1999 წელს ივ სენ ლორანის მოდის სახლი Gucci Group-ის (დღევანდელი Kering) მფლობელობაში გადავიდა და Ready-to-Wear ხაზის შემოქმედებითი სადავეები ტომ ფორდმა ჩაიბარა, რომელიც კრეატიული დირექტორის პოზიციას გუჩიშიც ინარჩუნებდა. იმ პერიოდში ფორდი უკვე აღიარებული და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერია, რომელიც პასუხისმგებელი იყო გაკოტრების პირას მისული იტალიური ბრენდის ხელახლა შექმნაზე და მის დაუჯერებელ წარმატებაზე. ბუნებრივია, მის მიმართ ფრანგულ მოდის სახლშიც დიდი მოლოდინები არსებობდა. ამერიკელი დიზაინერის მხარდაჭერებს შორის მაშინ თავად ივ სენ ლორანიც იყო.

“თავიდან ივი მხარს მიჭერდა,” – განაცხადა ტომმა CNN-ისთვიც მიცემულ ცნობილ ინტერვიუში. “მოსწონდა ის ფაქტი, რომ კომპანიას ვყიდულობდით და კოლექციების შექმნაზე მე ვზრუნავდი. გუჩიში ჩემი შემოქმედების მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებდა. ერთმანეთისადმი ძალიან მეგობრულად ვიყავით განწყობილები, რამდენჯერმე ერთადაც ვისადილეთ და როცა პირველი კოლექცია გავაკეთე, მას წარვუდგინე.”

ძალიან მალე ივის ტომის მიმართ არსებული დადებითი დამოკიდებულება შეიცვალა და თავისი სახელობის ბრენდში წარმოდგენილი ნამუშევრების მიმართ უკმაყოფილების ღიად გამოხატვასაც აღარ ერიდებოდა. “საწყალი ბიჭი, იმას აკეთებს, რაც შეუძლია,” – უთხრა ერთხელ მან პრესის წარმომადგენელს. ფორდმა ისიც გაიხსენა თუ როგორ მისწერა მას ლეგენდარულმა დიზაინერმა, რომ პოდიუმზე 13 წუთში გაანადგურა ის, რასაც თავად 40 წელი აშენებდა.

“მიხარია, რომ წერილი ისევ მაქვს – მან ის საკუთარი ხელით დაწერა. 85 წლის რომ ვიქნები, შეიძლება წიგნშიც გამოვიყენო – თუ ეს ვინმეს ადარდებს,” – აღნიშნა ფორდმა.

მიუხედავად არსებული უთანხმოებისა, ერთი რამ ფაქტად რჩება: ისევე, როგორც გუჩის შემთხვევაში, ტომ ფორდმა შეძლო ივ სენ ლორანის გაყიდვებიც საგრძნობლად გაეზარდა, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. მან Gucci Group 2004 წელს დატოვა და ხანმოკლე პაუზის შემდეგ მოდაში საკუთარი ბრენდით დაბრუნდა. Tom Ford შედგა ბრენდად, რომლის კოსმეტიკის, აქსესუარებისა თუ ტანსაცმლის ფლობაც უამრავ ადამიანს სურს.

ივ სენ ლორანმა თავისი უკანასკნელი კოლექციის ჩვენება 2002 წელს გამართა. ის 2008 წლის ივნისში ტვინის სიმსივნის დიაგნოზით 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Tags :