ფრანგული ვოგის ყოფილმა რედაქტორმა და მოდის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა რუს ჟურნალისტთან, ქსენია სობჩაკთან ახალი ინტერვიუ ჩაწერა. კარინი ბევრ თემას შეეხო, უშნო მოდის ტრენდიდან მირასლავა დუმამდე.
საუბრის დასაწყისში კარინმა ქსენიასთან აღიარა, რომ პარიზულ ვოგს არ კითხულობს, “მე ჩემი სტილი და აზრი მაქვს და ჩემთვის მიუღებელია გვერდით ყურება და იმით დაინტერესება, თუ რა აცვიათ სხვებს, როგორი გემოვნება აქვთ სხვებს და ა.შ. მე ვარ მე და ამით ყველაფერი ნათქვამია.”
კარინი კარლ ლაგერფელდის გარდაცვალებასა და მოდაში სიყალბეზე: “ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ლეგენდების გარდაცვალების შემდეგ, მოდა ისეთი აღარასდროს იქნება, როგორც ადრე. ფაქტი ისაა, რომ მოდა არსად არ წასულა, ის ისევ აქაა და ისევე გააგრძელებს განვითარებას. შეცვლილი მხოლოდ ახლანდელი დიზაინერების სამუშაო ეთიკაა. ახლა ისინი ხელით აღარაფერს აკეთებენ, ესკიზებსაც კი პლანშეტებზე აკეთებენ, აღარაფერს ვამბობ კერვაზე. რაც შეეხება სიყალბეს მოდის სამყაროში, ეს ასე არაა. 25 წელია ვმეგობრობ ტომ ფორდთან და ის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია, კარლ ლაგერფელდიც ჩემთვის მამასავით იყო. სიყალბე ყველგანაა, რა თქმა უნდა ჩემს მიმართ ხანდახან ვგრძნობ ნეგატიურ განწყობას, თუმცა ის მოსაზრება, რომ მოდაში ყველას სძულს ერთმანეთი, აბსოლუტური სისულელეა. მოდაში ძალიან ბევრი შესანიშნავი ადამიანი მუშაობს.”
თანამედროვე მოდაზე, უშნო სილამაზის ტრენდსა და ინფლუენსერებზე: “ჩემი აზრით, ეს უბრალოდ მომენტია მოდაში, რომელიც საკმაოდ საინტერესოა და ადამიანები, რომლებიც ამ ტრენდს იხდენენ, საკმაოდ კარგად გამოიყურებიან. თუმცა მე ასე ვერსადროს ჩავიცვამ, ვიცი რაც მიხდება და ჩემს სტილს არასდროს დავთმობ. ახლა, შეიძლება ქუჩაში წყვილი დაინახო და ვერ მიხვდე გოგონები არიან, ბიჭები თუ რომელია გოგონა და რომელი ბიჭი. ეს ძალიან მომწონს და ეს ძალიან საინტერესოა. მაგრამ მე მაინც ძველი ტრადიციების მოყვარული ვარ, მომწონს, როდესაც ქალების მოდა კაცებისგან განსხვავდება.”
“Body Positivity” მოძრაობაზე: “მიხარია, რომ ახლა ადამიანები ქმნიან პროდუქტებს იმ მიზნით, რომ ყველამ იგრძნოს თავი მოდის ნაწილად. მაგალითად Fenty-ს თეთრეულების ხაზი. ხალხს სურს, რომ მათი რეალური ფორმები და გარეგნობა საზოგადოებამ მიიღოს და ეს მშვენიერია. საკუთარ სხეულში თავი იგრძნო კომფორტულად – ძალიან მნიშვნელოვანია და თან ამასთან ფეხი აუწყო მოდას, ეს ყველაფერი ძალიან მაგარია. მე ძალიან ბევრ მოდელთან მიმუშავია, მათ შორის პლიუს ზომის მოდელებთან, დამიჯერეთ – მათ უფრო თავდაჯერებულად უჭირავთ თავი, ვიდრე არა პლიუს ზომის მოდელებს. შეხედეთ კიმ კარდაშიანს, მან სილამაზის ახალი ტრენდი შექმნა და მე მიხარია, რომ მილიონობით ქალს აღარ ეშინია ცელულიტის ან მუცლის გამოჩენა.”
ქსენია შეეხო პოლიტიკის როლს მოდაში და ახსენა რუსი მოდელები და ინფლუენსერები მოდაში, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო, მოდის სამყაროდან გაქრნენ, მაგალითად ლენა პერმინოვა და მიროსლავა დუმა. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ ეს პოლიტიკური მიზეზებით მოხდა, კარინმა ქსენიასთან აღნიშნა, რომ მსგავსი თემები არ აინტერესებს. “არ შემიძლია მოდისა და პოლიტიკის ერთ ჭრილში განხილვა. თუ მაინც და მაინც გლობალურ საკითხებს განვიხილავთ მოდაში, აქ ბევრად უფრო საინტერესო რაღაცები ხდება, მაგალითად მოძრაობები გლობალური დათბობისა და დაბინძურების წინააღმდეგ. ახალი თაობა ამ საკითხებში ბევრად უფრო გაცნობიერებულია ვიდრე ჩვენ ან ჩვენი მშობლები. ესაა თემები, რომლებიც მაინტერესებს, და არა ის, თუ სად გაქრა ლენა. ეს ნამდვილად არ მადარდებს.”
ფრანგულ ვოგში მუშაობისას, კარინ როიტფილდი ხშირად ბეჭდავდა ყდებზე ფერადკანიან მოდელებს. მაშინ ეს რევოლუციურ ქმედებად მიიჩნეოდა. “მე ვბეჭდავდი ყდებზე სხვადასხვა ადამიანებს, რადგან მათ ლამაზი ფეხები ჰქონდათ, ან ლამაზი სახე. მე არ გამიკეთებია ეს რაღაც პოლიტიკური მიზნებით ან იმიტომ, რომ ტოლერანტული ვარ. არ მომწონს სიტყვა ტოლერანტული, მე ცნობისმოყვარე ვარ. მიყვარს ყველა ადამიანი და ამიტომ ვაკეთებდი ამას. მიხარია, რომ ბევრი სხვადასხვა რასისა თუ გარეგნობის ადამიანისთვის ერთგვარი გამტარი აღმოვჩნდი მოდის სამყაროში, რადგან მჯერა, რომ მოდა ყველასთვისაა. რა თქმა უნდა ვაანალიზებ, რომ მოდა არ არის ისეთი მნიშვნელოვანი სფერო, როგორიც მაგალითად მედიცინა. მაგრამ, ყველას გვქონია მომენტი, როდესაც დგები საწოლიდან, საშინლად გამოიყურები და არ მოგწონს შენი თავი. შემდეგ იპოვი რაღაც კაბას, რომელიც ძალიან გიხდება, მოწესრიგდები და შემდეგ ადამიანებთანაც სხვანაირად გიჭირავს თავი, შენი დღეც საუკეთესოდ იქცევა. სწორედ ეს არის ჩემთვის მოდა და ის, რასაც ვაკეთებ. ყველაფერი დანარჩენი ჩემთვის არარელევანტურია.”
ქსენიას კითხვაზე, ჰგონია თუ არა, რომ ტოლერანტობა, ზოგჯერ, ადამიანების ცხოვრების დანგრევის ბერკეტად შეიძლება იქცეს (მიროსლავა დუმას მაგალითზე), კარინმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “სოციალურ მედიაში ახლა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერთი პატარა სიტყვა საკმარისია იმისთვის, რომ შეუქცეველი პროცესები დაიწყოს. მირას შემთხვევაშიც ასე მოხდა. არ მახსოვს ზუსტი მოვლენები, თუმცა მგონია, რომ მირას გარშემო სკანდალი უბრალოდ ხელოვნურად გაამძაფრეს. ყველაზე რთული ისაა, რომ მას არც მისცეს შანსი აეხსნა, თუ რა მოხდა. მე არ შემიძლია არავის განსჯა, მაგრამ ახნის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს. მეც მომდის ხანდახან შეცდომები, როდესაც ვესაუბრები ჟურნალისტებს. შემდეგ ადამიანები კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს სოციალურ ქსელებში ატრიალებენ, ის კი არ ესმით, რომ მე უბრალოდ იმპულსიური ვარ. იდეალური არავინ არ არის. შეცდომები ყველას მოსდის. მახსოვს, როდესაც ქეით მოსის ფოტოები გავრცელდა, სადაც ის ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარდა. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც და მაინც ფოტოების გავრცელების შემდეგ “დაინგრა” ქეითის კარიერა. თუმცა მე მასთან ვმეგობრობდი და ახლაც ყველაფერში დავეხმარები. სკანდალის შემდეგ, ის საახალწლო ნომრის ყდაზე დავბეჭდე, ყველა მეუბნებოდა, რომ დამკვეთებს დავკარგავდი და კარიერას დავინგრევდი, თუმცა პირიქით მოხდა. ქეითი დაბრუნდა, უფრო დიდი ვარსკვლავიც გახდა და ჩემი დამკვეთებიც არსად წასულან. მე მართალი აღმოვჩნდი და თავი შორს დავიჭირე თვალთმაქცებისგან.”