციის შექმნისას და დაიწყო ფიქრი „პანკ პრინცესაზე, რომელიც Le Palace – ს მზის ამოსვლისას ტოვებდა.“ იხსენებდა საგულდაგულოდ გამოწყობილ ექსტრაორდინალურ ქალებს, რომლებიც დროს კარლთან ერთად ატარებდნენ, მათ შორის პრინცესა Gloria von Thurn und Taxis – ს და ეცადა ეპოქის სულისკვეთება მისთვის დამახასიათებელი თმის სტილით, ბევრი სამკაულებით, შანელის კოდების მორგებით გადმოეცა.
„ეს კოლექცია უფრო მეტად კარლ ლაგერფელდით არის შთაგონებული, ვიდრე გაბრიელ შანელით. გონებაში ნამდვილად კარლის სამყარო მქონდა…“
ვირჯინია ვიარდი
სილუეტები ეხმიანება არამარტო ოთხმოციან წლებს, არამედ კოკო შანელის მოღვაწეობის პერიოდს და კიდევ უფრო ადრეულ ერასაც – მე-19 საუკუნეს. რა თქმა უნდა, კოლექციაში ყველაზე მეტად ტვიდი ჭარბობს, რომელიც ბრენდს Vimar 1991 – მა მიაწოდა. ამ კოლექციის შექმნისას ვიარდმა სხვა სახელგანთქმულ მიმწოდებლებსაც მიმართა, მათ შორის არიან: Goossens, Lesage, Lemarié, Montex.
„მინდოდა კოლექციის შექმნაში ყველას მიეღო მონაწილეობა. შანელისთვის კუტიური თავის მნიშვნელობას არ კარგავს. ყველა ჩავრთე.“
ვირჯინია ვიარდი
აღსანიშნავია ლუქების შემცირებული რაოდენობაც – საშუალოდ სამოცდაათის მაგივრად ოცდაათი. ამის მიზეზი, ბუნებრივია, პანდემიის შედეგად განვითარებული მოვლენები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკეტილი სამკერვალოები და სამუშაოს შესასრულებლად ნაკლები დროის ქონაა.
კატალოგისთვის კოლექცია მოდელებმა Adut Akech – მა და Rianne Van Rompaey – მ მოირგეს. შანელის კლასიკურ ბუნებას როკ’ნ’ როლ განწყობა ფოტოებსა და ვიდეოში Mikael Jansson-მა შეუთავსა. კლიენტებს ასევე გაეგზავნებათ კატალოგები, რომლებშიც დამატებით ყველა დეტალი გამოკვეთილად იქნება ნაჩვენები.
„კოლექცია გლამურს შეეხება; ის დახელოვნებული და ექსცენტრიულია — ძალიან ინგლისური — რომანტიკული და ფანტასტიკური.“
ვირჯინია ვიარდი