რა გვახსენდება უპირველესი, როცა რომელიმე ბრენდის სახელს ვიგებთ? პასუხი, თითქმის ყველა შემთხვევაში, ერთია – ლოგო. მომხმარებლის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ თუნდაც წამის მეასედში, სწორედ ბრენდის სიმბოლოს ვიზუალიზაციას ახდენს. შეაბამისად, ლოგოს კონცეფციის შემუშავება ბრენდისათვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა. ის მომხმარებლის ქვეცნობიერის და ბრენდის მაკავშირებელი ყველაზე ძლიერი რგოლია – ნიშანი, რომელსაც არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ემოციური დატვირთვაც აქვს. ისეთ კომერციულ და, ამავდროულად, კონკურენტულ ინდუსტრიაში, როგორიც მოდის სფეროა, ლოგო კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ამის არგუმენტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული ტიპის მომხმარებელი უამრავ ფულს, სწორედ ლოგოში იხდის.

გთავაზობთ ისტორიებს 9 ცნობილი მოდის სახლის ლოგოს მიღმა.

Louis Vuitton როცა შესავალში ვახსენეთ, რომ მომხმარებლის დიდი ნაწილი არა დიზაინს, არამედ ლოგოს ყიდულობს, ამ დროს ერთ-ერთი პირველი სწორედ Louis Vuitton ვიგულისხმეთ. ცხადია, ეს არ აკნინებს ბრენდის პროდუქციას, რომელიც უმაღლესი ხარისხით და ყველა იმ ღირებულებით გამოირჩევა, რაც მოდის სამყაროში მნიშვნელოვანია. თუმცა, გაყიდვების კუთხით, ამ მოდის სახლის კომერციულ წარმატებას ლოგო მნიშვნელოვნად განაპირობებს. რეალობაში საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლისთვისაც ხელჩანთა Louis Vuitton-ის პრინტით, იმის დემონსტრაციაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის აქსესუარის მფლობელია.

კომერციულად მომგებიან მდგომარეობაზე საუბარი რომ გვერდით გადავდოთ, უნდა ითქვას – დასახელების აღმნიშვნელი ასოებისაგან შემდგარი ეს სიმბოლო, ვიზუალურად ძალიან ლამაზია. გარდა ამისა, მას სხვა ლოგოებთან შედარებით, ყველაზე დიდი ისტორიაც აქვს. ეს აღნიშვნა პირველად 1896 წელს, ლუი ვიტონის შვილმა გამოიყენა. მას სურდა, სიმბოლოს მეშვეობით, თავისი შექმნილი სამგზავრო ჩანთების დიზაინი პლაგიატორებისაგან და გამყალბებლებისაგან დაეცვა. სიმბოლოს ამ ნიშნით გამოყენება მოდის ბრენდინგის ერთ-ერთი ყველაზე პირველი გამოვლინებაა.

Chanel ლოგოს დიზაინი თავად კოკომ შექმნა 1925 წელს და დღემდე, მოდის სახლის შეუცვლელ სიმბოლოდ რჩება. ბევრი ფიქრობს, რომ ის Coco Chanel-ის პირველი ასოების კომბინაციაა, მაგრამ განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, საპირისპირო მიმართულებით ერთმანეთთან გადაკვეთილი ორი C, არის Château de Crémat-ის ინიციალები – შატოსი, სადაც კოკო შანელი ხშირად ატარებდა დროს შემოქმედებითი ძიებისას. ბევრს კი მიაჩნია, რომ ეს თავისი სახელის და მისი დიდი სიყვარულის – არტურ “BOY” კაპელის ინიციალებია.

Versace გაგვიჭირდება მოდის სახლის გახსენება, რომელსაც ისეთივე მომნუსხველი ლოგო აქვს, როგორიც Versace-ს. ძველბერძნული მითოლოგიური არსება – მედუზა გორგონა, რომელსაც თავზე გველები ეხვევა და რომელსაც მზერით გაქვავება შეუძლია. მისი შიშისმომგვრელი ვიზუალის მიუხედავად, მითოსის მიხედვით, ერთ დროს გორგონა ულამაზესი იყო. ათენას მისი შეშურდა და დაწყევლა, ამ წყევლამ კი, საზარელ მონსტრად აქცია. სიმბოლოს იდეა, თავად ჯანი ვერსაჩეს ეკუთვნის და მისი ისტორია გვიანი 70-იანი წლებიდან იწყება. დონატელა ვერსაჩემ, ლოგოზე საუბრისას თქვა: „როცა ჯანის ვკითხე, თუ რატომ აირჩია ეს სიმბოლო, მან მიპასუხა – ვფიქრობ, ვისაც კი შეუყვარდება მედუზა, მისგან ვერასდროს გაიქცევა”. თავად ჯანი ვერსაჩეს, ნამდვილად განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ლოგოს მიმართ. დიზაინერისათვის ეს არ იყო მხოლოდ კომერციული ნიშანი – მედუზა გორგონას თავი ამოტვიფრული იყო მილანში მისი საცხოვრებლის და ასევე, მაიამიში მდებარე ვილას კარზე.

Gucci – რთულია ზუსტად განვსაზღვროთ თარიღი, როცა Gucci-ის ლოგო შეიქმნა. რაც ნამდვლად ვიცით, არის ის, რომ ორი G არის გუჩიო გუჩის – ბრენდის დამფუძნებლის სახელის და გვარის ინიციალები. ლოგოს დანიშნულებით კი, ეს სიმბოლოები, გუჩის შვილმა – ალდომ აქცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმბოლო ათწლეულებით ადრე შეიქმნა, პოპულარული მხოლოს 60-70-იან წლებში იქცა, როცა მოდის სახლის მემკვიდრემ, ალდო გუჩის შვილმა – პაოლომ, ლოგო ბრენდის სამოსზე გამოიყენა. ამ მომენტიდან, ორი G-საგან შემდგარი ნიშანი, მოდის სახლის განუყოფელ ნაწილად იქცა.

Yves Saint Laurent Yves Saint Laurent-ის ლოგოს, ან უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით – ლოგოების კონტექსტი დროსთან ერთად იცვლებოდა. 2000-იან წლებში, მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა – სტეფანო პილატიმ შექმნა ისეთი დიზაინები, რომლებშიც ბრენდის ვერტიკალური ლოგო გამოიყენა და კვლავ აქტუალურად აქცია. სინამდვილეში, ლოგოს კონცეფცია ჯერ კიდევ 1961 წელს, ერთ-ერთმა პიონერმა გრაფიკულმა დიზაინერმა – Cassandre-მ შექმნა, როცა ჟურნალ Harper’s Bazaar-ისათვის მუშაობდა. როცა ბრენდში ედი სლიმანი მივიდა, მან ყოველდღიური, ე.წ. Ready-to-wear ხაზისათვის აარჩია ბრენდის დასახელება მარტივი ფონტით. უფრო კონკრეტულად, სლიმანმა კვლავ გააცოცხლა ის წარწერა, რომელიც 1966 წელს, Rive Gauche-ს კოლექციის წარდგენისას გამოიყენებოდა. დღესდღეობით, ბრენდის ვერტიკალური ლოგო, მოდის სახლის Haute Couture ხაზისათვის გამოიყენება.

Prada 1919 წელს, Prada-ს დაარსებიდან 6 წლის შემდეგ, მოდის სახლი ოფიციალურად ზრუნავდა იტალიის სამეფო ოჯახის ჩაცმულობაზე. სწორედ ამის გამო, მონარქებმა მარიო პრადას მისცეს უფლება, ისტორიული გერბი ბრენდის სიმბოლოს დეტალებად გამოეყენებინა. ეს ლოგო დღემდე უცვლელია. უფრო მეტიც, 1978 წელს, მუჩია პრადამ, ბრენდის სათავეში მოსვლის შემდეგ, ლოგო სამკუთხედ მეტალის ფირფიტაზე ამოტვიფრა და 80-იანი წლების შუა რიცხვებში, ჩანთებზე დეტალებად გამოიყენა. ამის შემდეგ, ჩანთის ეს მოდელი და განახლებული ლოგო, Prada-ს სავიზიტო ბარათად მიიჩნევა.

Burberry Burberry-ის ლოგო 1901 წელს შეიქმნა, თუმცა, სავაჭრო სიმბოლოდ 1909 წელს იქცა. ლოგოზე გამოსახულია ცხენოსანი, რომელსაც ხელში უჭირავს დროშა, ლათინური წარწერით – Prorsum. სიტყვა ითარგმნება როგორც – “წინ”. ეს რელევანტური განაცხადი იყო ნოვატორი ბრენდისათვის, რომელმაც წყალგამძლე გადაბრინის ნაჭრის სამოსის წარმოებაში გამოყენება დააპატენტა. Burberry-მ ამ ნაჭრით შექმნა ტანსაცმელი რეალური ცხოვრების თავგადასავლებისათვის – მისგან იკერებოდა კოსტიუმები, რომლებსაც ავიატორები და სამხედრო წოდების პირები იცვამდნენ.

Hermès ლოგო მჭირდო კავშირშია იმ ამბავთან, რამაც Hermès-ის, როგორც ბრენდის დაბადება განსაზღვრა. 1837 წელს, ფრანგმა ბიზნესმენმა თიერი ჰერმესმა (Thierry Hermès) ტყავის საწარმო დააარსა. საწარმოში ქმნიდნენ უნაგირებს და მაღალი კლასის ცხენოსნურ ატრიბუტებს, რამდენადაც იმ პერიოდში, ცხენები და ეტლები გადაადგილების საშუალება იყო. დროსთან ერთად, საწარმო განვითარდა, გახსნა ატელიე და გაჩნდა ამბიციაც, რომ პრესტიჟულ ჟოკეი კლუბებთან და მაღალი საზოგადოების ცხოვრების წესთან ასოცირებულიყო. შესაბამისად, საჭირო იყო ბაზარზე მეტად წარმოსადეგად შესვლა და კონკრეტული სიმბოლოთი პოზიციონირება, რაც თანამედროვე გაგებით, მეტი არაფერია, თუარა ბრენდინგი. ასე გაჩნდა ლოგოს კონცეფცია, რომელმაც არამხოლოდ ბრენდის ისტორია, არამედ მისი მიზნები და სამომავლო გეზიც იდეალურად გამოიხატა.

Lanvin 1897 წელს, პარიზში გადასვლიდან და სახელოვანი მოდის სახლის – Lanvin-ის დაფუძნებიდან 8 წლის შემდეგ, ჟან ლანვინს გოგონა შეეძინა. ქალიშვილი დიზაინერის შთაგონების წყაროდ იქცა და ბრენდის სიმბოლოც ამ იდეის გამოსახატად შეიქმნა. რაც შეეხება ლოგოს დიზაინს, ის 1923 წლით თარიღდება და ილუსტრატორ პოლ ირიბეს ეკუთვნის. გამოსახულება შეიქმნა 1907 წელს გადაღებული ფოტოს მიხედვით, რომელზეც დედა-შვილი ერთმენეთთან შეხამებულ სამოსში პოზირებენ.

Tags :