შანელი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოდური ბრენდია, მაგრამ მისი მფლობელები, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ცნობილები არიან. უმეტესობამ იცის ვინ ფლობს ლუი ვიტონს, ივ სენ ლორანს, დიორს, გუჩის, ალექსანდრ მაკქუინსა თუ ბალენსიაგას, რომ ორი კონგლომერატი – LVMH და Kering – მაღალი მოდის მნიშვნელოვანი ბრენდების უმეტესობას განაგებს. მათ თავჯდომარეებსა და აღმასრულებელ ხელმძღვანელებს, ფრანსუა პინოსა და ბერნარ არნოს, ცნობენ, როცა საზოგადოების წინაშე ჩნდებიან და მათზე ხშირად ბიზნეს საკითხებს მიღმაც საუბრობენ. შეიძლება ითქვას, რომ ამ ბრენდს ყველაზე ცნობილი შემოქმედებითი ხელმძღვანელიც ჰყავდა – კარლ ლაგერფელდი. თუ საკუთარ თავებს შეეკითხებით რა იცით შანელის მფლობელებზე, ნაკლებად სავარაუდოა ამომწურავი პასუხი გქონდეთ და თქვენ მარტო არ იქნებით.

შანელის მოდის სახლი ამ ბიზნესში დამოუკიდებლად ოპერირებს, რასაც უზრუნველყოფენ ადამიანები, რომლებიც ასევე განცალკევებით დგანან. ფაქტობრივად, არასდროს ჩნდებიან საჯაროდ, არ იძლევიან ინტერვიუებს და მოდის ყველაზე იდუმალ მილიარდერებად გვევლინებიან. ისინი ალენ და ჟერარ ვერთჰაიმერები არიან – ძმები, რომლებიც ფრანგული მოდის სათავეში მყოფ ვერთჰაიმერების ოჯახის მესამე თაობას წარმოადგენენ.

© Business Insider

როცა ალენი და ჟერარი შანელის ჩვენებებს ესწრებიან, მოკრძალებული ფრანგული ასაწევკარებიანი მანქანით მოდიან, დარბაზში შეუმჩნევლად იპარებიან და მესამე ან მეოთხე რიგში სხდებიან. ისინი ძალიან იშვიათად, შეიძლება არც არასდროს, ესწრებიან შანელის მაღაზიების გახსნებს ან შანელის ღონისძიებებს, რეკლამისთვის თავიანთ სახელებს არ იყენებენ და თავს არიდებენ კომპანიის სახელის საწოლის თეთრეულისთვის ან აეროზოლებისთვის ლიცენზიით გამოყენებას. „ასე შეგიძლია ფული იშოვო,“ განაცხადა ალენმა Wine Spectator-თან თავის ერთ-ერთი იშვიათ ინტერვიუში. „მაგრამ ოჯახური ბიზნესი ასე არ იმართება.“

The New York Times, 2002

შანელის მოდის სახლი 1910 წელს გაბრიელ „კოკო“ შანელმა დააარსა, რომელსაც შემოქმედებითად მთელი ცხოვრების განმავლობაში უძღვებოდა. 1983 წელს მისი კრეატიული დირექტორი კარლ ლაგერფელდი გახდა, რომელიც ამ პოზიციას სიცოცხლის ბოლომდე, 2019 წლამდე იკავებდა. ახლა კი ამ როლს ვირჯინია ვიარდი ირგებს, რომელიც ლაგერფელდის მარჯვენა ხელი იყო და ოცდაათ წელზე დიდხანს თანამშრომლობდა მასთან.

The New York Times-ის 2002 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი დანა თომასი იხსენებს თუ როგორ უთხრა შანელის წინა წლის ოტ კუტიურ ჩვენებაზე ჟერარ ვერთჰაიმერმა, რომ ის და თავისი ძმა ძალიან მოკრძალებულები არიან და ოჯახის წევრები ერთმანეთთან არასდროს ლაპარაკობენ. საზოგადოებისთვის შანელში ვერთჰაიმერების მნიშვნელობაზე კი განაცხადა:

მთავარი კოკო შანელია. ასევე კარლი და ყველა ვინც შანელში მუშაობს და რაღაცას ქმნის. ეს არ ეხება ვერთჰაიმერებს.“

© nss magazine

ალენი და ჟერარი შანელს უკვე რამდენიმე ათწლეულია ხელმძღვანელობენ. ყველაფერი გასული საუკუნის ოციან წლებში დაიწყო, როცა მათი ბაბუა პიერი კოკო შანელს შეხვდა.

1924 წელს გალერია ლაფაიეტის დამფუძნებელ თეოფილ ბადერს სურდა, რომ შანელის სუნამო No.5 თავის სავაჭრო სივრცეში გაყიდულიყო და ამ მიზნის მისაღწევად დოღის სანახავად წაყვანილი შანელი თავის მეგობარ პიერს გააცნო. მალე გარიგებაც შედგა, რომლის თანახმადაც სუნამოს წარმოება პიერის მფლობელობაში არსებულ Bourjois-ის ქარხანაში დაიწყებოდა, მისი შეძენა გაცილებით მეტი ადამიანისთვის გახდებოდა შესაძლებელი და წარმოების, მარკეტინგისა და დისტრიბუციის საკითხებში Chanel No. 5 სრულ ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებდა. იმ პერიოდში სუნამო შანელის მაღაზიებში მხოლოდ ექსკლუზიური კლიენტურისთვის იყო ხელმისაწვდომი. შედეგად ჩამოყალიბდა „Les Parfums Chanel,“ რომლის 70% ვერთჰაიმერის მფლობელობაში გადავიდა, 20% ბადერს ერგო, დარჩენილი 10% კი – კოკოს.

დროთა განმავლობაში კოკო შანელისთვის გარიგების პირობები უფრო და უფრო უსამართლო ჩანდა და ლეგალური გზებით ცდილობდა მათ შეცვლას. მეორე მსოფლიო ომის დროს პიერ ვერთჰაიმერის მფლობელობაში არსებული წილის დაბრუნება არიული კანონის გამოყენებითაც სცადა, რომელიც ებრაელებს ბიზნესის ფლობას უკრძალავდა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ორმოცდაათიან წლებში ვერთჰაიმერმა კოკოს მორიგი გარიგება შესთავაზა – მისი ყველა ხარჯის დაფარვა, სანაცვლოდ კი შანელის სუნამოს და ტანსაცმლის ხაზებზე კონტროლის აღება მოსთხოვა, რაც მაშინ ლეგენდარული დიზაინერისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა და დათანხმდა. შედეგად 1954 წელს შანელის მოდის სახლი ხელახლა დაიბადა. კოკოს გარდაცვალების შემდეგ ვერთჰაიმერებმა ბადერისგან დარჩენილი 20%-იც გამოისყიდეს და მას შემდეგ ფრანგული ბრენდი ამ ოჯახის სრულ მფლობელობაშია.

პიერის გარდაცვალების შემდეგ ის მისმა 55 წლის ვაჟმა ჟაქმა ჩაანაცვლა, რომელიც, როგორც დანა თომასი წერს, „კეთილი და სევდიანი კაცი იყო, რომელსაც ბიზნესი დიდად არ აინტერესებდა.“ მისი მმართველობისას შანელმა არსებობა განაგრძო, თუმცა განვითარება ვერა. 1974 წელს ბრენდს ჟაქის 25 წლის შვილი ალენი შეუერთდა, რომელიც ახლა მას ძმასთან ერთად უძღვება.

© Zimbio

მათი ბიზნეს სტრატეგია ძალიან კარგად იკვეთება კარლ ლაგერფელდის წლების წინ გაჟღერებულ ფრაზაში:

„მთელ ამ ბიზნესში ერთადერთი დიდებული პიროვნებაა და ის ალენ ვერთჰაიმერია. ის რომ არა, არაფერი გამოვიდოდა. ჩვენ შეთანხმება დავდეთ, ეშმაკის და ფაუსტის მსგავსად. ის ასი პროცენტით მხარში მიდგას. ამიტომ შემიძლია ვაკეთო ის, რაც მინდა, როცა ვფიქრობ, რომ ამას უნდა ვაკეთებდე  — მაშინაც კი, როცა მას პოლიტიკური ან კომერციული იდეა ეწინააღმდეგება.“  

კიდევ რა შეიძლება ითქვას უცნობ ძმებზე? ბევრი არაფერი, რადგან მათ ასე თავად სურთ. თუმცა ცნობილია, რომ ისინი საფრანგეთსა და კენტუკში ფერმებს, დოღის ცხენებს და მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ვენახს ფლობენ. Forbes-ის ამჟამინდელი მონაცემებით, მილიარდერთა სიაში ისინი 62-ე ადგილს იკავებენ. 73 წლის ალენი ცოლთან და სამ შვილთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს, 70 წლის ჟერარი კი – ჟენევაში, ცოლთან და ორ შვილთან ერთად. როგორც The New York Times-ის სტატიაშია აღნიშნული, ისინი ისე ცხოვრობენ, როგორც „ძველი მსოფლიოს არისტოკრატები.“