მაიკლ კორსი მოდის ახალი წამყვანი კონგლომერატის ჩამოყალიბების გზაზე დგას. მაშინ როცა ევროპაში უკვე არსებობს მდიდრული ბრენდების ისეთი გამაერთიანებელი ჯგუფები, როგორებიცაა: ელვიემეიჩი და ქერინგი, ამერიკას ასეთი მძლავრი გაერთიანება არ ჰყავს. ერთი სახელის ქვეშ მოქცეული განსხვავებული მემკვიდერობის და შემოქმედებითი მიმართულების მქონე მაღალი მოდის ბრენდები, რომელთა შორის კავშირი შეიძლება მხოლოდ საზოგადოებასა და კულტურის ჩამოყალიბებაზე არსებული დიდი გავლენა და ფართოდ გავრცელებული სახელი იყოს, ამერიკისთვის უცხოა. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით დიდი ნაბიჯი მაიკლ კორს ჰოლდინგსიდან, რომელიც ახლა უკვე კაპრი ჰოლდინგსად იწოდება, ვერსაჩეს მოდის სახლის შეძენა. ვერსაჩეს მხრიდან კი დამოუკიდებლობაზე უარის თქმა, იტალიური ფესვების უგულებელყოფა და უკვე შემდგარის და მოწინავე პოზიციაზე მყოფის ნაცვლად, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ, თუმცა მიზანდასახულ ჯგუფთან შეერთება მოულოდნელი არჩევანი. მაგრამ თუ საკითხს უფრო ჩავუღრმავდებით, შეიძლება არც ისე გასაკვირად მოგვეჩვენოს ეს გადაწყვეტილება.

ევროპელი დიზაინერების მიერ კომპანიების გაყიდვის ტენდენციას, რომელსაც ბოლო პერიოდში თომ ბრაუნი და დრის ვან ნოტენიც მიჰყვნენ, არც ვერსაჩე ჩამორჩა. მისი გარდაქმნის მცდელობას ბოლო რამდენიმე სეზონია ისედაც ვხედავთ. ქუჩის სტილის ელემენტების შეტანა წმინდა გლამურის, ფუფუნების იდეის მატარებელ ბრენდში მას უკვე აახლოვებს ამერიკასთან, ამავდროულად ერგება მომხმარებლების ახალ მოთხოვნილებებსაც. ‘ახალი გლამური,’ რომლის დამკვიდრებასაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მოდაში მიმდინარე მოვლენებმა ასე შეუწყო ხელი და რომელიც აღარ ცდილობს შეესაბამებოდეს სრულყოფილებაზე არსებულ გავრცელებულ წარმოდგენას, ვერსაჩეს მოდის სახლისთვისაც აშკარა სამიზნედ იქცა. თუმცა არა მისი გამოხატვის უკიდურესი ფორმით, არამედ ბრენდის საწყისებთან მისი თვისებების შერწყმით. დონატელას თავისი ძმის დაფუძნებული კომპანია ახალი მიმართულებით მიჰყავს. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაიკლ კორსმა 2.12 მილიარდი დოლარი ამ მიმართულების მიმზიდველობაში გადაიხადა, არამედ სახელში, რომელიც პირველ რიგში მის პრესტიჟს გაზრდის და ხელს შუწყობს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ამ შენაძენით ასეთი ნათელი გახდა. კაპრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჯონ აიდოლი ვერსაჩეს შემოსავლის ზრდას ორ მილიარდ დოლამდე იმედოვნებს. მაშინ როცა, გავრცელებული ცნობით, ვერსაჩესთვის ტანსაცმელს მეტი შემოსავალი მოაქვს, ვიდრე აქსესუარებს, უნდა ვივარაუდოთ თუ რა კატეგორიას მიაქცევს უფრო დიდ ყურადღებას ახალი ხელმძღვანელობა და როგორ შეეცდება აღნიშნული მიზნის მიღწევას. აქსესუარები მაიკლ კორსისთვის ფუნდამენტურია და შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. მაგრამ რა არის ვერსაჩეების ოჯახის მოტივები? ამერიკისკენ მისწრაფებაზე მეტყველებდა ის ფაქტიც, რომ გასული წლის დეკემბერში ბრენდის პირველი რესორტ ჩვენება სწორედ შეერთებულ შტატებში გაიმართა.

მოდის სახლის გაყიდვა დიდი ხნით ადრე გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომ დონატელა თავის შემცვლელ დიზაინერს ეძებდა. შესაძლოა ფინანსურად სტაბილური მდგომარეობის ფაზაში მყოფი კომპანიის გაყიდვა იმაზეც მიანიშნებდეს, რომ ვერსაჩეში მალე ახალი ერა დაიწყება, ვერსაჩეების მინიმალური ჩარევით, ისიც დარჩენილი მცირე წილის დამსახურებით. მაგრამ ამ ეტაპზე კვლავ დონატალა ინარჩუნებს შემოქმედებით კონტროლს. გენერალური დირექტორის პოზიცია დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კვლავ ჯონათან აკეროიდს ეკავება. დონატელა ჯონ აიდოლს „ძლიერ და თავის საქმეზე შეყვარებულ“ ლიდერად მოიხსენებს, რომელსაც, როგორც თავად აღნიშნავს, ყოველთვის აფასებდა, ამასთან ერთად აღიარებდა მის გამორჩეულ ხედვასაც. ბოლოს კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს მაღალი ფასი. ის, რაც კორსმა გაიღო, 2,5-ჯერ აღემატება ვერსაჩეს მიმდინარე შემოსავალს. საკულტო სახელი და მემკვიდრეობა მაიკლ კორსმა სათანადოდ დააფასა.

„ჩემი სურვილი უფრო ძლიერი არასდროს ყოფილა. ახლა საუკეთესო დროა ჩვენი კომპანიისთვის, რომელიც კრეატიულობას და ინოვაციას ყველა თავის ქმედებაში ავლენს,“ – განაცხადა დონატელამ.

გადაწყვეტილება შეიძლება ჩავთვალოთ გასაოცრად და ნოვატორულადაც კი, თუმცა იქნება თუ არა შედეგიც ასეთივე ამას უკვე დრო გვიჩვენებს.