“CK One სუნამო კაცისთვის ან ქალისთვის Calvin Klein-ისგან” – არის ქეით მოსის გაჟღერებული ფრაზა, რომელიც 1994 წელს სტივენ მეიზელის გადაღებული სარეკლამო ვიდეო-რგოლის ბოლოს გვესმის. შავ-თეთრი კადრები ოთხმოცდაათიანი წლების განწყობას წარმოგვიჩენს, რომელსაც სწორედ ამ სუნამოს სურნელი ასდიოდა.
უნისექს CK One განკუთვნილი იყო ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად ასაკის, ეთნიკური წარმომავლობის თუ სქესისა. კონცეფცია შემდეგში მდგომარეობდა: ერთი ყველასთვის. ის პარფიუმერების – ალბერტო მორილასის და ჰარი ფრემონტის მიერ შეიქმნა. მინიმალისტურ ფოთლში მოთავსებული ციტრუსების გრილი, მუშკის მძაფრი და ყვავილოვანი ტკბილი არომატების მიქსტურა Gen X-ს ანტი-ოთხმოციანების, სუფთა, გამომაცოცხლებელ სურნელს აფრქვევდა.


ეშლი ვეზერფორდი The Cut-ისთვის დაწერილ თავის სტატიაში აღნიშნავს: “ოთმოცდაათიანი წლები მრავალ უცნაურ ესთეტიკას წარმოაჩენდა. ეს დეკადა მოიცავდა ტყისმჭრელი კაცის ჩაცმულობის და პიჟამას ლუქის კომბინაციას; გრანჟი. თუ ფერმკრთალი იყავი და ავადმყოფურად გამოიყურებოდი ‘ქულ’ იყო; Heroin chic. შარვლები არაირონიულად მასიური იყო და 30 ჯიბე ჰქონდა; Cargo. და ყველას CK One-ის სურნელი ასდიოდა, Calvin Klein-ის ათწლეულის სუნამოსი.” ვანესა ფრიდმანი The New York Times-სთვის მომზადებულ თავის მიმოხილვაში მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს: “პერიოდულად ჩნდება სუნამო, რომელიც მანამდე ნაცნობ სურნელოვან ისტორიაში გარღვევას ახდენს და, უეცრად, ნათელი ხდება, რომ სუნი, რომელიც სამყაროს ასდის, იგივე აღარასდროს იქნება. ასე მოხდა მაშინაც, როდესაც 1994 წლის ოქტომბერში CK One გამოვიდა.” ანდრეა ჩენგი კი CR Fashion Book-სთვის მას ასე ახასიათებს: “თუ ოთხმოცდაათიანებში თინეიჯერულ სულისკვეთებას რაიმეს სურნელი ასდიოდა, ეს CK One იყო.”
ნებისმიერი სუნამო, პირველ რიგში, გრძნობებს მიემართება, სწორედ ამიტომ მისი რომელიმე სქესისთვის მიკუთვნება შესაძლოა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იყოს, როგორ ფემინურ ან მასკულინურ ბოთლშიც არ უნდა მოათავსონ ის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ასეთი დაყოფა კვლავ გვხვდება. Calvin Klein-ის მარკეტინგულმა სტრატეგიამ, რომ თავისი სუნამოს გენდერ-ნეიტრალური ბუნებისთვის ხაზი გაესვა, იმუშავა. შემდეგ უკვე სხვა ბრენდებმაც გადადგეს იგივე ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სუნამოები ერთი რომელიმე სქესისთვის განკუთვნილი არ იყო და მათი ქალისთვის ან მამაკაცისთვის მიკუთვნება მხოლოდ გასული საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან დაიწყო, CK One ბაზარზე როგორც პირველი უნისექს სუნამო, ისე გამოჩნდა. ტექნიკურად ეს შესაძლოა სიმართლეს არ შეესაბამებოდა და უფრო მარკეტინგული გათვლა იყო, მაგრამ ამან გაამართლა. როგორც უკვე ითქვა, ის იყო ერთი ყველასთვის, მისი მთავარი სამიზნე აუდიტორია კი თაობა X იყო, რომელშიც სუნამომ არნახული პოპულარობა ჰპოვა. მისი გამოსვლიდან ათ დღეში, კომპანიამ CK One-ის გაყიდვებიდან $5 მილიონის ოდენობის შემოსავალი მიიღო. როგორც ცნობილია, წუთში ოცი ბოთლი იყიდებოდა. CK One-ის შეძენა შესაძლებელი იყო ისეთ ადგილებშიც, სადაც, როგორც წესი, მისი ადგილი არ უნდა ყოფილიყო – Tower Records-ის მაღაზიებში, Nirvana-ს ალბომების გვერდით.

მეიზელის გადაღებულ სუნამოს კამპანიასთან დაკავშირებით კელვინ კლაინი იხსენებს: “თავდაპირველი ვერსია დიკ [რიჩარდ] ავედონის 1969 წლის ფოტოთი, ენდი უორჰოლით და Factory-ის წევრებით იყო შთაგონებული. ჩვენი ანტი-პარფიუმისთვის უნიკალური ადამიანების მიერ გამოვლენილი თავისუფალი და მეამბოხე დამოკიდებულების ასახვა მინდოდა. ვიცოდი, რომ სტივენი შეძლებდა ამ იდეის განხორციელებას.”
CK One – სარეკლამო ვიდეო-რგოლი, 1994